Featured Articles
2025 წლის პირველი იანვრიდან რუმინეთი 30-მდე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროშო განაცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა 30 სახმელეთო გამშვებ პუნქტს დახურავს უნგრეთისა და ბულგარეთის საზღვრებზე, რადგან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრი გახდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საზღვრებზე შეიძლება, კვლავ შემოწმდეს დოკუმენტები.
გასულ თვეში ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე დაიდო შეთანხმება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნგრეთსა და რუმინეთს შორის სახმელეთო საზღვრებზე აღარ იქნება შემოწმება, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რუმინეთი შენგენის ზონის წევრი გახდა. ახალი წესები ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.
- Details
- By iaiaia
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა შობის დღესასწაულზე, 25 დეკემბერს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულ შეტევას.
თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიზანია ზამთარში უკრაინელ ხალხს წართვას ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომა და საშიშროება შეუქმნას უკრაინის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ის რუსეთის აგრესიაზე არ გაიმარჯვებს.
ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუგზავნა საჰაერო თავდაცვის ასეულობით რაკეტა და კიდევ უფრო მეტი გზაშია. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ ემზადება უკრაინისთვის კიდევ 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გასაწევად, რაც იქნება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე. ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან დაიწყებს, არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევა.
- Details
- By Sali
აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა დააზიანა.
ეს ვერსია აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებსა და რუს სამხედრო ბლოგერებსა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებს შორის მას შემდეგ, რაც გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზემოქმედების შედეგი იყოს.
როგორც BBC წერს, ვერსია ლოგიკურია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ისეთი სამსახურების მიერ, რომლებიც საჰაერო სივრცეს მეთვალყურეობას უწევენ და რაკეტების გაშვების დაფიქსირება შეუძლიათ.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საგენტოების თანახმად, გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტისკენ, სადაც უამინდობის გამო დაშვება ისევ ვერ მოხერხდა და თვითმფრინავმა გეზი ყაზახეთისკენ აიღო.
25 დეკემბერს, დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული დრონებით შეტევას იგერიებდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკაში.
სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ნაწილებად დაიშალა, 67 ადამიანი იმყოფებოდა - აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები.
25 დეკემბრის ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო 38-ის სიკვდილი. ყაზახეთის ხელისფლების ინფორმაციით, კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის პროკურატურა 32 გადარჩენილის შესახებ იუწყებოდა.
ზოგიერთი მათგანის ინფორმაციით, თვითმფრინავმა გროზნოში დაშვება სამჯერ საცადა. ერთ-ერთმა გადარჩენილმა რუსეთის პროპაგანდისტულ ტელეარხ RT-ს უთხრა, რომ იყო აფეთქება, თუმცა არა თვითმფრინავის შიგნით.
კატასტროფის ვერსიებად განიხილება ფრინველების გუნდთან თვითმფრინავის შეჯახებაც და ტექნიკური გაუმართაობა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ავიაკატასტროფის გამო სანქტ-პეტერბურგში, დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა შეწყვიტა და რუსეთიდან ბაქოში დაბრუნდა, 25 დეკემბერს განაცხადა, რომ არსებობს არაერთი ვერსია, კატასტროფის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მას გამოძიება დაადგენს.
26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღედაა გამოცხადებული.
- Details
- By Sali
რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, სხვა მიზეზებთან ერთად, მოტივად კომისიის მიერ ჯო ბაიდენისადმი მიმართვა დაასახელა, რომლითაც ჰელსინკის კომისიამ აშშ-ს მოუწოდა, უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მიეცა.
"აშშ-ის ჰელსინკის კომისიის საქმიანობა მიზნად ისახავს რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას. ორგანიზაციის წევრები მასიურად ავრცელებენ მასალებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას", - ამბობს პროკურორი.
- Details
- By ani
რომის პაპი ფრანცისკე საშობაო მიმართვით წარდგა. წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მიმართვისას მან მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვიდა.
„დაე, იარაღი დადუმდეს ომით მოცულ უკრაინაში. დაე, იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, მოლაპარაკებების, დიალოგისა და შეხვედრების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობა“, – თქვა ფრანცისკემ ტრადიციულ საშობაო სიტყვაში Urbi et Orbi („ქალაქსა და მსოფლიოს“).
მან ასევე ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისთვის ილოცა, განსაკუთრებით აღნიშნა ღაზა, სადაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი.
„დაე, იქ ცეცხლი შეწყდეს, დაე, მძევლები გათავისუფლდნენ და დახმარება მიეცეს ხალხს, რომლებიც შიმშილით და ომითაა დატანჯული“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა ასევე ლიბანსა და სირიაზე ისაუბრა. მიმართვისას გამოვიდა მოწოდებით, რომ დიალოგისა და მშვიდობის კარი გაიღოს მთელს რეგიონში, რომელიც განადგურებულია კონფლიქტით.
- Details
- By ani
More Articles …
Page 140 of 205