Featured Articles
Reuters კანადურ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერის თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. ინფორმაცია ჯერჯერობით პრემიერის ოფისს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ამ ეტაპზე უცნობია პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება თუ არა ტრუდო პრემიერის პოსტზე.
როგორც გამოცემა წერს, საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლიბერალური პარტიის მხარდაჭერა შემცირებულია და 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში კონსერვატორებთან გამარჯვება გაუჭირდება. მისმა გადადგომამ შესაძლოა არჩევნები დააჩქაროს, რადგან ახალ მთავრობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობა მოუწევს, რომელიც კანადას, ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს ტარიფების დაწესებით ემუქრება. ტრამპი, რომლის ადმინისტრაციას აშშ-ის მართვას 20 იანვრიდან შეუდგება აცხადებს, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქტებს 25%-იან ტარიფს დაუწესებს.
- Details
- By Sali
გამარჯვებული დონალდ ტრამპის კონგრესში დამტკიცებას უამინდობა ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა. მაიკ ჯონსონის თქმით, უამინდობა ხელს ვერ შეუშლის კონგრესს, რომ დღეს ოფიციალურად დაადასტუროს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა.
მისივე თქმით, კანონი მოითხოვს, რომ ეს მოხდეს 6 იანვარს, 13:00 საათზე.
„ამიტომ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ქარბუქი, ჩვენ ამ დარბაზში ვიქნებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გაკეთდება“,- აღნიშნა ჯონსონმა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უამინდობის მიუხედავად, სრული დასწრების იმედი აქვს.
ამასთან, როგორც „როიტერი“ იუწყება, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის ლიდერის, სტივ სკალიზას კომუნიკაციების დირექტორმა, ლორენ ფაინმა აღნიშნა, რომ ამინდის პირობების მიუხედავად, განრიგში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
- Details
- By ani
ლოს-ანჯელესში გაიმართა „ოქროს გლობუსით" დაჯილდოების 82-ე ცერემონია.
„ოქროს გლობუსი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად ითვლება.
2024 წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს ამერიკელი რეჟისორის, ბრეიდი კორბეტის „ბრუტალისტი“ - ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელ არქიტექტორზე. კორბეტს „ოქროს გლობუსი" გადაეცა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ ედრიან ბროუდის - დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.
ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ბრაზილიელი ფერნანდა ტორესი ფილმისთვს „მე ჯერ კიდევ აქ ვარ“.
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის და საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიებში გაიმარჯვა ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის „ემილია პერესმა“.
მიუზიკლში ან კომედიაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს სებასტიან სტენი(ფილმი „სხვა ადამიანი), ხოლო ამავე კატეგორიაში ქალის როლისთვის კინოკარიერაში პირველი „ოქროს გლობუსი“ მიიღო დემი მურმა(ფილმი „სუბსტანცია“).
- Details
- By Sali
პულიცერის პრემიის მფლობელმა, კარიკატურისტმა ენ ტელნაესმა „ვაშინგტონ პოსტი“ დატოვა, რადგან გამოცემამ უარი თქვა მისი მილიარდერი მფლობელის, ჯეფ ბეზოსის კარიკატურის გამოქვეყნებაზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ენ ტელნაესმა, რომელიც 2008 წლიდან იყო „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომელი, დახატა კარიკატურა, რომელზეც ჯეფ ბეზოსი და სხვა მაგნატები აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინაშე მუხლებზე არიან დაჩოქილი.
მხატვრის განცხადებით, კარიკატურის გამოქვეყნებაზე გამოცემის უარი იყო გადამწყვეტი. მან „ვაშინგტონ პოსტის“ ამ გადაწყვეტილებას „პრესის თავისუფლებისთვის საშიში“ უწოდა.
ნახატზე „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, „მეტას“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და OpenAI-ს დამაარსებელი სემ ალტმანი მუხლმოდრეკილი არიან ტრამპის ქანდაკების წინ და მას ფულით სავსე ტომრებს აწვდიან. ამავე კარიკატურაზე გამოსახულია მიკი მაუსიც – „დისნეის“ სიმბოლო, რომლის მფლობელობაში არსებული „ეიბისი ნიუსი“ გასულ თვეში დათანხმდა 15 მილიონი დოლარის გადახდაზე ცილისწამების საქმეზე ტრამპის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით.
