Featured Articles
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინამ ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მედია წერს, რომ წყარო სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სანქციები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.
გუშინ, უმაღლეს რადაში სხდომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ საბჭომ სანქციები დააწესა, თუმცა კონკრეტული გვარები პრეზიდენტმა არ დაასახელა.
"ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოს და აღვადგენთ სამართლიანობას: ყველა, ვინც ანადგურებდა ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს - ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის გაყიდვით მოიპოვეს, უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკრაინის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ - უნდა დაიბლოკოს და დაიხარჯოს ქვეყნის და უკრაინელების თავდაცვაზე. ასეც იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
- Details
- By Sali
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის ამ მოსაზრებას ეთანხმება.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ შეძლოს ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება.
რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, როგორც ტრამპი ამბობს, ამ განცხადების შესახებ იცოდა და მას მიაჩნია, რომ, სავარაუდოდ, ეს სიმართლეა.
- Details
- By rusa
საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მზად არიან კიევისადმი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. განცხადებას უერთდება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნების საერთო მიზანი უკრაინის პოზიციების გაძლიერება უნდა იყოს და საჭიროა კიევისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მიცემა.
აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან "გრძელი და ძალიან პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ, სურთ შეჩერდეს "მილიონობით სიკვდილი" რუსეთ-უკრაინის ომში. მისივე თქმით, შეთანხმდნენ ამ საკითხზე "ძალიან ახლო მუშაობაზე", "ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტების ჩათვლით".
ევროპელი დიპლომატების განცხადება სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა.
"ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ერთგული ვართ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ არ მიიღწევა ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც უკრაინისა და ჩვენი ინტერესების უზრუნველმყოფი იქნება.
ჩვენ მოუთმენლად ველით სამომავლო გზის განხილვას ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად. ჩვენი საერთო მიზნები უკრაინის ძლიერის პოზიციაში ჩაყენება უნდა იყოს. უკრაინა და ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების მონაწილე. უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის საჭირო პირობა ძლიერი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ევროპული კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. მაშასადამე, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები." - წერია საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ წერილში.
განცხადება ვაიმარ+-ის ფორმატში გაკეთდა. ეს ფორმატი ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) გარდა უკრაინას, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთსა და ევროპულ კომისიას მოიცავს.
12 თებერვალს, ტრამპის განცხადების გარდა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა თქვა, რომ ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის NATO-ში გაწევრიანება "რეალისტური შედეგი" ვერ იქნება.
ტრამპის სიტყვების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს "მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე" ესაუბრა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში, მიუნხენში დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან "დადებითი იქნება".
- Details
- By Sali
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა.
როდის შედგება შეხვედრა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა "არც ისე შორეულ მომავალში" გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარმა კარგად ჩაიარა და ის საათზე მეტხანს გაგრძელდა. "ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი კატასტროფაა," - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მშვიდობა და ომის დასრულება ვლადიმერ პუტინსაც სურს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს ადასტურებს კრემლიც, სადაც აცხადებენ, რომ პუტინი და ტრამპი მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია.
ომის დასრულების შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპს ზელენსკისთანაც.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში. ტრამპის თქმით, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც მოიცავს ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ასევე ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გააცნობს საუბრის დეტალებს.
დონალდ ტრამპის თქმით, სთხოვა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რატკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკლ ვოლცს და სპეციალურ დესპანს, სტივ ვიტკოფს, უხელმძღვანელონ მოლაპარაკებებს, რომელიც წარმატებული იქნება.
ტრამპის თქმით, უკრაინასთან ერთად ვლადიმერ პუტინთან განიხილა ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნული ინტელექტი, დოლარი და სხვა საკითხები.
საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა კონფლიქტის ძირეული მიზეზების გადაჭრის აუცილებლობა და დაეთანხმა ტრამპს, რომ გრძელვადიანი მოგვარების მიღწევა შესაძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.
- Details
- By ani
More Articles …
Page 85 of 206