სირიელი აჯანყებულები დამასკოში შევიდნენ - ასადმა ქვეყანა დატოვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიელი აჯანყებულები დამასკოში შევიდნენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ ორ სირიელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა და თვითმფრინავით დაუდგენელი მიმართულებით გაემგზავრა. ისლამისტური დაჯგუფების „ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის“ განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილი პრემიერის მართვის ქვეშ დარჩება მათ ოფიციალურ გადაბარებამდე.

„ეს არის ბნელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი“, – აცხადებენ აჯანყებულთა ძალები ტელეგრამ არხით გავრცელებულ მიმართვაში. ისინი უახლოეს დროში სატელევიზიო მიმართვას გეგმავენ. ასევე მათი განცხადებით, მათ გაათავისუფლეს პატიმრები საიდნაიას ციხიდან, სადაც გავრცელებული ცნობებით, ათასობით ოპოზიციონერი იყო დაკავებული და ნაწამები. 

ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა. მანამდე, 1971 წლიდან ქვეყნის სათავეში მამამისი ჰაფეზ ასადი იყო. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.