Featured Articles
2025 წლის 21 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას 26 აპრილს დაკრძალავენ. ცხოვრების ბოლი თვეებში პაპი ავადმყოფობდა და ჰოსპიტალიზებული იყო, სადაც ორმხრივი პნევმონიის და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით მოათავსეს. პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან ერთი თვის შემდეგ გაწერეს, ხოლო აპრილის დასაწყისში ის საზოგადოების წინაშე წარდგა და შედარებით მხნედ გამოიყურებოდა, მაგრამ ეტლში იჯდა და დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა. როგორც ჩანს, პაპის ორგანიზმმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლო, რადგან სისხლჩაქცევით და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრული კოლაფსისგან გარდაიცვალა.
ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიოს სახელით ცნობილი პაპი ფრანცისკე რომის კათოლიკური ეკლესიის სათავეში 2013 წელს მოვიდა, როცა მისმა წინამორბედმა, პაპმა ბენედიქტ XVI-მ პონტიფიკატი საკუთარი ნებით დატოვა. ფრანცისკეს მოღვაწეობა მეტად ლიბერალურ ფასეულობებს ეფუძნებოდა. არგენტინელი ფრანცისკე სამხრეთ ამერიკაში დაბადებული პირველი პაპი იყო, რომელმაც ეკლესია მკვეთრად შეცვალა და საკუთარი პონტიფიკატის დროს თავმდაბლობის, პატიების და ინკლუზიურობის აუცილებლობაზე საუბრობდა. პაპი ფრანცისკე ღიად საუბრობდა, როგორც კლიმატის ცვლილებაზე, ასევე სხვა რელიგიების წარმომადგენლების და ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.
რომის კათოლიკური ეკლესიის მომავალს, ამიერიდან, ახალი პაპი განსაზღვრავს. ახალი პონტიფიკეს ასარჩევად ვატიკანში კონკლავის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. პაპის გარდაცვალებას ვატიკანი ცხრა დღის განმავლობაში გლოვობს, შემდეგ კი ახალი პაპის არჩევნები იმართება. კონკლავი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღეში იმართება. ამ დროს, ვატიკანში მდებარე სიქსტეს კაპელაში მთელი მსოფლიოს კარდინალები იკრიბებიან და ფარული კენჭისყრით ახალ პაპს ირჩევენ. ეს პროცესი საზოგადოებისთვის სრულადაა ჩაკეტილი. ერთადერთი ნიშანი, რომლითაც მსოფლიო იგებს, აირჩიეს თუ არა კარდინალებმა ახალი პაპი — კვამლია. თეთრი კვამლი ახალი პაპის არჩევის დასტურია, ხოლო შავი — განმეორებითი ხმის მიცემის საჭიროებას მოასწავებს.
კონკლავის ორგანიზებაზე და, შესაბამისად, ახალი პაპის არჩევის ცერემონიალზე პასუხისმგებელია კამერლენგოს ტიტულის მქონე რომის ეკლესიის კარდინალი. დღეს, ამ წოდებას ირლანდიელი კარდინალი, კევინ ფარელი იკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე სწორედ პაპმა ფრანცისკენ დანიშნა. მომდევნო დღეებში გასამართ კონკლავს ის წარმართავს. პაპად ასარჩევად, კანდიდატს ხმათა ორი მესამედი, ანუ სრული უმრავლესობა სჭირდება.
მას შემდეგ, რაც კარდინალები ახალ რომის პაპს აირჩევენ, კარდინალთა კოლეგიის თავმჯდომარე არჩეულ კანდიდატთან მიდის და ეკითხება, მზადაა თუ არა ის ამ წოდების მისაღებად. თუ პასუხი დადებითია, ახალი პაპი სახელს ირჩევს, სპეციალურ შესამოსელში იმოსება და წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გადის, საიდანაც მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს ესალმება — აწ უკვე, როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური.
გასული წლის ბოლოს, რომის პაპმა 21 ახალი კარდინალი დანიშნა, რომელთა უმეტესობა მისივე ლიბერალურ იდეოლოგიას იზიარებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ფრანცისკემ თავად შეარჩია იმ კარდინალების 80%, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ახალ პაპს აირჩევდნენ. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ახალი პაპიც ფრანცისკეს ლიბერალური იდეოლოგიის გამგრძელებელი იქნება.
პროგნოზირება იმისა, თუ ვინ იქნება ახალი პაპი წინასწარ ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ მედიაში არსებობს 22 კარდინალისგან შემდგარი ერთგვარი სია, რომლებშიც ის კარდინალები ერთიანდებიან, რომელთაც პაპობისთვის შესაფერისი თვისებები აქვთ, მათ შორის მოწყალება და თავმდაბლობა, ურყევი რწმენა და სიკეთის ქმნისა და გავრცელებისკენ სწრაფვა. საინტერესოა, რომ ამ ტიპის სიაში წინა წლებში ვერ მოხვდა ფრანცისკე, რადგან ბევრი ადამიანის შეფასებით პაპობისთვის ის ზედმეტად ასაკიანი იყო.
