Featured Articles
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჰავაის შტატიდან, ტულსი გაბარდი წარადგინა. ის ადრე დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ რესპუბლიკელების მხარდაჭერა დაიწყო. გაბარდი დაეხმარა ტრამპს 2024 წელს ჰარისის წინააღმდეგ დებატების მომზადებაში.
ტულსი გაბარდი 43 წლისაა, ის ამერიკის სამოას ტერიტორიაზე დაიბადა, გაიზარდა ჰავაიზე და ბავშვობის ერთი წელი გაატარა ფილიპინებში. პირველად ის წარმომადგენლობით პალატაში 21 წლის ასაკში აირჩიეს, თუმცა ერთი ვადის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
მოგვიანებით იგი კონგრესში აირჩიეს ჰავაის წარმომადგენლად. როგორც წარმომადგენელთა პალატის პირველმა ინდუისტმა წევრმა, გაბარდმა ფიცი დადო ბჰაგავად გიტაზე, ინდუისტურ რელიგიურ ნაწარმოებზე. ის ასევე იყო პირველი სამოელი ამერიკელი, რომელიც აირჩიეს კონგრესში.
გაბარდი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა არმიის ეროვნულ გვარდიაში, გაგზავნილი იყო ერაყსა და ქუვეითში. მან მიიღო საბრძოლო სამედიცინო სამკერდე ნიშანი 2005 წელს
გაბარდი დაქორწინებულია კინემატოგრაფისტ აბრაამ უილიამსზე.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი შეიქმნა 2004 წელს, როგორც 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ აშშ-ს დაზვერვაში განხორციელებული ცვლილებების ნაწილი. კანონმდებლები იმედოვნებდნენ, რომ ახალი ოფისი უწყებათაშორისი თანამშრომლობის გამარტივებით თავიდან აიცილებდა დაზვერვის წარუმატებლობას.
- Details
- By ani
ერთმანეთის ნახვით დიდი სიამოვნება მივიღეთ და ინაუგურაციამდე კიდევ ერთხელ შეხვედრას ვგეგმავთ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ხელახლა გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო გრძელი, ძალიან გრძელი გზა. ორივე მხარემ ბევრი იმუშავა და მან საკმაოდ კარგად გაართვა თავი კამპანიასა და ყველაფერს. ჩვენ მართლაც კარგი შეხვედრა გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები და უკრაინაში მიმდინარე ომი.
„მე ვთხოვე თავისი მოსაზრებების გაზიარება და მანაც გამიზიარა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთზეც. მინდოდა, მცოდნოდა მისი ხედვა იმის შესახებ, თუ სად ვართ და რას ფიქრობს. მან კი ძალიან თავაზიანად გამიზიარა თავისი მოსაზრებები“,- განაცხადა ტრამპმა.
ადმინისტრაციებს შორის მშვიდ გადაბარებასთან დაკავშირებით ტრამპმა აღნიშნა, რომ მისა და მოქმედი პრეზიდენტის გუნდებს შორის „ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობაა“.
„ოვალური კაბინეტი მშვენიერია და მოუთმენლად ველი იქ დაბრუნებას“, – აღნიშნა ტრამპმა.
- Details
- By ani
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერად ჯონ ტუნი აირჩიეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სამხრეთ დაკოტას რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ ტუნი მიტჩ მაკკონელის ადგილს დაიკავებს, რომელიც 20 წელია, სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერია.
მეორე დახურულ კენჭისყრაში ტუნმა დაამარცხა სენატორი ჯონ კორნინი. კენჭისყრის შედეგად, ტუნმა მიიღო 29 ხმა, ხოლო კორნინმა 24. პირველ საიდუმლო კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა უმრავლესობა, რის გამოც მეორე საიდუმლო კენჭისყრაში მხოლოდ ტუნი და კორნინი მონაწილეობდნენ.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობიდან გადადგება.
- Details
- By ani
16 ნოემბერს, პერუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ეს იქნება ბაიდენის ბოლო შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან პრეზიდენტის რანგში.
ოფიციალური პირების განცხადებით, ლიდერები პერუში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან.
მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებზე.
- Details
- By ani
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში დაპატიჟა.
მოქმედი ადმინისტრაციის მიერ გამარჯვებული კანდიდატის დაპატიჟება აშშ-ში წესია, ხოლო ტრამპმა ეს წესი გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაარღვია და ბაიდენს არ უმასპინძლა.
აშშ-ის მოქმედსა და ახლად არჩეულ პრეზიდენტებს შორის კომუნიკაცია ამ პერიოდში ტელეფონის საშუალებით შედგა. პირველად ტრამპის მკვლელობის მცდელობის დროს, ხოლო მეორედ მისი გამარჯვების შემდეგ.
- Details
- By ani
More Articles …
Page 164 of 204