Featured Articles
დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად დავწერთ იმ ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა ჰარისის საარჩევნო შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო შტაბის მონაცემებით, დილის 11 საათისთვის პენსილვანიის შტატის ოლქებში კამპანიის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა 100 000-ზე მეტ კარზე დააკაკუნეს.
ამასთან, პენსილვანიის შტატში დემოკრატების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა აქცია გამართა, რათა აღნიშნულ მერყევ შტატში ამომრჩეველთა აქტივობა გაზარდოს.
პარალელურად, კამალა ჰარისი ინტერვიუებში მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვესაუბრები ხალხს და ვახსენებ მათ, რომ უნდა გავიდნენ და მისცენ ხმა. მოვუწოდებ ყველას, დაიმახსოვრონ, რომ ჩვენს დემოკრატიაში ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და თქვენი ხმა არის თქვენი ძალა“, – განაცხადა ჰარისმა რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.
- Details
- By iaiaia
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ურთიერთუნდობლობა გახდა.
ნეთანიაჰუს განმარტებით, გალანტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი შეცვლის, ხოლო გიდეონ საარი ისრაელ კაცის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
"სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეირყა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მიუღებელი გზით, და რაც უფრო უარესია, ეს ინფორმაცია მტერმაც შეიტყო - ჩვენმა მტრებმა ამით ისარგებლეს და დიდი სარგებელიც ნახეს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მთავრობის წევრთა უმრავლესობა მის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
- Details
- By iaiaia
პენსილვანიის შტატში საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკელების ოთხი ათასზე მეტი ხმა გასაჩივრდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, 14 საარჩევნო ოლქში გასაჩივრებული საქმეები ეხება ორ ცალკეულ ჯგუფს: ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, გაგზავნეს თავიანთი ფოსტა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შეცვლის გარეშე და არასამხედრო ამერიკელ ამომრჩევლებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ.
ნებისმიერი ბიულეტენი იმ ამომრჩევლებისგან, რომელთა განაცხადები გასაჩივრებული იყო, უნდა იყოს დაყადაღებული, ვიდრე საოლქო საარჩევნო საბჭოს წარმომადგენლები არ გამართავენ მოსმენას პრეტენზიების განსახილველად. ეს უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 8 ნოემბრისა. ვინაიდან პენსილვანია საკვანძო შტატია, ეს 4 300 ბიულეტენი შეიძლება, იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს აქ და მიიღებს 19 ხმას საარჩევნო კოლეგიაში. ბოლომდე გაურკვეველია, ვინ წარადგინა თითოეული საჩივარი, თუმცა გავრცელებული ცნობით, ჩესტერის ოლქში, საჩივარი შეიტანა ტრამპის მხარდამჭერმა. ამასთან, იორკის ოლქში 354-ვე საჩივარი უკვე უარყოფილია.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კონექტიკუტის, მენის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და ვირჯინიის შტატებში პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა შტატებშიც, მათ შორის კოლუმბიის ფედერალურ ოლქში.
უმეტეს შტატში ხმის მიცემის პროცესი 12-14 საათი გრძელდება. შტატების უმეტეს ნაწილში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება (თბილისის დროით დილის 05:00 საათზე).
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ სანაპიროზე რამდენიმე ე.წ. „მერყევი“ შტატია, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მწვავე კონკურენციას ექნება ადგილი. ასეთ შტატებს შორის არის ფლორიდა, პენსილვანია, ოჰაიო, მიჩიგანი, ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა.
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.
- Details
- By Sali
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.
თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი / ოჰაიოს შტატის სენატორი, ჯეი დი ვენსი („რესპუბლიკური“ პარტია) და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი / მინესოტის შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი („დემოკრატიული“ პარტია).
კამალა ჰარისი „დემოკრატიული“ პარტიის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეთიშა არჩევნებს.
ტრამპი ჰარისს გამოცდილების არქონაში ადანაშაულებს, მის პოლიტიკას რადიკალურად მემარცხენეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი არჩევა ქვეყანაში სოციალისტურ შემობრუნებას გამოიწვევს.
ჰარისი აცხადებს, რომ ტრამპი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ადანაშაულებს მას საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შელახვის მცდელობაში.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ-ნოტჩის დასახლებაში გაიხსნება (თბილისის დროით 5 ნოემბრის 09:00 საათზე).
თბილისის დროით 15:00 საათზე საარჩევნო უბნები მენის, კონექტიკუტის, ნიუ-იორკის და ვირჯინიის შტატებში გაიხსნება, ხოლო 16:00 საათზე კი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა შტატებში.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:00 საათზე).
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 174 of 204