Featured Articles
„სამი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი დამპყრობლური ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის სასტიკი ომი განზრახ არის მიმართული სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინელმა ხალხმა სიმამაცე გამოავლინა საკუთარი სახელმწიფოსა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვისას. პატივს მივაგებთ იმათ ხსოვნას, ვინც დაიღუპა და ახლობლები დაკარგა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის,“ განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც კიევში ჩავიდნენ დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ თავიანთ განცხადებაში პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ კიევს და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაზე იმუშავებენ.
ევროკავშირის ლიდერების თქმით, ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია უკვე დაწყებულია: „უკრაინელებმა ევროპის კავშირში ყოფნის სურვილი გამოთქვეს. ჩვენ ეს ვაღიარეთ, მივეცით რა უკრაინას კანდიდატის სტატუსი და დავიწყეთ მიღებაზე მოლაპარაკებები. უკრაინამ ყველაზე რთულ გარემოებებში მიაღწია საგრძნობ წინსვლას რეფორმების სფეროში, რომლებიც დაკავშირებულია გაწევრიანებასთან. ჩვენ უკვე ვახდენთ უკრაინის ინტეგრირებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპის კავშირშია,“ ნათქვამია ევროკავშირის ლიდერთა განცხადებაში.
- Details
- By Sali
კიევში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელ ტყვეთა მასშტაბური განთავისუფლება შეიძლება იყოს ომის დასრულებისა და რუსეთის მიმართ ნდობის აღდგენის ერთ-ერთი დასტური.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის რუსეთს ტყვეები გაუცვალოს ფორმატით „ყველა ყველაზე“.
„ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად ვითარების მიმართ, ვინაიდან რუსეთის მიმართ არ არსებობს ნდობა. და საჭიროა სიტუაციები, რომლებიც ომის დასრულების შესახებ მეტყველებს. რეალური სიტუაცია. და ახლა ასეთ ნაბიჯად შეიძლება იქცეს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, სწორედ ათასობით ადამიანისა, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული. მათი ნაწილი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან არის [ტყვეობაში]. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელები. უკრაინა მზად არის გაცვალოს ყველა ყველაზე და ეს სამართლიანი ვარიანტია,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
- Details
- By Sali
უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების ახალი, მე-16 პაკეტი.
ინდივიდუალური სანქციების ჩამონათვალშია 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი, რომლებიც თავისი ქმედებებით ხელყოფენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 74 ტანკერს და გემს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ რუსული ნავთობი, სამხედრო ტექნიკა და უკრაინაში მოპარული ხორბალი.
რუსეთის კიდევ 13 ბანკს აეკრძალა ფინანსური ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო სისტემით სარგებლობა.
სანქციები დაუწესდა დამატებით 53 ორგანიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. მათ შორის არიან ჩინეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, სინგაპურის, თურქეთის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და უზბეკეთის კომპანიებიც.
სანქციების მე-16 პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ალუმინის იმპორტის აკრძალვასაც.
გარდა ამისა, ევროკავშირში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა რვა რუსულ მედიასაშუალებას. მათ შორის არიან: EADaily/Eurasia Daily, Fondsk, NewsFront, RuBaltic და Lenta.
- Details
- By Sali
სამი წელი გავიდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით დევნილად აქცია.
სამი წლის განმავლობაში გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 12 600-ზე მეტი და დაშავდა 29 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან არ არსებობს მონაცემები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ომში დაიღუპა 46 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი. ეს 2025 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა ტელეკომპანია NBC News-სთან ინტერვიუში.
რუსეთმა ოფიციალურად ბოლოს 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა. სამი წლის განმავლობაში დაღუპული 95 026 რუსი სამხედროს ვინაობა საჯარო წყაროების მიხედვით დაადგინეს BBC-ს რუსულმა სამსახურმა და გამოცემა „მედიაზონამ“. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მედიასაშუალებების მიერ ნეკროლოგების, სასაფლაოებისა და სამხედრო მემორიალების კვლევის საფუძველზე დადგენილი რიცხვი დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45-65%-ია.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს 2024 წლის დეკემბერში აღრიცხული ჰყავდა ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული 3,6 მილიონი მოქალაქე.
გაეროს მონაცემებით, 2025 წლის იანვრისთვის მსოფლიოში რეგისტრირებული იყო თითქმის 6,9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, მათგან 6,3 მილიონი - ევროპის ქვეყნებში. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეულია სახლების 10%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ, სულ მცირე, 2 მილიონი ადამიანი ადეკვატური საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ომის განმავლობაში დაზიანდა ან დაინგრა 3600-ზე მეტი სკოლა და უნივერსიტეტი. გაეროს ცნობითვე, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 12,7 მილიონ ადამიანს.
კიევის ეკონომიკის სკოლა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკურ დანაკარგებს აღრიცხავს, აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი 170 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებელი ფონდი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
- Details
- By Sali
ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ პუტინის ომის 3 წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ავსტრალიამ პირადი სანქციები დააწესა 70 რუსი ფიზიკური პირის და 79 რუსული კომპანიის წინააღმდეგ.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განმარტა, რომ სანქციები დაწესდა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე საოკუპაციო "ხელისუფლების" წარმომადგენლების, სამხედრო-სამრეწველო, სატრანსპორტო და ფინანსური კომპანიების მიმართ, ასევე ფირმებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც, ავსტრალიის ხელთარსებული ინფორმაციით, მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობაში.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პეტერსმა კი 52 რუსი ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ გამოაცხადა სანქციები.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- შვედეთი უკრაინას 113 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
- დღეს, უკრაინაში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან
- ეგზიტპოლების მიხედვით გერმანიის არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა
- არასრულწლოვან გოგონაზე 5 წლის განმავლობაში 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა
Page 67 of 206