Featured Articles
სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დამხობიდან სამი თვის შემდეგ, გერმანიამ სირიაში დიპლომატიური მისიის მუშაობა განაახლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.
საელჩო, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაკეტილი იყო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დამასკოში ვიზიტის დროს გახსნა. თუმცა, საელჩო სრულფასოვნად ჯერ-ჯერობით მაინც არ ფუნქციონირებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თანამდებობას მალე ტოვებს, ლიბანიდან სირიაში დღეს დილით გაემგზავრა . ბეირუთში ის ახალ პრეზიდენტს, გენერალ ჯოზეფ ხალილ აუნს შეხვდა.
- Details
- By rusa
უკრაინამ ევროკავშირისგან 1 მილიარდი ევრო ERA-ს ინიციატივის ფარგლებში მიიღო. ეს უკვე მეორე ტრანშია, რომელიც გაყინული რუსული აქტივებისგან შედგება. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ ხარჯებს მოხმარდება.
"საერთო ჯამში დიდი შვიდეულის ინიციატივის ფარგლებში, ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინას უკვე 4 მილიარდი ევრო გადასცეს. გაყინული რუსული აქტივები უნდა მუშაობდეს ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათი სრული კონფისკაცია და უკრაინის აღდგენაზე დახარჯვა მოხდეს", - თქვა შმიგალმა.
- Details
- By rusa
დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის მთავარი თემა უკრაინა და ევროპის თავდაცვისუნარიანობა იქნება. როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ევროკავშირს სჭირდება გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა, ევროპის ღია სტრატეგიული ავტონომია და მდგრადობა, რათა შეინარჩუნოს გლობალური ლიდერის როლი.
ამასთან, ევროსაბჭოს განცხადებით, "ძლიერი მხარეების გამოყენებით მშვიდობის მისაღწევად, უკრაინა უნდა იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაში ომის დასრულების მოლაპარაკებებამდე, მოლაპარაკების პროცესში და მოლაპარაკების შემდეგ".
"ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის და აშშ-ს დაზვერვის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე. ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრულფასოვანი როლი შეასრულოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად", - აცხადებენ ევროკავშირში.
აღსანიშნია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, სამი წლის განმავლობაში ევროკავშირს უკრაინის დასახმარებლად 138,2 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი, მათ შორის 49.3 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერისთვის. ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპა გეგმავს 2025 წელს ომში მყოფ უკრაინას კიდევ 30.6 მილიარდი ევროთი დაეხმაროს.
პარალელურად, ევროკავშირი მუშაობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რათა უპასუხოს სამომავლო გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე ლიდერებმა მოითხოვეს საჭირო დაფინანსების უფრო სწრაფი მობილიზება. მათ ასევე განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები მოქმედებისთვის. ამ საკითხზე კიდევ უფრო დეტალურად აპირებენ იმსჯელონ 20-21 მარტის სამიტზეც.
გარდა ამისა, ორდღიან სამიტზე ევროკავშირის ლიდერები მოსაზრებებს გაცვლიან მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე (MFF), ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტსა და ახალ რესურსებზე, შემოსავლებზე, რომელმაც ევროკავშირის ხარჯები უნდა დააფინანსოს.
ევროკავშირის სამიტზე მსჯელობა შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, სირიის და ღაზის სექტორის საკითხებსაც. სამიტზე, სამუშაო სადილზე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშიცაა მიწვეული.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს მისი ხელმოწერით დაეგზავნათ წერილები, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს საკითხი უნდა იყოს ევროპის დღის წესრიგში. ზურაბიშვილის განცხადებით, მართალია, ახლა პრიორიტეტულ თემას უკრაინა და ევროპის თავდაცვის საკითხი წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია შავი ზღვას შეეხება.
- Details
- By rusa
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.
"ტერიტორიების საკითხი იქნება ყველაზე რთული. მე ამას ვგრძნობ, ჩვენ ამას ვხვდებით. ეს ჩვენთვის, ყველასთვის გამოწვევა იქნება. და ამ საკითხებში უკრაინას მაქსიმალურად დავიცავთ, თუმცა ძალიან რთული იქნება. პრეზიდენტი ტრამპი დღესაც ხვდება, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, დიდი და პატარა ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ კონტაქტური ხაზით არის გამოყოფილი. და თუ ზოგ ადგილას ამ ხაზებს დასვამთ, უბრალოდ ამ ადგილებს სიცოცხლის გარეშე დატოვებთ. არავინ დაბრუნდება ნახევარ-ქალაქში... თუ ეს მოუვა დიდ ქალაქებს, "ეს იქნება ბერლინი", - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან Zoom-შეხვედრაზე.
- Details
- By rusa
სტამბოლში დაკავებული მერის მხარდამჭერ სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სტამბოლის მერს და პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს, ასევე აპროტესტებენ მის დაკავებას.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუდენტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სტამბოლის მერის მხარდამჭერები ასევე შეკრებილი არიან ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც იმამოუღლუ არის დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები და წყლის ჭავლის მანქანები. ამასთან, ანკარაში იმართება „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ საპროტესტო აქცია.
ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 33 of 205