Featured Articles
ვისკონსინის პოლიციამ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია განაახლა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის თავად თავდამსხმელი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო. მოკლულებს შორის არიან ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ხუთი დაღუპულის შესახებ.
დაშავებულია ასევე ექვსი მოსწავლე, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია.
შემთხვევა ქალაქ მედისონში მდებარე ერთ-ერთ ქრისტიანულ სკოლაში მოხდა. პოლიციამ სასწავლო დაწესებულებაში სროლის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დილის 10:57 საათზე მიიღო. ამასთან, მედისონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ და ცეცხლი არ გაუხსნიათ.
- Details
- By iaiaia
394-ხმით 207-ის წინააღმდეგ, გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.
მთავრობის წინააღმდეგ ხმა დააფიქსირეს უმსხვილესმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ და „ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა“. ასევე, მმართველი კოალიციიდან გასულმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“.
შოლცის მიმართ უნდობლობა დააფიქსირეს „სარა ვაგენკნეხტის კავშირმა“ და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“.
ახლა, პროცედურულად, კანცლერი ოლაფ შოლცი პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართავს.
- Details
- By iaiaia
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცეს. სიაში შედის 54 ადამიანი და 30 ორგანიზაცია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან.
შემაკავებელი ზომები მიმართულია „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომელთა წყალობითაც რუსეთი გვერდს უვლის ნავთობის „ფასის ჭერს“. ასევე სანქციების სამიზნეა ნავთობის სავაჭრო კომპანიები და მათთან დაკავშირებული გადამზიდები.
სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ მორდოვეთის ხელმძღვანელი არტიომ ზდუნოვი, მომღერალი ლარისა დოლინა, რუსი სამხედროები, გაზპრომის თანამშრომლები, ჩინელი ბიზნესმენები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალი - კსდრ-ის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე კიმ იონ ბოკი და თავდაცვის მინისტრი ნო კვანგ ჩოლი.
ზდუნოვს ბრალი ედება უკრაინიდან ბავშვების გაყვანასა და უკვე სანქციების ქვეშ მყოფ „პირველთა მოძრაობასთან“ კავშირში, დოლინას კი პროპაგანდისტულ საქმიანობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ოფიცერი კიმ იონ ბოკი, ევროკავშირის ცნობით, რუსეთში იმყოფება და აკონტროლებს კსდრ-ის კონტინგენტის განლაგებას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
შეზღუდვები გავრცელდა ასევე რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია „პიკზე“ და მის მთავარ აქციონერ სერგეი გორდეევზე. მათ ბრალად ედებათ რუსეთის არმიისა და უკრაინაში მოქმედი კერძო სამხედრო კომპანიების მოხალისეების დაფინანსება და გაწვევა. „პიკისა“ და გორდეევის წინააღმდეგ აშშ-ს უკვე დაწესებული აქვს სანქციები.
სანქციების სიაშია ასევე საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს.
ევროკავშირი მისი სანქცირების გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითებს, რომ იგი „პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროპის კავშირში“.
სანქციები ეხება პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებსა და საინფორმაციო მანიპულაციებში.
ევროკავშირის თანახმად, ავიაკომპანია Utair რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დახმარებას უწევდა სამხედრო პერსონალის საბრძოლო ზონაში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანასთან დაკავშირებით. შემზღუდველ სიაში ასევე მოხვდა დრონ „უპირის“ მწარმოებელი კომპანია „ურალდრონზავოდი“.
გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები კონტინენტური ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები. მათ ბრალი ედებათ ძრავების მიწოდებაში რუსული დრონებისთვის „გარპი-3“, ასევე ირანული დრონების, „შაჰედ-136-ის“ ძრავის კონსტრუქციის გაუმჯობესებაში ევროკავშირის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით.
- Details
- By Sali
ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ასამდე ადამიანია დაღუპული ტროპიკული ქარიშხლის, "შიდოს“ შედეგად მაიოტის არქიპელაგზე, ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიაზე.
რეგიონის პრეფექტის, ფრანსუა-კსავიე ბევილის თანახმად, ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა დაზუსტებული რაოდენობაა 14, 250 - დაიჭრა. მაგრამ ადგილობრივ საავადმყოფოებში ყველა დაღუპულის შესახებ ცნობა ვერ ხვდება - ძირითადად მუსლიმანური ტრადიციის გამო, რომლითაც გარდაცვლილს იმავე დღეს კრძალავენ.
დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად, არქიპელაგზე თითქმის ყველა ძველი და მყიფე საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ხელისუფლების განცხადებით, ასეთ სახლებში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. არსებობს შიში, რომ ბევრი მათგანი შეიძლება ვერ გადარჩა.
კუნძულ მაიოტაზე ჩადის მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება, აეროპორტს კი სამხედრო თვითმფრინავების მიღება შეუძლია. საფრანგეთმა კატასტროფის შედეგების მოსაგვარებლად სამხედრო და სამაშველო პერსონალი გაგზავნა.
მაიოტის არქიპელაგი მდებარეობს დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის სახელმწიფო მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის.
- Details
- By Sali
ორი რუსული ტანკერი კატასტროფას განიცდის ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროებიდან რვა კილომეტრში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია ტანკერი „ვოლოგონეფტ 212“, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი და ოთხი ათას ტონაზე მაზუთია. მეორე არის „ვოლოგონეფტ 239“ 14 მეზღვაურით და მსგავსი ტვირთით.
ორივე გემი დაზიანდა. უბედური შემთხვევების ზუსტი მიზეზი გაურკვეველია, მთავარი ვერსია არის ეკიპაჟის შეცდომა ქარიშხლის დროს. ქერჩის სრუტეში ძლიერი ტალღები ფიქსირდება, იქ ქარიშხალი შვიდ ბალს აღწევს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ტანკერი ფაქტობრივად შუაზეა გახლეჩილი. მისი წინა ნაწილი წყალში ვერტიკალურად დგას.
შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა მი-8 ტიპის ვერტმფრენი და სამაშველო ბუქსირი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ერთი მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. 12 მეზღვაური ცოცხლად იქნა გამოიყვანეს. დანარჩენები შეიძლება იყვნენ ან ჩაძირვის საფრთხის ქვეშ მყოფ გემებზე ან წყლის ზედაპირზე, მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 147 of 205