სამხრეთ კორეაში გადაყენებული პრეზიდენტის დაკავება სცადეს

პარასკევ დილას, 3 იანვარს სამართალდამცავებმა სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაპატიმრება სცადეს. ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდნენ, თუმცა რამდენიმე საათში „კორუფციის გამოძიების სამსახურმა“ განაცხადა, რომ „დაპატიმრების ორდერის აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა მიმდინარე დაპირისპირების გამო“. ადგილობრივი მედიის ცნობით, დასაკავებლად მისულებს, ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებს, ადმინისტრაციაში გამაგრებული დახვდათ ჯარისკაცები, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს ემორჩილებიან.

სამართალდამცავი ორგანოს განცხადებითვე, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ „ადგილზე მისული პერსონალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე" და  განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს - თუმცა რას, არ დაუზუსტებია. დაკავების ორდერს ვადა 6 იანვარს გასდის.

ამას წინ უძღოდა 2024 წლის 31 დეკემბერს სეულის საოლქო სასამართლოს მიერ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერის გაცემა.

მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სოკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს.