Featured Articles
უკრაინა თურქეთს ხედავს, როგორც პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით. კიევი მზადაა, მოაწეროს ხელი სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლატს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, დრონების წარმოებაში თანამშრომლობა და უკრაინის რეკონსტრუქციაში თურქული კომპანიების ჩართულობა განიხილეს.
„მნიშვნელოვანია, რომ თურქული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია უკრაინაში. ჩვენი ქვეყანა აფასებს ამას, ისევე როგორც თურქეთის მხარდაჭერასა და დახმარებას, განსაკუთრებით კი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონების მიწოდებას. უკრაინა თურქეთს მიიჩნევს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე პარტნიორად უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით და მზადაა, ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას თურქეთთან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომავალი ვიზიტის დროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება ეს ვიზიტი.
ამასთან, ომერ ბოლატი და იბრაჰიმ იუმაკლი დაესწრნენ თურქეთსა და უკრაინას შორის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას, რომელიც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას ეხებოდა.
- Details
- By ani
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა მოსკოვში შეხვედრები გამართა.
უოლცის თქმით, უიტკოფმა შეხვედრების დროს უკრაინაში 30-დღიან დროებითი ზავი განიხილა.
„მე ვესაუბრე ჩემს კოლეგას, სპეცწარმომადგენელს უიტკოფს, რომელიც უკვე იმყოფებოდა იქ [მოსკოვში] და უკან ბრუნდება. მას მოაქვს შეფასებები, რომელთა საფუძველზეც პრეზიდენტი ტრამპი მომდევნო ნაბიჯებს გადადგამს“, - თქვა უოლცმა.
ტრამპის მრჩევლის თქმით, როგორც უკრაინას, ისე რუსეთს საკუთარი მოთხოვნები აქვთ. მისი აზრით, ორივე მხარე რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უიტკოფი მოსკოვში უნდა ჩავიდეს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
- Details
- By rusa
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ამ კვირაში მეორედ დაესხნენ თავს დრონებით, ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი დრონის განეიტრალება შეძლეს, დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილს სპეციალისტები ადგენენ.
ტელეგრამის არხი ASTRA თვითმხილველის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოსკოვის უკიდურეს სამხრეთში, საცხოვრებელი კომპლექსის რაიონში აფეთქება ჩანს.
აფეთქება იყო ბალახიტშიც. ადგილობრივებმა ნახეს, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები.
საცხოვრებელი სახლის აფეთქების შესახებ იუწყებიან დოლოგომილოვოს რაიონშიც.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა მგზავრებისა და რეისების მიღება შეწყვიტა.
11 მარტს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე სამასზე მეტი დრონით თავდასხმა მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი.
კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, შავი ზღვის სანაპიროზე დრონებით იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, აალდა ბენზინის ერთი რეზერვუარი, ხანძარი ათას კვადრატულ მეტზე მეტ ფართობზეა გავრცელებული, ადგილზე 120 მეხანძრე და 39 ერთეული ტექნიკა მუშაობს
კონდრატიევის მონაცემებით არავინ დაშავებულა.
- Details
- By iaiaia
CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. შედეგად, ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.
CBS News-ი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების გამკაცრება ხდება იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რაზეც უკრაინამ თანხმობა უკვე განაცხადა.
- Details
- By Sali
სირიის გარდამავალმა პრეზიდენტმა 13 მარტს, ხელი მოაწერა დროებით კონსტიტუციას, რომლის თანახმად, გარდამავალ ეტაპზე, ხუთი წლით ქვეყანა ისლამისტების მმართველობის ქვეშ იქნება.
ქვეყნის ახლანდელი მმართველები იბრძოდნენ თავიანთი ძალაუფლების დასამკვიდრებლად ქვეყნის დიდ ნაწილზე მას შემდეგ, რაც ყოფილი ისლამისტური მეამბოხე დაჯგუფება ჰეიათ ტაჰრირ ალ-შამი (HTS) (აშშ-ის მიერ 2018 წელს ტერორისტულად გამოცხადებული), სათავეში ჩაუდგა ელვისებურ ამბოხებას, რის შედეგადაც შარშან დეკემბერში ყოფილი მმართველი, პრეზიდენტი ბაშარ ასადი ჩამოაგდეს.
HTS-ის ყოფილი ლიდერი, აჰმად ალ-შარაა ახლა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტია - ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა შეიარაღებული დაჯგუფებების შეხვედრის შემდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იმავე შეხვედრაზე, დაჯგუფებები შეთანხმდნენ ქვეყნის ძველი კონსტიტუციის გაუქმებაზე და განაცხადეს, რომ შეიქმნებოდა ახალი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უხაროდა ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში ასადების ოჯახის 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დიქტატორული მმართველობის დასრულება, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები არ მისალმნენ ახალ ისლამისტ ლიდერებს და არ სურდათ თავიანთ რეგიონებში დამასკის ახალი ხელისუფლებისთვის დაეთმოთ კონტროლი.
ახლა შეიქმნება მუდმივი კონსტიტუციის შემუშავების ახალი კომისია, თუმცა გაურკვეველია, წარმოადგენს თუ არა იგი სირიის პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ყველა ჯგუფს.
აშშ და ევროპა ყოყმანობენ სირიისთვის ასადის მმართველობის დროს დაწესებული მკაცრი სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ახალი ლიდერები შექმნიან ინკლუზიურ პოლიტიკურ სისტემას და დაიცავენ უმცირესობებს.
ალ-შარაა და რეგიონული მთავრობები მათ მოუწოდებენ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას, იმის შიშით, რომ ქვეყნის განადგურებულმა ეკონომიკამ შეიძლება შემდგომი არასტაბილურობა გამოიწვიოს.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 42 of 205