ინტერპოლმა ვლადიმირ პლახოტნიუკი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა

 მოლდოველი ოლიგარქი, დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ 15 თებერვალს სოციალურ ქსელებში მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვერონიკა დრაგალინამ განაცხადა. პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაშია კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის, თაღლითობის, ფულის გათეთრების, ასევე ძალაუფლებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

აღსანიშნავია, რომ წითელი ცირკულარი არის საერთაშორისო შეტყობინება პირის ძებნისა და დაკავების შესახებ, მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.

ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამჟამად ის ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფება.