Featured Articles
პენსილვანიის შტატის უმსხვილესი ქალაქის სამართალდამცავმა ორგანომ, ფილადელფიის ოლქის პროკურატურამ, მილიარდერ ილონ მასკისა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი „ამერიკან პაკის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, მასკის ორგანიზაციის ინიციატივა, რომელიც ე.წ. მერყევ შტატებში ყოველდღიურად მილიონი დოლარის გათამაშებას ითვალისწინებს, „უკანონო სქემას“ წარმოადგენს.
პროკურატურის განცხადებით, საქმე მოითხოვს გადაუდებელ ყურადღებას და სასამართლომ მსგავსი ლატარიის გამართვა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა აკრძალოს.
„საქმე არ ეხება იმის გარკვევას, დაარღვიეს თუ არა მოპასუხეებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ამკრძალავი შტატის თუ ფედერალური კანონები. პირიქით, საქმე მარტივია – „ამერიკან პაკი“ და მასკი აშკარად არღვევენ საკანონმდებლო აკრძალვებს“, – ნათქვამია სარჩელში.
მასკის ინიციატივა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. გეგმის თანახმად, ყოველდღიურად ერთი მილიონი დოლარი უნდა გადაეცეს შემთხვევით შერჩეულ ამომრჩევლებს შვიდი მერყევი შტატიდან: პენსილვანია, ჯორჯია, ნევადა, არიზონა, უისკონსინი, მიჩიგანი და ჩრდილოეთ კაროლინა. სწორედ ამ შტატებშია მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მძაფრი კონკურენცია.
ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეებს მოეთხოვებათ ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება და პეტიციის ხელმოწერა, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ და მეორე შესწორებას – სიტყვის თავისუფლებასა და იარაღის ტარების უფლებას.
სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ „ამერიკან პაკი“ იყენებს „მაცდურ, ბუნდოვან და შეცდომაში შემყვან“ განცხადებებს. მათი თქმით, მასკის ლატარიის წესების სრული კრებული არ არსებობს, ხოლო განცხადებები გამარჯვებულების შემთხვევითი შერჩევის შესახებ „არასარწმუნოა, ვინაიდან ყველა მათგანი დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგებს ესწრებოდა“.
განსაკუთრებით საყურადღებოა პენსილვანიის შემთხვევა, სადაც, მთავარი პრიზის გარდა, მასკი გეგმავს თითოეულ რეგისტრირებულ ამომრჩეველს, რომელიც პეტიციას მოაწერს ხელს, 100 დოლარი გადაუხადოს. დამატებით, შვიდივე მერყევ შტატში ხელმომწერებს 47 დოლარს ჰპირდებიან, თუ ისინი კიდევ ერთ ამომრჩეველს დაარწმუნებენ პეტიციის ხელმოწერაში.
პენსილვანიის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯოშუა შაპირომ საჯაროდ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ.
„მე აღარ ვარ პენსილვანიის გენერალური პროკურორი, მე გუბერნატორი ვარ, მაგრამ ეს ლატარია სერიოზულ კითხვებს ბადებს“, – განაცხადა ჯოშუა შაპირომ.
ფედერალური კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ფულის გადახდას რეგისტრაციის ან ხმის მიცემისთვის.
დამრღვევებს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- Details
- By ani
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს კოგნიტური უნარების ტესტის ჩაბარება შესთავაზა.
ამის შესახებ მან CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ტრამპი მართლაც უფრო და უფრო არასტაბილური და არაადეკვატური ხდება. მიმართავს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, რადგან რეალურად არ აქვს გეგმა ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც დონალდ ტრამპთან თანამშრომლობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ გააკეთეს განცხადებები.
კამალა ჰარისის თქმით, ეს იმის დასტურია, რომ ტრამპი „არ გამოდგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“.
კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპზე მსგავსი განცხადებები გასულ დღეებშიც გააკეთა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატს არასტაბილური და პოზიციისთვის შეუფერებელი უწოდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადებები ვიცე-პრეზიდენტის ინტელექტის შესახებ.
- Details
- By Sali
ისრაელმა "მიზანმიმართული და ზუსტი" დარტყმა განახორციელა ირანზე, პასუხად მიმდინარე თვეში ირანის მხრიდან ისრაელზე მიტანილ იერიშებზე, - აცხადებს ისრაელის არმია და ამბობს, რომ დარტყმები დასრულებულია.
"შემიძლია დავადასტურო, რომ დავასრულეთ ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმებზე ისრაელის წინააღმდეგ. განვახორციელეთ მიზანმიმართული და ზუსტი დარტყმები ირანში სამხედრო სამიზნეებზე და აღვკვეთეთ მყისიერი საფრთხე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა ვიდეომიმართვაში და დასძინა, - "ჩვენი თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ შინ".
ირანი აცხადებს, რომ ისრაელის შეტევას ემსხვერპლა ორი სამხედრო და ადასტურებს, რომ დარტყმების სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები თეირანის მიმდებარე რეგიონსა და სხვა არეალებში. ირანის თანახმად, ზიანი მცირეა.
ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იუწყება, რომ ირანში ჩვეულებრივად აღდგა ავიარეისები, მცირედი შეფერხების შემდეგ.
- Details
- By Sali
ისრაელის არმიის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელმა დარტყმები ირანის სარაკეტო საწარმოებზე განახორციელა.
„როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სუვერენულ ქვეყანას, ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება და მოვალეობა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ირანის რეჟიმი და მისი მარიონეტული ძალები რეგიონში განუწყვეტლივ ესხმიან თავს ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.
„ჩვენი თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები სრულად არის მობილიზებული. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის ხალხის დასაცავად“, – ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მათივე თქმით, ისრაელი იტოვებს უფლებას, თავი დაიცვას ირანის მხრიდან ახალი თავდასხმების შემთხვევაში.
„სიენენი“ იუწყება, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმების სამი სერია განახორციელა. მედიის ცნობით, ოპერაციაში 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. „სიენენის“ წყაროების ცნობით, ისრაელის ოპერაცია ამჟამად დასრულებულია.
ირანის განცხადებით, ისრაელის იერიშმა „შეზღუდული ზიანი“ გამოიწვია. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა „თავდასხმა განახორციელა სამხედრო ცენტრების ნაწილზე თეირანის, ხუზესტანისა და ილამის პროვინციებში.“
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმა წარმატებით იყო აღკვეთილი და მოგერიებული ირანის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ.
„დღეს დილით ისრაელმა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მიზნით განახორციელა თავდასხმა რამდენიმე სამხედრო ობიექტზე თეირანის, ხუზესტანისა და ილამის პროვინციებში. მიუხედავად ქვეყნის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმატებული ჩარევისა და წინააღმდეგობისა, თავდასხმამ შეზღუდული ზიანი მიაყენა ზოგიერთ რაიონს, რომლის საბოლოო მასშტაბები ამჟამად შეფასების პროცესშია“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელსაც ირანის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
- Details
- By iaiaia
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა კიევში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიღებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ანტონიო გუტერეში გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ის რუსეთში მიმდინარე BRICS-ის სამიტზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
„გაეროს გენერალური მდივანი - ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას და განამტკიცოს - ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად. ამავდროულად, ანტონიო გუტერეშმა ვერ გამონახა დრო შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტზე დასასწრებად. მან უგულებელყო ღონისძიება, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სამართლიანობისა და გაეროს დამფუძნებელი წევრის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას განიხილავდნენ“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 184 of 204