Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობას გულისხმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.
„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ, თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია.
ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალური მიზნების მიღწევით და ბევრი მძიმე სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გახდეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
- Details
- By rusa
ესპანეთში, იარაღის მწარმოებელ გერმანულ ქარხანაში Rheinmetall-ში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
რადიო Cadena Ser-ის ცნობით, იარაღის ქარხანაში რეზერვუარის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. რა გახდა აფეთქების მიზეზი, უცნობია.
Rheinmetall კონცერნი არის მსოფლიოში საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიის ქარხნები ასევე აწარმოებენ იარაღს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები აწვდიან კიევს სამხედრო დახმარების პაკეტების ფარგლებში.
ორი დღის წინ ნატომ დაადასტურა, რომ გასულ წელს რუსეთი Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მკვლელობას გეგმავდა. ნატოს მაღალჩინოსნის, ჯეიმს აპატურაის თქმით, რუსეთი მთელს ევროპაში გეგმავდა თავდაცვის ინდუსტრიის ლიდერების მკვლელობას არმინ პაპერგერის ჩათვლით. მკვლელობის მცდელობის შესახებ CNN ზაფხულში წერდა.
- Details
- By Sali
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ 2024 წელი რეკორდული მოგებით და შემოსავლით დახურა. საერთო ჯამში, გასულ წელს Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ $164 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის წმინდა მოგებამ კოლოსალური 62 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 59%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და Meta-ს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებულ რეკორდს წარმოადგენს.
გასული წლის IV კვარტალს რაც შეეხება, კომპანიამ $48 მილიარდის შემოსავალი და $21 მილიარდის მოგება მიიღო, რაც 49%-იან ზრდას წარმოადგენს.
საერთო ჯამში, Meta-ს ფენომენალური შედეგები აქვს, რაც მის საბაზრო შეფასებაზეც აისახება, რადგან კომპანიის აქციების ღირებულება ერთ წელიწადში 70%-ით არის გაზრდილი, კაპიტალიზაცია კი ამჟამად $1.7 ტრილიონს აჭარბებს.
- Details
- By iaiaia
ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის რაიონში, მდინარე პოტომაკში ნაპოვნია სამგზავრო თვითმფრინავის ორივე საბორტო თვითჩამწერი, ე.წ. შავი ყუთები.
ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიასაშუალებებს დაუდასტურეს შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში. „შავი ყუთების“ მონაცემების გაშიფვრა მნიშვნელოვანია კატასტროფის მიზეზის დასადგენად.
ტელეკომპანიები CBS-ი და CNN-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სამძებრო ოპერაციისას უკვე ნაპოვნია, სულ მცირე, 40 დაღუპულის ცხედარი.
29 იანვარს, საღამოს, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.
30 იანვარს სამძებრო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაღამების შემდეგ შეჩერდა 31 იანვრის დილამდე.
- Details
- By Sali
ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ყოფილი სენატორი, დემოკრატი ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნო ოქროთი და ნაღდი ფულით ქრთამის აღებაში და უცხო სახელმწიფოს - ეგვიპტის - ინტერესების უკანონო ლობირებაში, რისთვისაც მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მენენდესი, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო სენატორი ნიუ-ჯერსის შტატიდან და გარკვეულ ხანს ხელმძღვანელობდა სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს, გასული წლის ზაფხულში იძულებული გახდა, გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.
სასამართლო დარბაზში ყოფილმა სენატორმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა მოსამართლეს დანდობა სთხოვა. მენენდესის თქმით, მან ყველაფერი დაკარგა, რაც კი გააჩნდა ცხოვრებაში, თავისი ოჯახის მხარდაჭერის გარდა. განაჩენის გამოცხადებისას, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მენენდესს ჰქონდა კარგი სახელი, რეპუტაცია და ძალაუფლება, მაგრამ მან ეს ყველაფერი პირად გამდიდრებაში გაცვალა.
გამოძიების ვერსიით, სენატორი ქრთამს იღებდა სამი კონკრეტული ბიზნესმენისგან ნიუ-ჯერსის შტატიდან, მათი მფარველობის სანაცვლოდ. ასევე, მან, სავარაუდოდ, მიიღო გასამრჯელო ეგვიპტის ხელისუფლებისგან ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ხელშეწყობის, კერძოდ, აშშ-ს სამხედრო დახმარების შესახებ კაიროსთვის ხელსაყრელი გარიგებების მიღწევისთვის.
მენენდესის სახლის გაჩხრეკისას, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა 500 ათასამდე დოლარი ნაღდი ფული და ასევე, ოქროს ზოდები.
თავად ყოფილი სენატორი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და აპირებს, გაასაჩივროს განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დემოკრატი, ის დიდი ხნის განმავლობაში ახლანდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოპონენტი იყო, თავის განცხადებაში მენენდესი დაეთანხმა ტრამპის აზრს - რომელიც თავად ცნეს დმნაშავედ სისხლის სამართლის საქმეზე - სასამართლოს პოლიტიზების შესახებ ნიუ-იორკში და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი აღადგენს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.
მენენდესი გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ამერიკელ სენატორთაგან, რომლებიც დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის საქმეში. ამასთან, საუბარია უკვე მეორე პროცესზე. 2018 წლის ნოემბერში, ის კორუფციის საქმეზე არ გაასამართლეს ნაფიც მსაჯულთა არასაკმარისი ხმების გამო.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 100 of 206