Featured Articles
მაჰაჩყალაში, მრავალბინიან სახლსა და მობილური კავშირის სალონში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა. პირველი აფეთქება მოხდა მრავალსართულიან სახლში მიკრორაიონ რედუქტორნიში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობაშია, მამაკაცს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აქვს.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქებით დაზიანდა რამდენიმე ბინა. მთლიანობაში ხელისუფლებამ 150-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ვიდეოზე ჩანს, რომ სახლში, სადაც მოხდა აფეთქება, დანგრეულია ფასადი, ჩამსხვრეულია მეზობელი საცხოვრებელი სახლებისა და ეზოში მდგარი ავტომანქანების მინები.
ხელისუფლებამ ინციდენტის მიზეზად დაასახელა გაზის აფეთქება. მერიაში იტყობინებიან, რომ სახლი, რომელშიც მოხდა აფეთქება, არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. მასში არ უნდა ეცხოვრათ ადამიანებს. უფრო მეტიც - შენობა შედიოდა უკანონოდ აგებულთა რეესტრში.
მოგვიანებით აფეთქება მოხდა მაჰაჩყალის მობილური კავშირის სალონში.
რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, სამის მდგომარეობა მძიმეა.
- Details
- By Sali
გამაგრილებელი სასმელების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა The Coca-Cola Company-მ მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე წარუდგინა.
ამჯერად, ამერიკულმა კომპანიამ აპარატულ უზრუნველყოფაზე იმუშავა და ისეთი გასაყიდი აგრეგატი, ე.წ. “ვენდინგ აპარატი” შექმნა, რომელიც მუშაობს არა დენზე, არამედ - წყალბადზე. იაპონურ Fuji Electric-თან კოლაბორაციით შექმნილი აპარატის დებიუტი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გასამართ World Expo 2025-ზე შედგება.
Coca-Cola-ს ახალი აპარატი დაახლოებით ისევე ფუნქციონირებს, როგორც წყალბადზე მომუშავე სხვა აგრეგატები, მათ შორის ავტომობილი, გემი ან თვითმფრინავი, მაგრამ მასშტაბი, ცხადია, განსხვავებულია. როგორც ირკვევა, აპარატში არსებულ გენერატორში წყალბადით აღვსილი კარტრიჯი იდება, რის შემდეგაც წყალბადის და ჟანგბადის რეაქციით ელექტროენერგია იქმნება, რომელიც ბატარეაში ინახება და აპარატს შესაბამისი ენერგიით ამარაგებს. გამომდინარე იქიდან, რომ წყალბადის კარტრიჯი, ისევე, როგორც გენერატორი უშუალოდ მოწყობილობაში არის დამონტაჟებული, თავად ვენდინგ აპარატი დიდი ზომისაა.
როგორც Coca-Cola-ში ამბობენ, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კომპანია ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს. გამაგრილებელი სასმელების გაყიდვების პროცესში წყალბადის ინტეგრირებით ამერიკულ კომპანიას ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება სურს, რათა Coca-Cola-მ 2050 წლისთვის დასახული გეგმა შეასრულოს და სრულად ნახშირბადნეიტრალური კომპანია გახდეს. ოსაკაში გასამართ გამოფენაზე კომპანია 58 აპარატით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით სხვადასხვა ადგილებში გამოჩნდება.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად წყალბადზე, რომელიც ბუნებრივი წიაღისეულის ერთ-ერთ ალტერნატივად ითვლება. ამ დროისთვის, წყალბადს საწვავად ყველაზე ხშირად ავტომობილებში და გემებში გამოიყენებენ, მაგრამ მასშტაბით, ის ახლოსაც ვერ მივა ტრადიციულ ენერგიის წყაროებთან. ამ მიმართულებით უდავო ლიდერია იაპონური Toyota, რომელმაც წყალბადზე მომუშავე ავტომობილი Mirai ჯერ კიდევ 2014 წელს წარმოადგინა. ამ მიმართულებით, Toyota გერმანულ BMW-სთანაც თანამშრომლობს.
- Details
- By iaiaia
თორმეტ საათს გაგრძელდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. შეხვედრა 24 მარტს გაიმართა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz Carlton-ში.
სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პროგრესი მიღწეულია და უახლოეს ხანში მოსალოდნელია დადებითი განცხადება. სააგენტოს რუსული წყაროს თანახმად, ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონში გაიგზავნა და სამშაბათს, 25 მარტს უნდა გამოქვეყნდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ „ამ კონტაქტების ზოგიერთ ასპექტზე“ მინისტრი სერგეი ლავროვი 25 მარტს ილაპარაკებს რუსეთის „პირველ არხთან“ ინტერვიუში.
საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ ამერიკული მხარე აცხადებდა, რომ მთავარი მიზანი იყო შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და გემების უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა მარცვლეულით და საწვავით ვაჭრობის ნორმალიზაციის მიზნით.
რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 23 მარტს, საუდის არაბეთის დედაქალაქში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება. მისი დასრულების შემდეგ კიევის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო და განიხილეს საკვანძო საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.
უკრაინის დელეგაცია ისევ საუდის არაბეთშია და დღეს, 25 მარტს აშშ-ის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი კონსულტაცია იგეგმება.
აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნების პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში 18 თებერვალს გაიმართა.
თითქმის ერთი თვის შემდეგ, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. ამ შეხვედრის შედეგად კიევი დაეთანხმა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ლიდერების შეთანხმებით, მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი.
ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას ესაუბრება ქვეყნის ელექტროსადგურების ამერიკული ფირმების მიერ ფლობის პოტენციალის შესახებ.
"იშვიათ მინერალებზე შეთანხმება შედგა. მალე მოვაწერთ ხელს. ახლა ტერიტორიაზე ვსაუბრობთ", - თქვა ტრამპმა საკუთარ კაბინეტთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში შეხვედრა შედგა. საუბრის თემა ძირითადად შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა იყო.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 25%-იან ტარიფს დაუწესებს იმპორტზე ყველა ქვეყანას, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ანდა გაზს ყიდულობს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის განცხადებით, ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპმა დაასახელა ვენესუელიდან აშშ-ში მიგრანტთა ნაკადი, რომელთა შორის, მისი თქმით, ათობით ათასი კრიმინალი და მოძალადეა.
„ჩვენ მათი ვენესუელაში დაბრუნების პროცესში ვართ – ეს დიდი ამოცანაა! გარდა ამისა, ვენესუელა ძალიან მტრულად იყო განწყობილი შეერთებული შტატებისა და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი თავისუფლებების მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ყიდულობს ნავთობს და/ან გაზს ვენესუელისგან, იძულებული იქნება, გადაიხადოს 25%-იანი ტარიფი შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ვაჭრობისთვის. ყველა დოკუმენტაცია ხელმოწერილი და რეგისტრირებული იქნება, ხოლო ტარიფი ამოქმედდება 2025 წლის 2 აპრილს, ამერიკაში გათავისუფლების დღეს“, – წერს დონალდ ტრამპი.
ვენესუელისგან ნავთობს თავად აშშ-ც ყიდულობს. როგორც „სიენენი“ ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, 2024 წელს აშშ-ს ვენესუელისგან 5,6 მილიარდი დოლარის ნავთობი და გაზი მიეწოდა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- "დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები" - ჯეი დი ვენსი
- თურქეთში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს - თურქეთის ჟურნალისტთა კავშირი
- ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები დაიწყო
- სტამბოლის დაპატიმრებული მერი ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს
Page 27 of 205