„ამ დრომდე ჩემთვის არასდროს მოუკლავთ კარიკატურა, მიუხედავად იმისა, ვინ ან რა იყო ჩემი ფანქრის სამიზნე ამ დრომდე. კარიკატურა, რომელიც მოკლეს, აკრიტიკებს ტექნოლოგიური კომპანიებისა და მედიაორგანიზაციების მილიარდერ მმართველებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, არჩეული პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვონ“, – დაწერა ენ ტელნაესმა.
მისი თქმით, კარიკატურა აკრიტიკებდა ამ მამაკაცებს, რომლებსაც მომგებიანი სამთავრობო კონტრაქტები და რეგულაციების გაუქმების ინტერესი აქვთ. თუმცა გვერდის რედაქტორი, დევიდ შიპლი ამბობს, რომ კარიკატურის გამოქვეყნებაზე უარი თქვა, რათა თავიდან აეცილებინა გამეორება და არა იმიტომ, რომ კარიკატურა გამოცემის მფლობელის მიმართ სატირული შინაარსის იყო. როგორც შიპლიმ „ბიბისის“ განუცხადა, ნახატი იმეორებდა სხვა კონტენტს.
„მე პატივს ვცემ ენ ტელნაესს და ყველაფერს, რაც მან „ვაშინგტონ პოსტს“ მისცა, თუმცა არ ვეთანხმები მოვლენების მისეულ ინტერპრეტაციას. ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება არ არის მავნე ძალის ანარეკლი. ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმ ფაქტით, რომ ჩვენ ახლახან გამოვაქვეყნეთ სვეტი იმავე საკითხზე, რაც კარიკატურისტმა და უკვე დავგეგმეთ მეორე – ამჯერად სატირული პუბლიკაციისთვის“, – განაცხადა რედაქტორმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელნაესის კარიკატურა გამოცემის კრიტიკას იწვევს. 2015 წელს გაზეთმა უარი თქვა მის ერთ-ერთ ჩანახატზე, სადაც ტეხასის სენატორის, ტედ კრუზის ქალიშვილები მაიმუნებად იყვნენ გამოსახული. მაშინ გადაწყვეტილების განმარტებისას „ვაშინგტონ პოსტმა“ განაცხადა, რომ მისი სარედაქციო პოლიტიკა არ დაუშვებდა ბავშვების ჩარევას.
- Details
- By ani
აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის საკითხი ყველაზე აქტუალური საერთაშორისო საკითხია და მას ნამდვილად შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი. თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინმა შესაძლოა მეორე შეტევა განახორციელოს, ნათქვამია ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.
მისი თქმით, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მან ტელეფონზე მითხრა, რომ ნამდვილად მოუთმენლად ელოდა ჩვენს შეხვედრას, ჩემი ვიზიტი იქნება პირველი ან ერთ-ერთი პირველი, ვიცი, რომ მას აქვს საკუთარი ამერიკული კითხვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე, ჩვენი შეკითხვა. პრეზიდენტ ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე თქვა, რომ ტრამპის ხედვა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან „მას შეუძლია პუტინის შეჩერება, რადგან პუტინს ეშინია მისი, ეს ფაქტია“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი სამუდამოდ არ მოსულა ხელისუფლებაში.
„ტრამპი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი და ის არ მოდის განუსაზღვრელი ვადით. ეს პუტინი არ არის და 25 წელია არ მოდის. თავის დროზე მოდის. მაგალითად, ის 4 წლით მოვიდა, მეხუთე წელს კი პუტინი ომით მოვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, პუტინი მკვლელია, მაგრამ არა სულელი.
„ის მოემზადება, გაითვალისწინებს თავის შეცდომებს, ექნება ბევრი იარაღი და ძალიან დიდი ჯარი. გგონია დაბრუნდება და მხოლოდ ჩვენთან იბრძვის? ის გაანადგურებს ყველაფერს მის ირგვლივ და თუ არსებობს რისკი, რომ ტრამპი დატოვებს ნატოს, პუტინი დაანგრევს ევროპას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
- Details
- By ani
More Articles …
Page 130 of 205