... ... დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა - პრემიერი

დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა - პრემიერი

დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლა რომ არა, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა.

„ყველას გახსოვთ 2011 წელი, სრული უიმედობა, ავტორიტარიზმი, არჩევნების გაყალბება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, მიტაცებული მედია, ომი და დაკარგული ტერიტორიები. სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ძლიერი მფარველობით სარგებლობდა და რომლის შეცვლის იმედი საზოგადოებას უკვე სრულად ჰქონდა დაკარგული. სწორედ ამ დროს საზოგადოების წინაშე წარსდგა ადამიანი, რომელიც მანამდე ჩუმი ქველმოქმედებით იყო ცნობილი. 535 ეკლესიისა და მონასტრის აღდგენა-რესტავრაცია, 400-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა, ქართული ჯარის და პოლიციის მასშტაბური აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, 300 კილომეტრზე მეტი დაგებული გზა და ხიდების რეაბილიტაცია, მასშტაბური პროექტები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და აღჭურვა, საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობა, რომლის მომსახურებითაც ყოველწლიურად 45 000 მოქალაქე სარგებლობს, თბილისის ზაქარია ფალიშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის, თბილისის ფილარმონიის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, უნიკალური საკონცერტო სივრცის – „ბლექსი არენის“ მშენებლობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სხვა მუზეუმების, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის, მრავალი თეატრის, კულტურის ცენტრის, გასართობი პარკის, კინო-თეატრისა და ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. უამრავი სახელოვნებო პროექტის, ფესტივალის, კონცერტის, გამოცემის, სამეცნიერო კვლევისა და ექსპედიციის დაფინანსება. 14 სპორტული ფედერაციისა და ექვსი კლუბის ეკიპირება და ფინანსური მხარდაჭერა, რაგბის განვითარებისთვის გაღებული 100-მილიონიანი ინვესტიცია და ათი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, საფეხბურთო სტადიონებისა და ბაზების რეკონსტრუქცია, დიდველის სამთო-სათხილამურო კომპლექსის შექმნა, ხელოვნებისა და სპორტის ასობით მოღვაწის სისტემატური მხარდაჭერა, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების რეაბილიტაცია, მრავალი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. ეს იმ საქმეთა მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელიც ერთმა ადამიანმა საკუთარი სამშობლოსთვის მხოლოდ 2012 წლამდე აკეთა. მის მიერ დღემდე განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების სრული ჩამონათვალი ბევრად უფრო ვრცელია, თუმცა ასეთი მასშტაბის ქველმოქმედების ფონზეც კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის მთავარი ქველმოქმედება მაინც მისი პოლიტიკური ქველმოქმედებაა.

ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლა რომ არა, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა, კვლავაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნებოდა ხელისუფლების მიერ ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ერთი ხელიდან მართული მედია, არჩევნების გაყალბება, ომი და ნგრევა. ამ ადამიანის გროსმეისტერული უნარი რომ არა, რომლის წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ მთელი ამ წლების მანძილზე ბეწვის ხიდზე იარა, რათა მშვიდობა, დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა. დღეს რომ საქართველო არის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო, დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.