... ... hotnews.ge - არჩევნები 2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრის განმავლობაში ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება, შესაბამისად, აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

„თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მოისმინა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს პროცესზე ობიექტური და რეალურად ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიების არსებობის მნიშვნელობა და როლი“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრის იმიტირებული პროცესია მოწყობილი, 47 000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რაც ამ სიახლის ფონზე მაღალი გამოხმაურებაა - გიორგი კალანდარიშვილი

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, კონკრეტულ აქტივობებს ცენტრალური საარჩევნო კომისია განაგრძობს.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მოსახლეობის ინტერესი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მაღალია:

„იმ საარჩევნო უბნებზე სადაც კენჭისყრის იმიტირებული პროცესია მოწყობილი, რეგისტრირებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 47 000-ზე მეტი დაინტერესებული პირი, რაც ამ სიახლის ფონზე არის მაღალი გამოხმაურება. ამ პროექტის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება მასშტაბები და არჩევნების დღემდე განხორციელდება ისეთი ფართომასშტაბიანი კამპანიები, რომლებიც ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფარავს ამომრჩევლების ძალიან დიდ რაოდენობას, რაც ქართული არჩევნების ისტორიაში უპრეცედენტო იქნება. მივმართავ ყველა ამომრჩეველს, პოლიტიკურ პარტიებს, სხვა ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ ინსტიტუციას ამომრჩევლებამდე ინფორმაციის მიტანაში“

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

ცესკომ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო.

ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი.

„ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს საშუალება პირადად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და არჩევნებამდე გაეცნოს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად დაინტერესდნენ, დღეისათვის 47 000-ზე მეტ ამომრჩეველს აქვს გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნული კამპანია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

პროექტი 6 - 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება.

„მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ - ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი“, - აცხადებენ ცესკოში.

ცესკო-მ ISO 9001:2015-ის ფარგლებში, მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. როგორც ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

„ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკო-მ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი: „საარჩევნო პროცესში მუდმივად ინერგება სიახლეები და დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად მიეწოდებათ ხარისხზე ორიენტირებული, გამჭირვალობისადმი მიმართული მომსახურება.  აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს გაუმჯობესებაზე და ახორციელებს მთელ რიგ ინოვაციურ პროექტებს“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითიც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 მოთხოვნებს“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

 

ვითხოვთ სამართლიან თამაშს არა მარტო ფეხბურთში, არამედ მომავალ არჩევნებზე საქართველოში - PACE-ის პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს EURO-2024-ზე პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლა მიულოცა, რასაც PACE-ის პრეზიდენტიც შეუერთდა და ამასთან, აღნიშნა, რომ "სამართლიანი თამაში" მომავალ არჩევნებზეც უნდა იყოს.

„მე დავამატებ ჩემს მილოცვას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიმართ. რადგან დავინახე რომ პორტუგალიის წარმომადგენელი აქაა, თავი შევიკავე... ვითხოვთ, სამართლიან თამაშს არა მარტო ფეხბურთში, არამედ მომავალ არჩევნებზე საქართველოში”,- განაცხადა PACE-ის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა.

ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს - USAID-ის მაღალჩინოსანი

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაქიი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის გზაზე.

„კავკასიაში ჩვენ ამჟამად ახალ გამოწვევებს ვუპასუხებთ, მაგრამ ვხედავთ ახალ შესაძლებლობებსაც“, - განაცხადა ელჩმა მაქიიმ 26 ივნისს ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე.

„საქართველოში ფოკუსირებულნი ვართ იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ გზაზე და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ოქტომბერში და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ დაიბრუნებს ევროკავშირში ინტეგრაციის იმპულსს“, - განაცხადა მან.

„მმართველი პარტიის მიერ უცხოეთის აგენტების კანონის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და ხაზს უსვამს USAID-ის დახმარებას იქ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა ელჩმა მაქიიმ.

იმავე მოსმენაზე ჯიმ ო'ბრაიენმა, სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ხელს უშლის ევროინტეგრაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული.

„საქართველოს კონსტიტუციაში, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიღებულ რედაქციაში წერია, რომ ქვეყანას სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ევროკავშირმა ამ კვირაში და ჩვენც, არაერთხელ, საჯაროდ და პირადად, განვუმარტეთ, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ჩინური კომპანიისათვის პორტის კონტრაქტის ფორმულირება, - ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“, - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.

ლჩმა მაკკიმ ასევე განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში, საქართველოს გარდა, USAID-ი ფოკუსირებულია სომხეთის დახმარებაზე:

„სომხეთში ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ რეფორმირებას, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავზარდოთ მდგრადობა საგარეო საფრთხეებისგან დასაცავად“, - თქვა მან. კავკასიაზე საუბრისას ელჩმა მაკკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ აძლიერებს მუშაობას „შუა დერეფანზე“, რაც, მისი სიტყვებით, არის „მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან, რაც ახდენს საქონლისა და სერვისების მიწოდების დივერსიფიკაციას და ამცირებს რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანზე გამავალ გზებზე“.

