Featured Articles
მოსკოვში დააკავეს სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი. ამის შესახებ იტყობინება ტელეგრამის არხი „112“, ასევე იუწყება RBC შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. 112-ის ცნობით, დაკავება მოხდა ტვერსკაიას ქუჩაზე.
წინასწარი ინფორმაციით, კარაპეტიანი სომხეთის ძალოვანი უწყებების თხოვნით დააკავეს. ყოფილი თანამდებობის პირი სამშობლოში რამდენიმე მუხლით იძებნება. ესენია: „სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა“, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“.
2018 წლიდან 2021 წლამდე კარაპეტიანი იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი. 2021 წლის აგვისტოში ის სომხეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, თუმცა სამი თვის შემდეგ ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფაშინიანმა ეს გადაწყვეტილება ახსნა კარაპეტიანის მიერ სომხეთის საზღვრის დაცვაში წარუმატებლობით.
„მაშინ, როცა მისი მოხსენების დროს აზერბაიჯანის ჯარები შემოიჭრნენ [სომხეთის] ტერიტორიაზე, ჩვენი საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, და პოზიციებიც კი დაიკავეს, მან - თავდაცვის მინისტრმა - ან არ იცოდა ამის შესახებ, ან იცოდა და არ იტყობინებოდა. ასეთ პირობებში არავის შევეგუები“, განაცხადა ფაშინიანმა.
- Details
- By iaiaia
სამხრეთ კორეის სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მიმართ დაკავების ორდერი გასცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის სამხრეთ კორეაში მოქმედი პრეზიდენტის დაკავების პირველი ორდერი.
ორდერი მას შემდეგ გასცეს, რაც იოლმა, უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა.
გამომძიებლებმა იოლისთვის დაკავების ორდერი აჯანყებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გასცეს.
იუნ სუკ იოლის ადვოკატის, იუნ გაპ-გეუნის თქმით, ეს ნაბიჯი უკანონოა.
როგორც მედია წერს, დაკავების ორდერი ძალაშია 6 იანვრამდე და მისი აღსრულების შემდეგ იოლი, სავარაუდოდ, სეულის დაკავების ცენტრში იქნება განთავსებული.
15 დეკემბერს პარლამენტმა იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა და მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეჩერდა, თუმცა თანამდებობაზე დარჩა. გამოძიება ეხება იუნ სუკ იოლის მიერ 3 დეკემბერს გამოცხადებულ საომარ მდგომარეობას, რასაც პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
- Details
- By iaiaia
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 189 დამცველი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის დაბრუნება ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია ყოველი ჩვენგანისთვის და დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბის“ ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 87 უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა, 43 უკრაინის ევროვნული გვარდიის, 33 უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, 24 უკრაინის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა, რომელიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ საკოორდინაციო შტაბმა ჩაატარა. საერთო ჯამში, საკოორდინაციო შტაბის მუშაობის ფარგლებში რუსული ტყვეობიდან უკვე 3956 ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის 2024 წელს 1358 ადამიანი“, - აცხადებს უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი“.
- Details
- By Sali
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაადგინა რუსეთის სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომელიც მონაწილეობდა 2022 წელს ბუჩაში სამოქალაქო პირის მკვლელობაში. ამის შესახებ ბუჩის საკრებულო იტყობინება. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილს ჰქვია არტიომ ტარეევი, ის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 234-ე სადესანტო-საიერიშო პოლკის მეთაურია.
პოლიცია ირწმუნება, რომ 2022 წლის 5 მარტს სწორედ ტარეევმა „გასცა ბრძანება, ესროლათ ყველა სამოქალაქო პირისთვის, ვინც კი გამოჩნდებოდა ბუჩაში იაბლონსკაიასა და ვოდოპროვოდნაიას ქუჩების გადაკვეთაზე“.
ბუჩის მეზობელი სოფლის, მიხაილოვკის მცხოვრები, 52 წლის ირინა ფილკინა, 2022 წლის 5 მარტს მოკლეს, როცა ის ველოსიპედით ბრუნდებოდა შინ. მას მინიმუმ 15 ტყვია ესროლეს, მისი ცხედარი გზაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში რჩებოდა, სანამ რუსეთის ჯარები ბუჩას დატოვებდნენ.
ბუჩის გათავისუფლების შემდეგ ფართო გამოხმაურება მოჰყვა Reuters-ის კორესპონდენტის, ზოჰრა ბენსემრას მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია ტალახში მწოლიარე მკვდარი ქალის ხელი კაშკაშა მანიკიურით. ამ ფოტოს მიხედვით მანიაკიურის ოსტატმა ამოიცნო თავისი კლიენტი ფილკინა.
უკრაინის გამოძიების ინფორმაციით, ტარეევის ბრძანების შედეგად იაბლონსკაიას ქუჩაზე 13 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
რუსეთის ჯარების მიერ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩის ხუთკვირიანი ოკუპაციის შემდეგ აღმოაჩინეს მტკიცებულებები მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის, ასევე მათ მიმართ ძალადობის, წამებისა და ძარცვის შესახებ. მოკლულთა რიცხვი ასეულებს აღწევს. უკრაინა რუსეთის ჯარებს სდებს ბრალს დანაშაულში. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. ბუჩაში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც არ ემთხვევა მოსკოვის ოფიციალურ ხაზს, რუსეთის მოქალაქეები ექვემდებარებიან სისხლისსამართლებრივ დევნას „რუსული არმიის შესახებ ფეიკების“ მუხლებით.
- Details
- By Sali
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ტყვეების გაცვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა.
უწყება აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
გათავისუფლებული რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
- Details
- By ani
More Articles …
Page 136 of 205