Featured Articles
მოლდოვაში პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლების კრიზისების, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, საზოგადოებამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა შეძლო.
„გულზე ხელის დადებით შემიძლია გითხრათ, პირველი მანდატის დროს თავდადებით ვმუშაობდი და კიდევ უფრო დიდი ნებით და ენერგიით გავაგრძელებ. ოთხი წლის შემდეგ თავმდაბლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად მივაღწიეთ იმას, რაც არასდროს გაკეთებულა, ერთად შევძელით ის, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა, მაია სანდუ კი მეორე ვადით იქნა არჩეული.
- Details
- By ani
თურქეთში, ბინგოლში უამინდობის გამო სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ძლიერი თოვა და გზის მოყინვა გახდა. მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. ბინგოლის გუბერნატორის თქმით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან.
- Details
- By Sali
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 23 დეკემბერს აღიარა, რომ ისრაელმა მოკლა ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული) ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე.
კაცმა მუქარა გამოთქვა, რომ “თავს წააცლის” იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების ხელმძღვანელობას. „ჰუსიტებს მძლავრად დავარტყამთ... და თავს წავაცლით მათ ხელმძღვანელობას - ისევე როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიეს, სინვარისა და ნასრალას შემთხვევაში თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ასევე ვიზამთ ჰოდეიტსა და სანაში“, - თქვა კაცმა.
მისი გამოსვლა ისრაელის თავდაცვის სამინისტროში გამართული თავყრილობის დროს იყო პირველი საჯარო აღიარება იმისა, რომ ისრაელი დგას ჰანიეს მკვლელობის უკან.
„ნებისმიერს, ვინც ხელს აღმართავს ისრაელზე, ხელს მოვაჭრით, და მას მოხვდება და პასუხისმგებლობას მოსთხოვს ისრაელის არმიის გრძელი ხელი“, - თქვა კაცმა, როგორც სამინისტრო აცხადებს.
ისრაელს დღემდე არ უღიარებია, რომ მოკლა ჰანიე, მაგრამ ირანი და ჰამასი მას ადანაშაულებდნენ ჰამასის ლიდერის მოკვლაში.
ჰანიე თეირანში, სტუმრებისთვის გამოყოფილ ბინაში, ემსხვერპლა აფეთქებას 31 ივლისს. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იქ რამდენიმე დღით ადრე მოათავსეს ისრაელის აგენტებმა. ჰანიე თეირანში წინა დღით ირანის პრეზიდენტის, მასულ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.
27 სექტემბერს ისრაელმა ნასრალა მოკლა ბეირუთში, 16 ოქტომბერს კი ჰანიეს პოლიტიკური მემკვიდრე სინვარი - ღაზის სექტორში.
ისრაელის ოფიციალური პირები თვლიან, რომ სინვარმა მოამზადა ისრაელზე თავდასხმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, რის საპასუხოდაც დაიწყო ისრაელმა საომარი მოქმედება ღაზაში.
- Details
- By Sali
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, კლინტონი ცხელების განვითარების შედეგად ვაშინგტონის კლინიკაშია მოთავსებული.
"პრეზიდენტი კლინტონი დღეს შუადღისას სიცხის მომატების გამო მოათავსეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებისა და დაკვირვებისთვის. ის მხნედ არის", - წერს კლინტონის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, ანხელ ურენია სოციალურ ქსელში.
- Details
- By Sali
ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში ჩაიძირა რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, რომელიც, სავარაუდოდ, სირიისკენ მიემართებოდა, რუსული სამხედრო ბაზიდან პერსონალის და ტექნიკის ევაკუაციის მიზნით.
გემის ჩაძირვის შესახებ ესპანეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით დღეს, 24 დეკემბერს, წერს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედიაზონა“. გემი ესპანეთის ქალაქ აგილესსა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.
ესპანური გამოცემა La Verdad-ის ინფორმაციით, მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს. ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი დაკარგულად ითვლება. გამოცემის წყაროთა ცნობით, ჩაძირვამდე გემზე აფეთქება მოხდა.
„მედიაზონა“ წერს, რომ გემი 11 დეკემბერს პეტერბურგიდან გავიდა და ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდა. Ursa Major-ი, რომელიც რუსეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია „ობორონლოგისტიკის“ საკუთრებაა, შორეული აღმოსავლეთის ნაცვლად აღმოჩნდა ხმელთაშუა ზღვაში, სადაც 23 დეკემბერს ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გემების გადაადგილების მარშრუტის ამსახველი სერვისის, MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, Ursa Major-ის გარდა, ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა კომპანია „ობორონლოგოსტიკის“ კიდევ ერთი სატვირთო გემი Sparta.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ორი გემი 2022 წლამდე გამოიყენებოდა სირიაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების მომარაგების მიზნით.
ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება რუსეთის სამი სადესანტო გემიც. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ სამხედრო და სატვირთო ხომალდების დანიშნულების ადგილი სირიაა, მიზანი კი ქალაქ ტარტუსში მდებარე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის ევაკუაცია.
რუსეთს, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი იყო, სირიაში ტარტუსის გარდა, აქვს ხმეიმიმის სამხედრო ბაზა. მათი შემდგომი არსებობა ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ადგილობრივმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ასადის რეჟიმი დაამხვეს და მან თავი რუსეთს შეაფარა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 142 of 205