Featured Articles
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე მანდატის ამოწურვამდე, 2027 წლის მაისამდე დარჩება.
„მანდატი, რომელიც თქვენ მომეცით, ხუთწლიანია და მას ბოლომდე გამოვიყენებ“, – განაცხადა მაკრონმა ვიდეომიმართვაში და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ახალ პრემიერ-მინისტრს დაასახელებს.
მაკრონმა არსებული სიტუაცია ოპოზიციონერი დეპუტატების „უპასუხისმგებლობას“ დააბრალა და აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენეებმა და ულტრამემარცხენეებმა „ანტირესპუბლიკური ფრონტი“ შექმნეს.
„მე არასდროს ვიკისრებ პასუხისმგებლობას სხვების უპასუხისმგებლობაზე, განსაკუთრებით იმ დეპუტატების, რომლებმაც შეგნებულად აირჩიეს საფრანგეთის ბიუჯეტისა და მთავრობის დამხობა შობამდე რამდენიმე დღით ადრე“,- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უახლოეს დღეებში დაასახელებს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომლის პრიორიტეტიც ქვეყნის ბიუჯეტის საკითხი იქნება.
„წლის დასაწყისში ეს მთავრობა შეიმუშავებს ახალ ბიუჯეტს, რაც აუცილებელია ფრანგი ხალხის დასაცავად ინფლაციით გამოწვეული ავტომატური საგადასახადო ზრდისგან. აუცილებელია ეს ბიუჯეტი წლის დასაწყისშივე გვქონდეს, რათა ქვეყანამ შეძლოს, როგორც დაგეგმილია, ინვესტირება ჩვენს არმიაში, სასამართლო სისტემაში, პოლიციაში, ასევე დაეხმაროს გაჭირვებულ ფერმერებს და მხარი დაუჭიროს ახალ კალედონიას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს, რათა უნდობლობა გამოეცხადებინათ ბარნიეს მთავრობისთვის, რომელმაც ქვეყნის დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ბიუჯეტი წარადგინა. ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიშელ ბარნიე და მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე ახალი მთავრობა დასახელდება.
- Details
- By ani
6 დეკემბერს, გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ ქერჩის რაიონში. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან.
რუსეთის მიერ აშენებული ე.წ. ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდისკენ მიმავალი გზების საინფორმაციო ცენტრის ოპერატიული არხით დილის 6 საათისთვის გავრცელდა შეტყობინება, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყვეტილია. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ყირიმის თავზე გაანადგურეს ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო შავ ზღვაში - ორი უეკიპაჟო კატერი, რომლებიც ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი.
უკრაინამ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარი აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.
2023 წლის ივლისში ყირიმის ხიდზე მორიგი შეტევა განხორციელდა.
- Details
- By Sali
ენგურჰესის კომპლექსი ჯვარის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ავარიული გათიშვის ზღვარზეა. ამის გამო აფხაზეთის ნაწილი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული უსაფრთხოების შტაბის სხდომაზე ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკას რუსეთიდან მოთხოვნილი ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდა მოუწია.
"იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, ეს არის არა ავარიული, არამედ უკვე საგანგებო მდგომარეობა," - განაცხადა ჯინჯოლიამ.
შეგახსენებთ, ენგურის კაშხალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ტურბინები ოკუპირებულ გალის რაიონში. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. არსებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 20% რჩება საქართველოს, ხოლო 80%-ს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოიხმარს.
- Details
- By ani
ოფიციალური კიევი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აანონსებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან გასცა დავალება შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები მომზადდეს. ამასთან, ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდეტნმა აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენები დასტურია იმის, თუ "როგორ მიყავს დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებულებაზე".
საქართველოში რაც ხდება, არის არა ერთი ერის და არა მარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა — თუ როგორ მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველო რუსეთზე დამოკიდებულობაზე. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ ამ ხელისუფლებას, ეს ნათლად აღნიშნავს, ვისზე მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ მიტინგებს.
ნამდვილად არ აკეთებენ ამას საქართველოსთვის. ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაგირებას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“, — ნათქვამია მის განცხადებაში.
- Details
- By ani
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლი, მოულოდნელად ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ექვსი საათის შემდეგ დასრულდა. ბოლოს საომარი მდგომარეობა სამხრეთ კორეაში 1979 წელს დაწესდა მაშინდელი დიქტატორის პარკ ჩუნგ-ჰის მკვლელობის შემდეგ.
