Featured Articles
თურქეთის სამაუწყებლო მარეგულირებელმა პოპულარულ ტელეარხ Sözcü TV-ის მაუწყებლობა 10 დღით აუკრძალა, კიდევ სამ ტელევიზიას კი სანქციები დაუწესა - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი არხის მიერ თურქეთში მიმდინარე პროტესტის გაშუქებაა.
თურქეთის რადიო და ტელემაუწყებლობის უმაღლესმა საბჭომ (RTÜK) სანქციების შესახებ 26 მარტს განაცხადა, რომ Sözcü TV-ს კი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელი დაეკისრა. 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში ტელეკომპანია ვალდებულია, მთლიანად შეაჩეროს მაუწყებელობა, არხზე კი მხოლოდ შავი ფონი გავიდეს, რომელზეც მარეგულირებლის გადაწყვეტილების შესახებ ეწერება ინფორმაცია.
RTÜK-ის საბჭოს წევრი, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ ტელევიზიას მაუწყებლობა აეკრძალა პირდაპირ ეთერში სტამბოლში, ანკარასა და იზმირში მიმდინარე დემონსტრაციების გაშუქებისთვის. მაუწყებლის გადაწყვეტილებით, რეპორტაჟებზე დართული კომენტარები საზოგადოებაში შუღლსა და სიძულვილს აღვივებს.
გადაწყვეტილება საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობითაა მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ Sözcü TV-ს მარეგულირებელი დარღვევას კიდევ ერთხელ აღმოუჩენს, შესაძლებელია, არხს ლიცენზია ჩამოერთვას.
სანქციები დაუწესდათ ასევე Halk TV-სა და Tele 1-ს, რომლებმაც კონკრეტული სატელევიზიო პროგრამის 5 მომდევნო გამოშვების ეკრანიზაცია აეკრძალათ. ამ არხებს ასევე დაეკისრათ ჯარიმა, თვიური სარეკლამო შემოსავლის 5%-ის ოდენობით. RTÜK-ის განმარტებით, ორივე არხმა ოპოზიციონერი ლიდერის, ოზგურ ოზელის მიმართვა გააშუქა, რომელშიც ოზელი მთავრობას აკრიტიკებდა და მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, რაც საზოგადოებრივ განხეთქილებას უწყობს ხელს.
- Details
- By rusa
უკრაინის მმართველობა განისაზღვრება ხალხით და კონსტიტუციით, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღებას ეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.
მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც გზას გაუხსნის ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის.
- Details
- By iaiaia
ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესადემოკრატიის შელახვის, შიდა რეპრესიებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო.
ახალი სანქციები ვრცელდება სულ 25 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბელარუსში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვაზე, რეპრესიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად.
სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისი თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები, რომლებმაც ჩაატარეს ფსევდო-საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალში. ევროკავშირის ახალი სანქციები ასევე ეხება 9 მოსამართლეს, რომლებმაც გამოუტანეს პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელები, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს.
სანქციების სიაში მოხვდა ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებული ბელარუსული კომპანიებიც, მათ შორისაა, Lukovitsa-Bel, რომელიც ასევე დაკავშირებულია გერმანელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს იორგ დორნაუსთან.
მთლიანობაში, 2020 წლის პროდემოკრატიული პროტესტის ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის შემაკავებელი ზომები ვრცელდება 310 ფიზიკურ და 46 იურიდიულ პირზე.
- Details
- By Sali
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია. "ბუკინგემის სასახლის" განცხადებით, ამის მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა.
მეფე ჩარლზ მესამეს მოუწია სამ ელჩთან შეხვედრის გადადება და საჯარო ღონისძიებების გაუქმება.
დიდი ბრიტანეთის მონარქს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლეს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.
- Details
- By rusa
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების ორგანოები არალეგიტიმურია. პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი გარე მმართველობა უნდა დამყარდეს.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ 27 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობებით, ატომური წყალქვეშა ნავის, „არხანგელსკის“ მეზღვაურებთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა, ქვეყნის კონსტიტუციით კი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს პრეზიდენტი ნიშნავს, ამიტომ თუ პრეზიდენტი არალეგიტიმურია, ლეგიტიმაცია არ აქვთ სხვებსაც.
„ამიტომ, გაუგებარია ვისთან უნდა მოეწეროს ხელი რაღაც დოკუმენტებს და რა ძალა აქვთ მათ, რადგან ხვალ არჩევნებით მოვლენ სხვა ხელმძღვანელები“, - განაცხადა პუტინმა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა გამართულიყო. ქვეყნის კანონმდებლობით, საომარი მოქმედებების დროს არჩევნები არ ტარდება.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს გარე მმართველობის დამყარებას, მაგალითად, გაეროს ეგიდით და ასეთი პრეცედენტები არსებობდა აღმოსავლეთ ტიმორში, ახალ გვინეასა და ყოფილი იუგოსლავიის ნაწილებში.
პუტინის თქმით, პრინციპში შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის ქვეყნებთან და რუსეთის „პარტნიორებთან და მეგობრებთან“ განხილული იყოს უკრაინაში ასეთი დროებითი მმართველობის შესაძლებლობა.
პუტინის თანახმად, დროებითი გარე მმართველობა საჭიროა, რათა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს მთავრობა, რომელსაც ხალხი ენდობა და მასთან დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს.
პუტინმა ისიც თქვა, რომ მიესალმებიან უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას, მაგრამ არა რუსეთის ხარჯზე. მისივე განცხადებით, რუსი სამხედროები ფრონტის მთელ ხაზზე „სტრატეგიულ ინიციატივას“ ფლობენ და უკრაინის ჯარების საბოლოოდ განადგურება შეუძლიათ.
უკრაინის ხელისუფლებას პუტინის ამ განცხადებებზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 23 of 204