Featured Articles
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ პორნოვარსკვლავისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და იმავე დროს უპირობოდ გაათავისუფლა ნებისმიერი სასჯელისგან, რაც ნიშნავს, რომ ის ახლა მსჯავრდებული დამნაშავეა ნიუ-იორკის შტატის კანონის თვალში, მაგრამ სასჯელი არ ემუქრება
განაჩენი გამოცხადდა ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე. ის გახდება ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს.
- Details
- By iaiaia
უკრაინამ პირველი ტრანში 3 მილიარდი ევრო მიიღო იმ თანხიდან, რომელიც ევროკავშირმა უკრაინისთვის G7-ის ერთობლივი სესხისთვის გამოყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
"ეს მისცემს უკრაინას ფინანსურ შესაძლებლობებს, გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის და მტკიცედ იდგეს." - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
2024 წლის ზაფხულში "დიდი შვიდეულის" წევრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომლის დაფარვაც დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში შენახული გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან მოხდება.
- Details
- By iaiaia
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესტაგის 23 თებერვლის არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ამას ხელს უშლის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის კანცელარია.
ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გასაგზავნი შეიარაღების სია, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ შედგა, მოიცავდა სამ Iris-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო ბატარეას რაკეტებით, Patriot-ის რაკეტებს, ათ ჰაუბიცას და საარტილერიო საბრძოლო მასალას.
გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები დამატებითი დახმარების საჭიროებას ასაბუთებენ იმით, რომ კიევის გადაუდებელი საჭიროებების პროგნოზირება შეუძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ რუსული შეტევის გაძლიერების გამო ბოლო თვეებში უკრაინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ამასთან, „შპიგელი“ წერს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ გაურკვეველი გახდა, გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი კიევის სამხედრო მხარდაჭერას 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ.
იანვრის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გეგმის განხორციელება იმის გამო შეფერხდა, რომ ფედერალური კანცლერის კანცელარიამ არაოფიციალურად მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას. ოლაფ შოლცის კანცელარიაში განმარტავენ, რომ არ სურთ დახმარების გამოყოფა ბუნდესტაგის არჩევნების წინ და, შესაბამისად, ახალი მთავრობის ფაქტის წინაშე დაყენება.
გარდა ამისა, ოლაფ შოლცის კანცელარიაში ვერ ხედავენ გადაუდებელი ქმედებების საჭიროებას, რადგანაც საკმარისად მიიჩნევენ 2025 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებულ დაახლოებით ოთხ მილიარდ ევროს, ასევე მიუთითებენ G7-ის მიერ გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან გამოყოფილი 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყენების შესაძლებლობაზე.
„სოციალ-დემოკრატებში“ „შპიგელის“ წყაროები ვარაუდობენ, რომ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის პიკში უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების გამოცხადება, რათა არ გააღიზიანოს „სოციალ-დემოკრატების“ პოტენციური ამომრჩევლები.
- Details
- By iaiaia
ლოს-ანჯელესის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფედერალური საგამოძიებო ბიუროს(FBI) ყოფილი ინფორმატორი ალექსანდრ სმირნოვი და მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი 8 იანვარს გამოცხადდა. მანამდე სმირნოვმა აღიარა, რომ ცილი დასწამა აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მის ვაჟს, ჰანტერს.
პროკურორების თანახმად, სმირნოვმა ისარგებლა გამოძიების ფედერალური ბიუროს ნდობით და 2020 წელს გადაწყვიტა, ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მცდელობას უკავშირდებოდა.
44 წლის სმირნოვი, რომელიც აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა, 2024 წლის თებერვალში ნევადაში დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში, ალექსანდრ სმირნოვმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში გამართულ სხდომაზე აღიარა, რომ მისი ინფორმაცია უკრაინული ენერგოკომპანია „ბურისმას“ მიერ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ, ტყუილი იყო.
2020 წელს ალექსანდრ სმირნოვი ამტკიცებდა, რომ 2015-2016 წლებში „ბურისმას“ ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ჰანტერ ბაიდენი დაიქირავეს, რათა მამის სახელი გამოეყენებინა კომპანიისთვის აშშ-ში შექმნილი იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად და სანაცვლოდ ბაიდენებს გადაუხადეს 5-5 მილიონი დოლარი.
იმ პერიოდში ჯო ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო ჰანტერ ბაიდენი „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
სმირნოვის განცხადება იქცა პოლიტიკური სკანდალის და უკვე პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიების დაწყების საფუძვლად.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სწრაფად დაადგინა, რომ სმირნოვი ტყუილს ამბობდა და საქმის დახურვის რეკომენდაცია გასცა, 2023 წელს კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილმა საპარლამენტო გამოძიება დაიწყო დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების იმედით.
სპეციალურმა პროკურორმა დევიდ ვაისმა, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მიმართ დაწყებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ალექსანდრ სმირნოვმა ჯო ბაიდენს ცილი დასწამა მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკოსი არ მოსწონდა.
- Details
- By iaiaia
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რომში შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობა ავრცელებს.
„ჯორჯია მელონიმ სოლიდარობა გამოუცხადა მსხვერპლებს, დაგმო რუსეთის მხრიდან ბოლოს განხორციელებული დაბომბვები და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალია განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია იტალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 122 დაშავდა. იტალიაში ჩასვლამდე ზელენსკი გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობდა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 124 of 206