3 დეკემბრის მიმართვაში, პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა "კომუნისტური ძალებისგან" კონსტიტუციური წესრიგის და ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოქმნილი საფრთხეებისგან დასაცავად აუცილებელ ღონისძიებად გამოაცხადა. მისი თქმით, საფრთხე მოდიოდა, როგორც ჩრდილოეთ კორეიდან, ასევე ადგილობრივი "ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებიდან“, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას.
პრეზიდენტის ოპოზიციას სახელმწიფო მუშაობის პარალიზებაში ადანაშაულებდა, სამთავრობო ფიგურებისა და ოფიციალური პირების იმპიჩმენტის მცდელობით. მისი თქმით, ახალი მთავრობის მუშაობის დაწყებიდან (არჩევნები მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართა) ეროვნული ასამბლეა იმპიჩმენტით დაემუქრა 22 საჯარო მოხელეს, მათ შორის რამდენიმე პროკურორს, შს მინისტრს და თავდაცვის მინისტრს.
”ეს არის აშკარა ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც არღვევს თავისუფალი კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციურ წესრიგს და ანადგურებს კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობს სამოქალაქო ომის პროვოცირებას.
ჩვენი ეროვნული ასამბლეა კრიმინალური ჯგუფების ბუნაგად იქცა და ცდილობს ქვეყნის სასამართლო-ადმინისტრაციული სისტემის პარალიზებას და ლიბერალური დემოკრატიის სისტემის დამხობას საკანონმდებლო დიქტატურით“, - თქვა მან ერისადმი მიმართვაში.
საომარი მდგომარეობის შემოღებას არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია არ ეთანხმებოდნენ. სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ლი ჯაე-მიუნგმა მას არაკონსტიტუციური უწოდა, პრეზიდენტის პარტიის "ხალხის ძალაუფლების" ხელმძღვანელმა, ჰან დონ-ჰუნმა კი უკანონო უწოდა და ხალხს მის დაბლოკვას დაჰპირდა.
გენერალ პარკ აჰნ-სოს ბრძანებულებით, რომელიც პასუხისმგებელი იყო საომარი მდგომარეობის აღსრულებაზე, აკრძალული იყო ყველა პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის პარლამენტის, ადგილობრივი საბჭოების, პოლიტიკური პარტიებისა და ასოციაციების მუშაობა, ასევე მიტინგები, დემონსტრაციები და გაფიცვები. ასევე, მედია მოექცა სამხედრო სარდლობის კონტროლს ქვეშ და, შესაბამისად, აიკრძალა "ყალბი ამბების გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და ცრუ პროპაგანდა“. განკარგულების დამრღვევებს ემუქრებოდნენ ორდერის გარეშე ჩხრეკით, დაკავებით და დასჯით.
მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა, ხალხმა შეკრება ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობასთან დაიწყო. შენობის შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ. შენობის თავზე კი სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ.
კენჭისყრის შედეგად, 300-დან 190-მა დეპუტატმა (მათ ვინც შეძლო სხდომათა დარბაზში შესვლა) მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის მოხსნის გადაწყვეტილებას.
სამხედროებმა, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ეროვნული ასამბლეის შენობაში შესვლას (მედია წერდა, რომ ზოგიერთმა ეს მოახერხა), გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრის შემდეგ დაიწყეს ტერიტორიის დატოვება.
BBC-ის სეულის კორესპონდენტი ჯეიკ კვონის ცნობით, მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ სკანდირებდნენ "არა საომარი მდგომარეობას“, "მოდით, დავამხოთ დიქტატურა“ და "გააღეთ კარიბჭე“.
ასევე დაფიქსირდა შეტაკებები პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის მთავარ შესასვლელთან.
The New York Times-ი იტყობინება, რომ ეროვნული ასამბლეის წინ ხალხმრავლობა ღამით გაიზარდა და პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებები გახშირდა.
პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის მოხსნაზე თანხმობის ამბავს პარლამენტთან შეკრებილები სიხარულით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც სამხრეთ კორეაში მიმდინარე გაზაფხულზე გაიმართა, დემოკრატიულმა პარტიამ ეროვნული ასამბლეის 300 ადგილიდან 192 მოიპოვა. პრეზიდენტის "სახალხო ძალაუფლების" პარტიის არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შედეგად, გადადგა ამ პარტიის ლიდერი ჰან დონ-ჰუნი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰან დეოკ-სო.მედია წერდა, რომ გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც შუალედური რეფერენდუმი პრეზიდენტ იუნ სუკ-იოლისადმი ნდობის საკითხზე, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩა ხელისუფლებაში ყოფნის სამი წელი.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 154 of 205