ამ დროისთვის, ახალი პაპის კანდიდატებს შორის რამდენიმე კარდინალის გამორჩევა შეიძლება, მათ შორისაა: [1] ჟან მარკ აველინი — 66 წლის ფრანგი კარდინალი, რომელიც მიგრანტების მხარდაჭერით და რელიგიათაშორისი დიალოგებისადმი მიდრეკილებითაა ცნობილი. აველინი პაპ ფრანცისკეს რჩეულ კანდიდატად ითვლება;
[2] ჯოზეფ ტობინი — პროგრესული პოზიციებით 72 წლის ამერიკელი კარდინალი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რომის LGBTQ+ საზოგადოებას და ეთანხმება კათოლიკურ ეკლესიაში ქალთა როლის გაზრდას;
[3] ხუან ხოსე ომელა — პაპ ფრანცისკეს 79 წლის ესპანელი მრჩეველი, რომელიც აბორტის საწინააღმდეგო მკაფიო პოზიციებით გამოირჩევა.
[4] პიეტრო პაროლინი — 70 წლის იტალიელი კარდინალი, რომელიც 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს. პაროლინი პოლიტიკურ საკითხებში კარგად ჩახედული გამოცდილი დიპლომატია.
[5] პეტერ ერდო — კონსერვატორული შეხედულებების მქონე 72 წლის უნგრელი კარდინალი, რომელიც ოჯახის ტრადიციული ფასეულობების დაცვის მკაცრი პოზიციით არის ცნობილი.
ახალი რომის პაპის ვინაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, მაგრამ ვინც არ უნდა აირჩიონ კარდინალებმა ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ადამიანს, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური გახდება, ეკლესიის მართვა მეტად რთულ დროს მოუწევს. მსოფლიოს რამდენიმე წერტილში მიმდინარე ომი, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დაძაბულობის კერები და ულტრამემარჯვენე ძალების განვითარება ის რამდენიმე ტენდენციაა, რომლებშიც გარკვევა რომის ეკლესიას და მის თითქმის 1.5-მილიარდიან მრევლს მოუწევს.
წყარო: bm.ge
- Details
- By rusa
"ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რადიო ამერიკის ხმისა და მისი თანამშრომლების აღდგენა დაავალა", - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ამერიკის ხმის გარდა მოსამართლის გადაწყვეტილება რადიოებზე USAGM Radio Free Asia და Middle East Broadcasting Network-ზეც ვრცელდება.
აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს დასკვნა უკრაინელ ჟურნალისტს, ოსტაპ იარიშს აქვს გამოქვეყნებული.
‼️JUST IN: A federal judge in Washington, D.C. has ordered the Trump administration to reinstate Voice of America and its staff, as well as several affiliated news services. pic.twitter.com/HmsiR1lba9
— Ostap Yarysh (@OstapYarysh) April 22, 2025
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ხმამ" მაუწყებლობა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 15 მარტს შეაჩერა.
- Details
- By iaiaia
შვეიცარიამ რვა რუსული მედიასაშუალების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს განცხადებაში, რომელიც ეკონომიკური საკითხზეა პასუხისმგებელი.
სანქციები დაუწესდა რუსულ სააგენტო „ლენტა.რუს“, ტელეკომპანია „ზვეზდას“, გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“, საინფორმაციო ვებგვერდ „ევრაზია დეილის“, სააგენტო „ნიუს ფრონტს“, ვებგვერდ „საუზ ფრონტს“, პორტალ „რუბალტიკ.რუს“ და სტრატეგიული კულტურის ფონდს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ძალაში 23 აპრილიდან შევიდა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთექვსმეტე პაკეტი დაამტკიცა. ამ პაკეტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ რუსულ მედიასაშუალებებს ევროკავშირშიც შეუზღუდა მაუწყებლობის უფლება.
- Details
- By iaiaia
რომის პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაცია ვატიკანში დაადასტურეს.
წმინდა საყდრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ.
ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხვალ მის ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ. მორწმუნეებს საშუალება ექნებათ, პატივი მიაგონ მას.
რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა.
იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა.
რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის განცხადებით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების ზომები, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება.
„დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებული გვაქვს. დავაწესეთ ფრენის აკრძალვა. ჩვენ ასეთი ტიპის საფრთხეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ. როგორც კი ზუსტად გვეცოდინება დრო და ის, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ცერემონიაში, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება“, – აღნიშნა რომის პრეფექტმა.
- Details
- By iaiaia
ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "ჰარვარდში აკადემიურ გადაწყვეტილებებზე კონტროლის მოპოვებას" ცდილობს.
უნივერსიტეტი ებრძვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუქარას, გადახედოს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ დაფინანსებას მას შემდეგ, რაც ჰარვარდის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს მოთხოვნების სიის შესრულებაზე, რომელიც მოიცავდა გარე ზედამხედველის დანიშვნას. კერძოდ, ჰარვარდის უნივერსიტეტი ცდილობს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული 2.2 მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსების გაყინვა შეაჩეროს.
უნივერსიტეტმა სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღაზას ომთან დაკავშირებული სტუდენტური აქტივიზმის თვეების შემდეგ Ivy-ლიგის რამდენიმე უნივერსიტეტში ცვლილებების შეტანა სცადა. ადმინისტრაციამ კამპუსის პროტესტი ანტიამერიკულად შეაფასა, ხოლო უნივერსიტეტები ლიბერალურ და ანტისემიტურად, რაც ჰარვარდის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა, უარყო.
ჰარვარდი პირველია უნივერსიტეტებს შორის, რომელმაც სარჩელი შეიტანა. აშშ-ის მთავრობამ ასევე გაუყინა ან გაუუქმა დაფინანსების ნაწილი ისეთი უნივერსიტეტებს, როგორიცაა კოლუმბიის, პრინსტონის, ბრაუნის, კორნელის და ნორთვესტერნის უნივერსიტეტები.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 5 of 204