Featured Articles
ჰააგის სასამართლოს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ, ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო პასუხისმგებლობას აკისრებს საერთაშორისო დანაშაულებზე.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და ხმას აწვდენს მსხვერპლს მთელ მსოფლიოში. მას უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ. ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე.
- Details
- By iaiaia
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ჰააგის სასამართლოს თანამშრომლებს.
ჰააგის სასამართლოს განცხადებით, ტრამპის განკარგულება ძირს გამოუთხრის მის სამართლებრივ მუშაობას. ხალხისვე სამართლის საერთაშორისო სასამართლო თავის მონაწილე 125 სახელმწიფოს მოუწოდებს, ერთიანად დადგნენ სამართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.
„სასამართლო მტკიცედ უჭერს მხარს თავის პერსონალს და პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამართლის უზრუნველყოფას და მსოფლიოს მასშტაბით სისასტიკის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის იმედის მიცემას ნებისმიერ სიტუაციაში“, – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეებისა და აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, წინააღმდეგ გამოძიებებზე.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სახაზინო დეპარტამენტს დროებით აუკრძალა საგადახდო სისტემის მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა. გადაწყვეტილება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ამოქმედების შემდეგ იქნა მიღებული, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მიზანიც სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა, არ წარმოადგენს ფედერალურ აღმასრულებელ დეპარტამენტს, თუმცა მას ჰქონდა წვდომა აშშ-ს ხაზინის მონაცემებზე.
მოსამართლემ აღნიშნული წვდომა მას შემდეგ შეზღუდა, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სახაზინოს გადარიცხვებს სწრაფად ამცირებს.
მილიარდერის განცხადების შემდეგ, სახელმწიფო მოხელეებისა და პენსიონერების წარმომადგენლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი მოითხოვდნენ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტისთვის კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოს არწმუნებდა, რომ კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომა მხოლოდ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ორ წარმომადგენელს ჰქონდათ, მოსამართლემ მაინც გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემას სახაზინოს ფარგლებს გარეთ.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი, რომელმაც აღნიშნა, რომ ილონ მასკი „ყველა კანონს იცავს“.
- Details
- By ani
გასულ წელს უკრაინაში 495 090 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობადობის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. ინფორმაციას Newsweek-ი უკრაინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს უკრაინაში 176 679 ახალშობილი დაიბადა. 2023 წელთან შედარებით შობადობა 5,7% შემცირდა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ, 0,2% შემცირდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემები შობადობასა და გარდაცვალების შესახებ იმ რეგიონებს მოიცავს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით კიევი აკონტროლებს. მონაცემები დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან არ არის სრული, ხოლო ყირიმისა და ლუგანსკის ოლქის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, გასულ წელს უკრაინაში 176 679 ბავშვი დაიბადა, მაშინ როცა 2021 წელს, რუსეთის შეჭრამდე, ეს მაჩვენებელი 273 772 შეადგენდა.
2024 წელს შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კიევში დაფიქსირდა (10 706 ბავშვი). შემდეგ მოდის ლვოვის ოლქი (15 642 ბავშვი). მას დნეპროპეტროვსკის ოლქი მოჰყვება (14 029 ბავშვი).
შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ხერსონის ოლქში დაფიქსირდა. 2024 წელს იქ 434 ბავშვი დაიბადა. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ამის მიზეზი არის ის, რომ ხერსონის ოლქი ნაწილობრივ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხოლო უკრაინელების მიერ კონტროლირებადი მეორე ნაწილი რუსეთის მიერ პერმანენტულად იბომბება.
რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი გარდაცვალებაა დაფიქსირებული - დნეპროპეტროვსკის ოლქია (53 268 შემთხვევა). კიევში გასულ წელს გარდაცვალების 35 528 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ხარკოვის ოლქში - 34 883.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს ქვეყანაში 150 201 ქორწინება დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ქორწინება კიევში აღირიცხა (20 862).
- Details
- By ani
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსური და სავიზო სანქციები ვრცელდება პირებზე, რომლებიც ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების საწინააღმდეგო გამოძიებაში მონაწილეობენ.
პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებს მიმართავს აშშ-ისა და მისი ახლო მოკავშირის, ისრაელის წინააღმდეგ.
ტრამპმა გადაწყვეტილება 6 თებერვალს მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში დემოკრატებმა სენატში დაბლოკეს ICC-ის სანქცირების კანონპროექტი, რომელიც იანვარში დაამტკიცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.
კონგრესის ქვედა პალტამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 6 თებერვალს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ICC-მ უფლებამოსილებით ბოროტად ისარგებლა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების უსაფუძვლო ორდერები გასცა.
დონალდ ტრამპი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ისა და ისრაელის მიმართ არანაირი იურისდიქცია არ გააჩნია, რადგან ეს ქვეყნები არ არიან რომის სტატუტის მონაწილეები და სასამართლოს წევრები და მის იურისდიქციას არ აღიარებენ.
პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, აშშ და ისრაელი არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთა შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ ომის წარმოების კანონებს. დოკუმენტში ისიც წერია, რომ ICC-ს ქმედებები საფრთხეს უქმნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში აშშ-ის მთავრობისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის მუშაობას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის ნოემბერში გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვაშინგტონის სანქციებს უწოდა კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობა.
2002 წელს დაფუძნებული სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი. აშშ და ისრაელი ამ ქვეყნებს შორის არ არიან.
ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არც რუსეთი აღიარებს. 2023 წლის მარტში სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
ICC-ს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 92 of 206