Featured Articles
აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ყოფილი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი. ამ ცნობას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ვალუევის უხეში გამონათქვამები მას მერე, რაც ბაქომ შეწყვიტა უწყება "როსსოტრუდნიჩესტვოს" მუშაობა და დახურა მისი წარმომადგენლობა - "რუსკი დომი".
ამის შემდეგ ვალუევი გამოვიდა მოწოდებებით რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ლიკვიდაციისკენ, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის და ქონების ჩამორთმევისკენ, სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ და რუსეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების დეპორტაციისკენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალუევის განცხადებებს უწოდებს შეურაცხმყოფელს და აბსოლუტურად მიუღებელს. ვალუევის სახელი დაუმატეს იმ პირთა სიას, ვისაც აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული აქვს. სიაში უკვე შეყვანილია ვალუევის ორი კოლეგა სახელმწიფო სათათბიროდან - კონსტანტინ ზატულინი და ვიტალი მილონოვი. ყველა მათგანი მმართველ პარტიას, "ედინაია რასიას" წარმოადგენს.
ვალუევმა მედიასთან განაცხადა, რომ ბაქოს გადაწყვეტილებამ იგი გააკვირვა, და რომ მას არ ესმის დაწესებული აკრძალვების მიზეზები - თუმცა არ დარდობს და არ აპირებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს 3 თებერვალს შეატყობინა, რომ წყვეტს სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვოს" მუშაობას ქვეყანაში და ხურავს ამ უწყების წარმომადგენლობას, საინფორმაციო-კულტურულ ცენტრ "რუსკი დომს". ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ "რუსკი დომი" არ იყო "რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი და ორგანიზაციამ სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა". მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხმა, Baku.tv-მა აჩვენა რეპორტაჟი აზერბაიჯანში "რუსკი დომის" მუშაობის შესახებ - რომელშიც ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს ფაქტობრივად ბრალი დასდო არამეგობრულ, და ჯაშუშურ მოქმედებებშიც კი.
რეპორტაჟი ეთერში გავიდა "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის მიერ ყაზახეთის ქალაქ აქთაუს თავზე 25 დეკემბერს განცდილი კატასტროფიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. აზერბაიჯანის პრედენტი, ილჰამ ალიევი ლაპარაკობდა რუსეთის კავშირზე ამ კატასტროფასთან - კერძოდ, აღნიშნავდა, რომ იმ მომენტში, როცა თვითმფრინავი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცდილობდა დაფრენას, იქ რუსეთის საჰაერო დაცვის სისტემები იყო ამოქმედებული. ალიევი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან არ იკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროგრესს ხედავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა თავი შეიკავა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის დეტალების გამჟღავნებისგან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი პუტინთან.
„გვქონდა საუბარი. უბრალოდ ვთქვათ, რომ მქონდა… კიდევ ველოდები ბევრ საუბარს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. არ მინდა, გითხრათ ამ საუბრების შესახებ. მე მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.
„ვსაუბრობთ ორივე მხარესთან. ვვარაუდობ, რომ შევხვდები პუტინს, დიახ, სწორ დროს, შესაფერის დროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
აუდიენცია მიუნხენში, უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე გაიმართება.
იქამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სავარაუდოდ მომავალ კვირას, ვაშინგტონში, ზელენსკის შეხვდება. მისივე თქმით, ის ტელეფონით ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა.
- Details
- By Sali
ავიაკომპანია EasyJet-ის ჰურგადა-მანჩესტერის რეისზე პილოტმა ფრენისას გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა. პილოტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მგზავრები ყვებიან, რომ ბორტგამცილებლები ბორტზე ექიმებს ეძებდნენ, მოგვიანებით კი გამოაცხადეს, რომ პილოტი შეუძლოდ გახდა.
მათი ინფორმაციით, ბორტზე მყოფმა მეორე პილოტმა მოახერხა და თვითმფრინავი ათენში, ავარიულად დასვა, თუმცა დაშვება "უხეში და საშინელი" იყო.
თვითმფრინავს ათენის აეროპორტში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი დახვდა. მგზავრები სასტუმროში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.
- Details
- By iaiaia
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვას ითხოვს. ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
„დიახ, დახურეთ ისინი.
1. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას). გამარჯობა??
2. მათ აღარავინ უსმენს;
3. უბრალოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს“, – წერს მასკი და აზიარებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელის, რიჩარდ გრენელის სიტყვებია ციტირებული.
„აშშ-ის გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ მემარცხენე სახელმწიფო მედიას. მათი დახურვის დროა. „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ არის მედიასაშუალებები, რომლებსაც თანხას ამერიკელი გადასახადის გადამხდელები უხდიან. ეს არის სახელმწიფო მედია. ეს საშუალებები სავსეა მემარცხენე აქტივისტებით. ამ ჟურნალისტებთან ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობ. ეს არის წარსულის რელიკვია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობისგან დაფინანსებული მედიასაშუალებები“, – აცხადებს რიჩარდ გრენელი.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 89 of 206