Featured Articles
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.
„ასადის მთავარი მხარდამჭერები, რუსები და ირანელები, სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ამისთვის, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ შეცდომა ან შემთხვევითობა“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა „სიენენთან“ საუბრისას.
ფაინერის თქმით, ასადის რეჟიმი, „ფაქტობრივად, რუსეთ-ირანის ერთობლივ საწარმოდ იქცა სირიაში, ხოლო ამ ერთობლივი საწარმოს არცერთ პარტნიორს აღარ შეეძლო რეჟიმის გადარჩენისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა“.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ დასძინა, რომ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღარ არის ასადი ხელისუფლებაში.
„ეს არ არის პირველი დანაკარგი, რომელიც ირანმა განიცადა ბოლო წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა ფაინერმა, რითიც მიანიშნა „ჰამასსა“ და „ჰეზბოლაზე“.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კიევი მზად არის, „დაფიქრდეს და იმუშაოს“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ რუსეთთან კონფლიქტის „გაყინვის“ შემთხვევაში. ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მაკრონი ემხრობა ქვეყანაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსებას უსაფრთხოების გარანტის სახით, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ მაკრონი ადრე არ გამორიცხავდა ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას.
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა რომ კვლავ დაიწყეს ამ იდეის განხილვა - არა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, არამედ უკრაინისთვის დამატებითი გარანტიების მიცემა - ამაზე ბოლო დროს წერს მედია. მაკრონი ოფიციალურად არ გამოსულა კონკრეტული წინადადებით.
ზელენსკი მაკრონს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს შეხვდა პარიზში. მაკრონის წინადადების არსებობის შესახებ მან ორშაბათს ახსენა კიევში გერმანიის ოპოზიციური ბლოკის, CDU/CSU-ს ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე.
ზელენსკის თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინისთვის აუცილებელია „აიძულოს“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შეაჩეროს ომი. ამასთან, ზელენსკიმ არ გამორიცხა საომარი მოქმედებების „პაუზის“ შესაძლებლობა, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ასეთი „პაუზა“ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება. პრეზიდენტი ასეთ გარანტიებს ხედავს უკრაინის ნატოში მიწვევაში და, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ქვეყანაში უცხოური ჯარების შესაძლო განლაგებაში - სანამ უკრაინა ფორმალურად შეუერთდება ნატოს.
ზელენსკის თქმით, ის უახლოეს მომავალში აპირებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარში განიხილოს უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპთან ამ საკითხის განხილვას ჯერ აზრი არა აქვს, რადგან მას პრეზიდენტის თანამდებობა ჯერ არ დაუკავებია. ტრამპი New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, კვლავ გამოვიდა უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით და აღნიშნა, რომ ზელენსკიმ უთხრა, რომ „მშვიდობა სურს“.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინის ოფიციალური მიწვევა არის ვოლოდიმირ ზელენსკის ეგრეთ წოდებული „გამარჯვების გეგმის“ პირველი პუნქტი. იმისათვის, რომ ასეთი მიწვევა გაიცეს, საჭიროა ნატოს 32-ვე ქვეყნის თანხმობა. კომენტატორებმა დიდი ეჭვი გამოთქვეს, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია უახლოეს მომავალში. ისინი მიუთითებენ ისეთი ქვეყნების პოზიციაზე, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია. ნატოში უკრაინის ახლავე მიწვევის თაობაზე მზადყოფნის შესახებ არც აშშ-ს გაუკეთებია განცხადება.
- Details
- By Sali
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებული მხარდამჭერების შეწყალებას გეგმავს.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.
ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად, პირველივე დღეს იმოქმედებს, რადგან მისი გასამართლებული მხარდამჭერები „ჯოჯოხეთში ცხოვრობენ”. ამასთან, დონალდ ტრამპმა დაზუსტა, რომ შეწყალება არ შეეხება „რადიკალებს” და „შეშლილებს”.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებითვე, ციხეში უნდა გაუშვან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი წევრი, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
NBC News-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულია სულ მცირე 1572 პირი. მათგან 645-ს სასამართლომ უკვე მიუსაჯა სხვადასხვა ვადით პატიმრობა(მაქსიმალური სასჯელი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა).
78 წლის დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
- მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
- მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დაიხურა პრეზიდენტად ტრამპის არჩევის გამო.
- Details
- By Sali
სირიელი მეამბოხეების მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს ექსტრემისტული დაჯგუფების, ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 8 დეკემბერს სირიის ცენტრალურ ნაწილში დაბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ 75-ზე მეტი ობიექტი.
სარდლობის განცხადებით, წერტილოვანი დარტყმების მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში შექმნილი არასტაბილური სიტუაციით სარგებლობის აღკვეთა.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები В-52, F-15 და A-10.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ მაიკლ კურილას განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ არ მისცემენ აღორძინების და სირიაში შექმნილი სიტუაციით სარგებლობის უფლებას.
ამერიკელმა გენერალმა სირიაში მოქმედი ყველა დაჯგუფება გააფრთხილა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის, ან ნებისმიერი სახით მხარდაჭერის შემთხვევაში, პასუხი მათაც მოეთხოვებათ.
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი 8 დეკემბერს დაამხო მეამბოხე ისლამისტების დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა"(HTS), რომელიც მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
სირიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები.
ოპოზიციური გაერთიანებების გარდა, შეიარაღებულ კონფლიქტში მხარდამჭერ ადგილობრივ ჯუფებთან ერთად ჩაერთნენ მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული „ალ-ყაიდა" და „ისლამური სახელმწიფო".
13-წლიანი ომის შედეგად დაღუპულია 500 000-მდე ადამიანი, მათ შორის 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ათასობით დაიღუპა ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.
ომის დაწყებამდე სირიის მოსახლეობა 16,5 მილიონი იყო. 6,5 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ გაიქცა.
- Details
- By Sali
დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში - უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
"ასადი ქვეყნიდან გაიქცა - მისი მფარველი რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით
ძალიან ბევრი ადამიანი უაზროდ კვდება, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ და უარეს სიტუაციაში. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. დროა იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია დახმარება. მსოფლიო ელოდება!
მათ [რუსებმა] დაკარგეს ყოველგვარი ინტერესი სირიის მიმართ უკრაინის გამო, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, ერთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე კი ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო. ანალოგიურად, ზელენსკის და უკრაინას სურთ გარიგების დადება და ამ სიგიჟის შეჩერება. მათ [უკრაინელებმა] დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე“
- Details
- By rusa
More Articles …
Page 151 of 205