Featured Articles
სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ იმ დროს შეიკრიბნენ, როცა სტამბოლის მერი ერკემ იმამოღლუ თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგა. ეს იყო იმამოღლუს პირველი გამოჩენა სასამართლოში მას შემდეგ, რაც ის დააკავეს.
სასამართლოში იმამოღლუმ, სულ მცირე, 70 კითხვას უპასუხა და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
- Details
- By rusa
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, პარასკევს, თურქეთში დაწყებული მასშტაბური პროტესტის მესამე დღეს, საპოლიციო ძალებმა 343 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ: "არ იქნება არავითარი ტოლერანტობა მათთვის, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა მშვიდობასა და უსაფრთხოებას და მისდევს ქაოსსა და პროვოკაციას". იერლიკაიას განცხადებით, 300-ზე მეტი აქტივისტი სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიასა და სხვა ქალაქებში დააკავეს.
19 მარტს თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ერდოღანის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ექრემ იმამოღლუ დააკავა. ბრალდებები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას და ტერორისტებთან - თურქეთში აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირს ეხება.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ფიქრობენ, რომ სტამბოლის მერის დაკავება ოპოზიციის პოპულარული წარმომადგენლის ჩამოშორებას ისახავს მიზანს, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში იმამოღლუ "რესპუბლიკელი ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა წარედგინათ. თავად ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთის სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს.
თურქეთის სხვადასხვა ქალაქში სტამბოლის მერის დაკავება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. პოლიციამ სტამბოლში, ანკარასა და იზმირში შეკრებილები წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.
ხელისუფლებამ დიდ ქალაქებში საპროტესტო დემონსტრაციებზე 5-დღიანი აკრძალვა დააწესა.
ექრემ იმამოღლუ დაკითხვაზე დღეს, 22 მარტს წარდგა.
- Details
- By iaiaia
"ამერიკის ხმის" ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.
როგორც საჩივრის ავტორები აცხადებენ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას ზღუდვას.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის საფუძველზეც ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყვიტა, ხოლო "ამერიკის ხმის" თანამშრომლები კი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ამ გადაწყვეტილების გამო, 19 მარტს "რადიო თავისუფლებამ" აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„მივედი დასკვნამდე, რომ შემდეგ პირებისთვის გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან წვდომა ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა ჯო ბაიდენსა და მისი ოჯახის წევრებს.
კამალა ჰარისთან და ჰილარი კლინტონთან ერთად სიაში ასევე არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რესპუბლიკელი კონგრესმენები ლიზ ჩენი და ადამ კინზინგერი. ასევე ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში რუსეთის საკითხებში მრჩეველი ფიონა ჰილი და ჯეიკ სალივანი.
ცნობისთვის, 2021 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს, როგორც თავის წინამორბედს, დაზვერვის მონაცემებზე წვდომა შეუზღუდა და ეს ტრამპის „არამდგრადი ქცევებით“ ახსნა.
- Details
- By iaiaia
გერმანიის პარლამენტი უკრაინას კიდევ 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. გადაწყვეტილება ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო.
ახალი დახმარება, გერმანიის მიერ 2025 წლისთვის უკვე დაგეგმილ 4 მილიარდი ღირებულების სამხედრო დახმარებას დაემატება. 2026-2029 წლებისთვის გერმანიას უკრაინის დასახმარებლად დამატებით 8.3 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი. ომში მყოფი ქვეყნის გასაძლიერებლად თანხის გამოყოფა გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ინიციატივაა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 30 of 205