Featured Articles
ენერგოსისტემის კოლაფსი ევროპაში - კიბერშეტევა თუ ტექნიკური ხარვეზი
- Details
- By rusa
გუშინ ესპანეთისა და პორტუგალიის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია მოხდა - ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ანდორას და საფრანგეთის ნაწილსაც, რამაც გამოიწვია მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობის შეჩერება, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები. დაცარიელდა სუპერმარკეტებში სასურსათო დახლები. ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ დროისთვის ესპანეთსა და პორტუგალიაში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ესპანეთის ენერგოკომპანია REE-ს ინფორმაციით, ენერგომომარაგება განახლებულია 87,37%-ით, ხოლო პორტუგალიის ენერგოკომპანია REN-მა გასულ ღამით განაცხადა, რომ ქსელში ჩართეს 89-დან 85 ქვესადგური.
პორტუგალიის ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეწყვეტამდე ესპანეთის ელექტროსისტემაში ძაბვის ანომალიური მერყეობა დაფიქსირდა. ესპანური მხარის ცნობით, პრობლემა წარმოიშვა საფრანგეთთან დამაკავშირებელ ქსელზე, რამაც „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება კიბერშეტევა ყოფილიყო, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით ამის ნიშნები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორშაბათს დაინიშნა ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოიძიონ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ ძალიან ადრე იყო უშუქობის ნამდვილი მიზეზის დადგენა და ახლა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრაზე უნდა იმუშაონ.
