ამერიკულმა თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები

სირიელი მეამბოხეების მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს ექსტრემისტული დაჯგუფების, ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 8 დეკემბერს სირიის ცენტრალურ ნაწილში დაბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ 75-ზე მეტი ობიექტი.

სარდლობის განცხადებით, წერტილოვანი დარტყმების მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში შექმნილი არასტაბილური სიტუაციით სარგებლობის აღკვეთა.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები В-52, F-15 და A-10.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ მაიკლ კურილას განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ არ მისცემენ აღორძინების და სირიაში შექმნილი სიტუაციით სარგებლობის უფლებას.

ამერიკელმა გენერალმა სირიაში მოქმედი ყველა დაჯგუფება გააფრთხილა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის, ან ნებისმიერი სახით მხარდაჭერის შემთხვევაში, პასუხი მათაც მოეთხოვებათ.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი 8 დეკემბერს დაამხო მეამბოხე ისლამისტების დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა"(HTS), რომელიც მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.

სირიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები.

ოპოზიციური გაერთიანებების გარდა, შეიარაღებულ კონფლიქტში მხარდამჭერ ადგილობრივ ჯუფებთან ერთად ჩაერთნენ მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული „ალ-ყაიდა" და „ისლამური სახელმწიფო".

13-წლიანი ომის შედეგად დაღუპულია 500 000-მდე ადამიანი, მათ შორის 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ათასობით დაიღუპა ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

ომის დაწყებამდე სირიის მოსახლეობა 16,5 მილიონი იყო. 6,5 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ გაიქცა.