2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა.

პროტესტი გრძელდება.

კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

წყარო: რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია კვოტების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების ახალ წესს აკრიტიკებს

ვენეციის კომისიამ დღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა - ერთი ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გენდერული კვოტების გაუქმებაზე, მეორე კი - ცვლილებებს ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესზე.

ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე და არ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება.

კომისია მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ 2020 ცვლილებებით, რომლებიც გენდერულ კვოტირებას ეხებოდა, შესაბამისობაში იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კოდექსში მსგავსი ცვლილებები კი "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონის სტაბილურობის კუთხით".

კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ხშირი შეტანის პრაქტიკა საფრთხის შემცველია და ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და სახელმწიფოს ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ მიიღონ ისეთი სპეციალური დროებითი ზომები პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახლა შემოღება ისე, რომ არჩეული ქალების პროცენტული რაოდენობა არსებითად გაიზარდოს.

რაც შეეხება მოსაზრებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ხელისუფლებამ მათი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, თუნდაც ნაწილობრივ.

2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტით შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი - შემოღებულ იქნა მათი არჩევის პროცესში 3/5-იანი კვორუმი. ასევე, ცვლილებებით გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

მოსაზრებაში ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მიღებული ცვლილებები არასაკმარისია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესი, რაც ვენეციის კომისიის შეფასებით, გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.

ვენეციის კომისიის თანახმად, წუხილი ასევე უკავშირდება ანტი-ჩიხურ მექანიზმსაც, რომლის თანახმადაც ვაკანტური პოზიციების შევსება ორი დამატებითი რაუნდით ხდება, რომლითაც შესაძლებელი ხდება კანდიდატები უბრალო უმრავლესობით აირჩიონ, შესაბამისად კი,კომისიის შეფასებით, ეს იწვევს რისკს რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად და მარტო აირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (უპარტიო) წევრებსა და თავმჯდომარეს.

ვენეციის კომისია დამატებით გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს ცვლილებები, საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში იქნა მიღებული.

ცესკო-ს თავმჯდომარე სახალხო დამცველს საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა.

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოს საარჩევნო ადმინისტრატორებზე ზეწოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ როდესაც ჯანსაღი საარჩევნო გარემო, თავის მხრივ, მშვიდ და თავისუფალ გარემოში საქმიანობის წარმართვაში მდგომარეობს. განვიხილეთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განვლილი პერიოდის განმავლობაში გამოავლინა. ვიმსჯელეთ იმ საკომუნიკაციო არხის ფორმირებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ასეთი შემთხვევების პრევენციას, მეორე მხრივ კი, კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებას ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს,  ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევა, ამაზე საუბარია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის, საერთაშორისო აიდეას დოკუმენტში (International Idea), სადაც აღნიშნულია, რომ 53 გამოკითხული ქვეყნიდან 92%-ის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციები იყვნენ მსხვერპლი ცილისწამების, სიძულვილის ენის, ზეწოლის, ცრუ და დეზინფორმაციული საინფორმაციო კამპანიების. ჩვენ გვმართებს შევქმნათ გარკვეული მინიმალური გარანტიები თანამშრომლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ საქმიანობას თავისუფალ და მშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოახლოვდა არჩევნები და არჩევნების პერიოდში – როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს და შემდგომ – მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატს კოორდინაცია ჰქონდეს ცესკო-სთან, რათა იმ სავარაუდო უფლებადარღვევებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას, ჩვენ გვქონდეს დროული რეაგირების შესაძლებლობა, მივიღოთ დროული ინფორმაცია. შევთანხმდით ასეთი საკომუნიკაციო არხის შექმნაზე. ასევე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაც ჩატარდება არჩევნები და ამ მიმართულებითაც ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, რამდენად მნიშვნელოვანია  საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მისცეს ხმა“, -აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნოდარ მელაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე  თამარ გვარამაძე, წარმომადგენლები ლიკა წიკლაური და ნინო ათაბეგაშვილი.

პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა - ცესკო

მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნებს გამოეხმაურა.

„გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები, „ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში“ და ამ ცვლილებებით „აღნიშნული კომისია (ანუ ცესკო) გამოდის ერთპარტიული“.

უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება, სადაც მმართველ პარტიას ჰყავს ერთი წევრი, ხოლო დანარჩენი 8 წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არც დღეს არსებული დაკომპლექტებიდან გამომდინარე, არც მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია.

შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ასეთი უსაფუძვლო შეფასებები შესაძლოა, ემსახურებოდეს იმ საერთო ნარატივს, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, რაც გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს უარის თქმად პროცესში ნეიტრალურ როლზე. მიუღებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საუბრობდეს და თუნდაც ირიბად ეჭვქვეშ აყენებდეს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის მიუკერძოებლობას და თავს არიდებდეს და საერთოდ არ ახსენებდეს რეალურ პრობლემას, რაც დაფიქსირებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტებში, სწორედ ცესკოს პარტიული წევრების პოლიტიკური მიკერძოების კონტექსტში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება არაერთ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ, ამ მიმართულებით არასწორი აღქმების შექმნის მცდელობა, არჩევნების წინ, მიუღებელი და გაუგებარია. არჩევნები საერთო საქმეა და ყველა ინსტიტუციას, ასევე ჩართულ მხარეებს, კომპეტენციების შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად და არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ცესკოსა და სწავლების ცენტრის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების,  რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) საინფორმაციო-სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო.

პროექტი, რომლის მიზანიც საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადამზადება და კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდაჭერაა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა სწავლება პროფილურად შერჩეული კურსის მიხედვით გაიარეს, მათ შორის ჩატარდა კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის და კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები; ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა. სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გაკეთდა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვის პრინციპებს.

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ სწავლების ცენტრის მიერ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით, გადამზადებულმა 170-მა ტრენერმა ჩაატარა. პროექტი 2024 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა.

ცესკო ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა დეზინფორმაციული განცხადებები.

„ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი.

ცესკო არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოლეგიური ორგანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები თუ შეფასებები პოლიტიკურ გაერთიანებებთან აფილირების შესახებ, რომელიც სიუჟეტში არაერთხელ გაკეთდა, ერთადერთ მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს - კომისიის დისკრედიტაციას. ზემოხსენებულ სიუჟეტში როგორც ჟურნალისტის, ასევე ცესკოს ზოგიერთი იმ წევრის მხრიდან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული, გაკეთდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს ცესკო იცავს ხელისუფლების ინტერესებს, საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს სხვა ინსტიტუცია და არა ცესკო და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჟურნალისტის, ისე ცესკოს ზოგიერთი წევრის განცხადებები ნათლად ადასტურებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ამოცანა ამომრჩევლებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის დათესვაა, შემდგომში ამ უნდობლობის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოსაყენებლად. როგორც ჩანს, ცესკოს საქმიანობაზე პოლიტიკური დღის წესრიგის თავსმოხვევის შეუძლებლობის გაცნობიერების შემდეგ, აღნიშნული პირები გადავიდნენ პროცესის დისკრედიტაციის და დაზიანების დაუფარავ დღის წესრიგზე, რაც მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით, ვინაიდან კომისიის წევრი არ უნდა წარმოადგენდეს დამნიშნავ პოლიტიკურ პარტიას, არამედ იგი უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი კომენტარისა თუ განმარტებისთვის არც კი დაკავშირებია ცესკოს, მიუხედავად იმისა რომ საყოველთაოდ ცნობილია საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა - ყოველთვის ამომწურავად უპასუხოს მედიის კითხვებს. ეს გარემოებაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მიზანმიმართულად გავიდა სიუჟეტი ცესკოს პოზიციისა თუ განმარტებების გარეშე.

ამასთან, გვინდა მოკლედ შევეხოთ სიუჟეტში ნახსენებ იმ ფაქტობრივ უზუსტობებს, რომელიც უშუალოდ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეხება:

დეზინფორმაცია ე.წ. „კარუსელებთან“ დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ცდილობენ საკითხი წარმოაჩინონ ისე, თითქოს არჩევნების დღეს შესაძლებელია ე.წ. „კარუსელების“ განხორციელება. თუმცა ამ მტკიცების პარალელურად ავტორი თავადვე აღიარებს, რომ ელექტრონული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენის უბნიდან გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ბიულეტენზე დატანილია ე.წ. QR კოდი და კონკრეტული საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ ბიულეტენს სხვა უბნის ხმის მთვლელი აპარატი არ მიიღებს. ამავდროულად, ბიულეტენზე რამდენიმე მონიშვნის შემთხვევაში, ბიულეტენი ბათილია. გარდა ამისა, ბიულეტენის ზომიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი საარჩევნო უბნიდან გატანა და ამით რამენაირად მანიპულირება.

დეზინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ირწმუნებიან, რომ ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით მანიპულაცია განხორციელდება. როგორც ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სიუჟეტში ამბობს: „ცესკო გვეუბნება, რომ მე ამოვბეჭდავ იმ აპარატიდან სიას და კედლის სიას დაადარეთო, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩაამატო იქ ეს სია დაამატო იქ ათი კაცი რა... თუ ინტერნეტში ჩართე ეს აპარატი უკვე დისტანციურად შეიძლება ყველაფრის გაკეთება, კოდის შეცვლა, სიის ჩამატება ანუ ნებისმიერი გადანაცვლება შეგიძლია...“

სხვა პარტიის წევრი კი ამბობს, რომ „თეორიულად შესაძლებელია, რომ პირი იყოს დუბლირებული რამდენიმე უბნის სიაში მხოლოდ თეორიულად, ერთ უბანზე თუ აპარატი მეორედ ხმის მიცემის შემთხვევაში სიგნალს გამოსცემს სხვა უბანზე გამომდინარე იქიდან, რომ იქ სხვა უბნის სიაა ამ სიგნალს არ გამოსცემს და თეორიული შანსი ამისა არსებობს“.

გარდა ამისა, რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტივობას მმართველი პარტია და ცესკო ხედავს. მაშინ როდესაც, ამომრჩეველთა აქტივობა საჯაროა, პერიოდულად ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე და მასზე წვდომა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

რეალურად კი, ვერიფიკაციის აპარატი ინტერნეტთან კავშირში არ არის და არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც იქ ჩატვირთული სიის შეცვლას გახდის შესაძლებელს. ვერიფიკაციის აპარატის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია „პრო ვი ენდ ვიმ“. მათ დასკვნაში ნათლად წერია, რომ ერთი პირის სხვადასხვა უბანზე დუბლირება შეუძლებელია, ვინაიდან პირს აქვს მხოლოდ ერთი უნიკალური პირადი ნომერი და პროგრამა თეორიულადაც კი არ იძლევა პირის სხვა უბანზე ჩაწერის შესაძლებლობას. ამას გარდა, პროცესში როგორც დამატებითი მექანიზმი, კვლაც შენარჩუნებულია მარკირების პროცედურა. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ საარჩევნო უბანზე ამოიბეჭდება სია და გაიკვრება ე.წ. კედლის სიის ვერსიასთან ერთად, პოლიტიკურ გაერთიანებებს ნებისმიერ დროს აქვთ კომისიიდან სიების გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ დამატებითი მექანიზმია იმისთვის, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, კომპლექსურად მოახდინონ სიების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, მათ შორის ამ რეპორტაჟში მონაწილე ცესკოს წევრებისთვის, თუმცა როგორც ჩანს საარჩევნო პროცესის სანდოობაზე მაღლა ისინი პოლიტიკურ ინტერესებს აყენებენ და რიგ შემთხვევებში თეორიებითა და ვარაუდებით ცდილობენ არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნას.

დეზინფორმაცია გადასატან ყუთსა და სპეციალურ სიებთან დაკავშირებით:

სიუჟეტში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თუ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანები მივლენ საარჩევნო უბანზე, ვერიფიკაციის აპარატი სიგნალს არ გამოსცემს. იმავეს ამტკიცებს ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით. ამბობს, რომ თუ კომისიის წევრი ეცდება იმ უბანზე მისცეს ხმა, სადაც რეგისტრირებულია, აპარატი ხმას არ გამოსცემს.

რეალურად და პრაქტიკიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად ხმას აძლევენ იმ უბანზე, სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მივა უბანზე, სადაც რეგისტრირებულია მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აპარატი გამოსცემს ხმას და მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული პირი სპეციალურ სიაშია. გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება მარკირების პროცედურა, რაც დაცვის კიდევ ერთი მექანიზმია.

ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულისგან და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად, რაც თავის მხრივ მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია. აღნიშნული წესით, ასევე 17 წევრისგან შედგება ქვემდგომი საარჩევნო კომისიებიც საარჩევნო პერიოდში, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფილია როგორც დაკვირვების, ისე უშუალოდ ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. დაკვირვების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აქვთ ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებსა და არჩევნებისთვის აკრედიტებულ მედიას.

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის კომისიის ზოგიერთმა წევრმა, ხელი შეუწყოს არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, პროცესის დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახუროს. ამასთან, ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და გარემოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარია ჩვენი სერვისი,, თანაბრად შევთავაზოთ როგორც ქვეყანაში, ასევე უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს - ცესკოს თავმჯდომარე

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სერვისები რასაც ინსტიტუცია ახორციელებს თანაბრად იყოს შეთავაზებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში მყოფი ამომრჩევლისთვის, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

"იმ მიზნით, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა სრულფასოვნად მიიღოს ორი უწყება - ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ვურჩევდით, რომ მათ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია მიიღონ ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა.