Featured Articles
Financial Times-ის თანახმად, უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია.
გამოცემის თანახმად, უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეთანხმება გააუმჯობესებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს.
FT-ის ცნობით, კიევი მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ერთობლივად მოპოვებას.
"მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტს არ გააჩნია მკაფიო გარანტიები, ახალი ვარიანტი უკრაინისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია", - გამოცემის თქმით, ამბობენ უკრაინის ოფიციალური პირები.
შეთანხმების საბოლოო ვერსიაში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება, ნათქვამია, რომ შეიქმნება ფონდი, რომელშიც უკრაინაში მინერალებიდან მიღებული მოგების 50%-ს ჩარიცხავს, ეს თანხა კი უკრაინაში პროექტების განხორციელებას მოხმარდება. თუმცა, ეს არ მოიცავს იმ მინერალურ რესურსებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკვე იყენებს.
FT-ის თანახმად, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება უკვე დამტკიცდა იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ და არსებობს პერსპექტივა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლს უახლოეს კვირებში ეწვევა, რათა ტრამპთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
- Details
- By iaiaia
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ვიზიტისას კოლეგას აბბას არაკჩის შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ სარკინიგზო ხაზის რეშტ-ასტარას მშენებლობა, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილია, უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა თეირანში ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„კმაყოფილება გამოვთქვით, რომ ირანელი მეგობრები ყველა იმ ნაბიჯს დგამენ, რომელიც სარკინიგზო ხაზის რეშტ-ასტარას მშენებლობისთვის არის საჭირო. კრინიგზის ეს მონაკვეთი შესაძლებლობას მოგვცემს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ, რამეთუ ის ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა: „იმედი გვაქვს, რომ მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და ამ მიზნით რუსეთის საექსპორტო კრედიტი იქნება გათვალისწინებული“.
სერგეი ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთ-ირანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება.
„ჩვენი კომუნიკაცია მრავალმხრივ ფორმატში უპირველეს ყოვლისა ირანის მიერ ევრაზიულ კავშირში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის გრძელდება. ველით, რომ ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანებასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მთავრობათშორისი შეთანხმება ძალაში უახლოეს პერიოდში შევა“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე ინფორმაციით, ირანელ კოლეგასთან შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებზე ისაუბრეს. „რუსეთიც და ირანის იმის მომხრენი არიან, რომ ნებისმიერი კრიზისი გაეროს დადგენილების და პრინციპების მიხედვით განიხილებოდეს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- Details
- By iaiaia
გაერომ, უკრაინის და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებულ ანტირუსულ რეზოლუციას, მხარი დაუჭირა.
რეზოლუციას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო, ხოლო 65-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია უკრაინიდან რუსული ჯარების "დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო" გაყვანასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე. გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში.
ამასთან, ამერიკის წარმომადგენელმა, დოროტი შიმ თქვა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და ამის მიზეზად თქვა, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.
- Details
- By Sali
ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ომში მონაწილეების რუსეთის გმირის ვარსკვლავით დაჯილდოებისას განაცხადა, რომ ომის დაწყება უფლის ნება იყო.
"ასე მოეწყო ბედი, ასე ინება უფალმა, თუ შეიძლება ასე რომ ვთქვათ, რომ ასეთი რთული, მაგრამ საპატიო მისია დაგვაწვა მხრებზე - დავიცვათ რუსეთი", - განაცხადა პუტინმა კრემლში გამართული ღონისძიებისას.
უკრაინული მედიის ცნობით, პუტინის მიერ დაჯილდოებულთა შორის იყო ჯარისკაცი, რომელმაც გასცა ბრძანება მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის შესახებ. დაჯილდოვებულთა შორის იყო ასევე სომალის ბატალიონის მეთაურის მოადგილე ანდრეი ნიკოლიუკი, რომელიც 2014 წლიდან იბრძოდა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს. მან მონაწილეობა აქვს მიღებული მარიუპოლის შტურმში და აღმართა რუსეთის დროშა დაპყრობილი ქალაქის პოლიციის შენობის თავზე.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 24 თებერვალს თეთრ სახლში მასპინძლობს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მოლაპარაკების ფონია მზარდი ბუნდოვანება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გარშემო, ტრამპის მხრიდან ევროპის ფაქტობრივი გამოთიშვით უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების ძალისხმევიდან.
ორი ლიდერის დღე დაიწყება ვირტუალური შეხვედრით დიდი შვიდეულის (G7) სხვა ლიდერებთან, რომელიც ომის დასრულების გზებს დაეთმობა.
მაკრონი ევროპის ერთ-ერთი პირველი ლიდერია, რომელიც ტრამპს იანვარში მისი ინაუგურაციის შემდეგ ხვდება. მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტი ემთხვევა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის მესამე წლისთავს.
მაკრონის თქმით, ის ტრამპს წარუდგენს კონკრეტულ წინადადებებს აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი ნაბიჯების თაობაზე. კერძოდ, მედიით გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება ტრამპი დაარწმუნოს, რომ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობა აუცილებელია.
ვაშინგტონში გაფრენამდე მაკრონი აცხადებდა, რომ აუცილებელია გატარდეს ზომები რუსეთის შესაკავებლად - რადგან რუსეთი, მისი თქმით, მთელი ევროპისთვის წარმოადგენს საფრთხეს. საქმე ეხება, მათ შორის, უკრაინაში ევროპის ძალების შესაძლო დისლოკაციას, მშვიდობის დაცვის მიზნით - მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება. გავრცელებული ცნობებით, ამ ძალების ბირთვი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კონტინგენტები იქნება. თუმცა მათი განთავსება მხოლოდ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის პირობებში იქნება შესაძლებელი, მაშინაც კი, თუკი ამ ძალებში აშშ-ის კონტინგენტი არ შევა.
ამავე თემატიკას შეეხება ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის დაგეგმილი ვიზიტი. ორივე ლიდერი შეეცდება ტრამპი დაარწმუნოს, რომ თავიანთი ძალების დისლოკაციით ევროპის სახელმწიფოები იკისრებენ უკრაინის უსაფრთხოებაზე გარანტიებს - რასაც, ფაქტობრივად, მათგან თავად ვაშინგტონი ითხოვს.
ამასთან, შეხვედრებზე სავარაუდოდ განიხილავენ ვაჭრობის საკითხებსაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოდიან ომის უსწრაფესად დასრულების მოწოდებებით, მათ შეწყვიტეს რუსეთის დადანაშაულება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში - და ბევრი მათგანი, ტრამპის ჩათვლით, კიევის მისამართით მკვეთრად კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა. აშშ-მა რიადში მოლაპარაკებაც გამართა რუსეთის წარმომადგენლებთან - რამაც უკრაინასა და ევროკავშირის სახელმწიფოებში აღძრა შეშფოტება, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმების მიღწევას შეეცდება უკრაინის და ევროპის გვერდის ავლით.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 66 of 206