Featured Articles
რომის პაპმა ფრანცისკემ პირველი ავტობიოგრაფია დაწერა. The Guardian-ი გამომცემლობა Penguin Random House-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ წიგნი სახელწოდებით „იმედი“ 2025 წლის იანვარში გამოვა.
ფრანცისკეს თანაავტორი იტალიელი გამომცემელი კარლო მუსო გახდა. ისინი წიგნზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა თავიდან ნამუშევრის გამოქვეყნებას პონტიფექსის გარდაცვალების შემდეგ გეგმავდნენ.
გამომცემლობაში განმარტავენ, რომ რომის პაპმა გადაიფიქრა და წიგნის ახლა გამოქვეყნება „ჩვენი დროის საჭიროებებიდან გამომდინარე“ გადაწყვიტა.
წიგნი ფრანცისკეს სიცოცხლეზე მოგვითხრობს - დაბადებიდან ამ დრომდე. ავტობიოგრაფიაში რომის პაპი მსჯელობს ეკლესიის მომავალზე, გლობალურ კონფლიქტებზე, ფეხბურთსა და ბევრ სხვა თემაზე.
მემუარები 80 ქვეყანაში 2025 წლის 14 იანვარს გამოქვეყნდება.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნატოში მიწვევა - რუსეთთან ომის შეწყვეტის ერთადერთი გზაა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც ზელენსკი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, უკრაინის ნატოში მიწვევა მისი ხუთპუნქტიანი გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტია, რამაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასვას.
„ჩვენ ვერ ვიქნებით ძლიერები მიწვევის გარეშე, რამაც, თავის მხრივ, ჩვენი დიპლომატია უნდა გააძლიეროს, რათა ომი დავასრულოთ“, - განუცხადა ზელენსკიმ The Financial Times-ს.
„ეს ომი დასრულდება მაშინ, როცა პუტინი იზოლაციაში აღმოჩნდება, და სხვა პარტნიორები მას დიპლომატიისკენ უბიძგებენ“, - დასძინა მან.
გამოცემის მტკიცებით, იმ დროს, როცა ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსში წევრობის შეუქცევად გზას ადგას, აშშ და გერმანია კიევისთვის მიწვევის გაგზავნისგან ფორმალურად თავს იკავებენ, რადგან რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის ეშინიათ.
ზოგი ოფიციალური პირი პირად საუბრებში ამბობს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოსკოვთან მოლაპარაკებების დროს სავაჭრო თემა იქნება. „ნატოში მიწვევა ჩვენი ხალხისა და ჯარისკაცების მორალურ სულს აამაღლებს“, - აცხადებს ზელენსკი. „მიწვევა ნიშნავს კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ნატოსკენ, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მათი შვილები აღარ მოკვდებიან. არასდროს, იმიტომ რომ ჩვენ ნატოს წევრები ვიქნებით, ხოლო თუ ჩვენ ნატოში არ მიგვიწვევენ, მორალურად დავეცემით“.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრისას ბაიდენმა დადებითად შეაფასა ისრაელის თავდაცვის ძალების მუშაობა მას შემდეგ, რაც მათ რაფაში „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებობს დარჩენილი მძევლების „გათავისუფლების დაჩქარების“ შესაძლებლობა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენი და ნეთანიაჰუ იმუშავებენ ამ მიზნის მისაღწევად.
ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის მონაცემებით, ამჟამად ღაზაში რჩება 109 ისრაელელი მძევალი, აქედან 36, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს გააცნო თავისი „გამარჯვების გეგმა“ - ზომების კომპლექსი, რომელიც, მისი სიტყვებით, ომის მსვლელობაში კიევის სასარგებლოდ შეიტანს გარდატეხას.
ზელენსკის მიზანია, დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ კიევს ნატოში შესვლა შესთავაზონ და რთული ზამთრის წინ უზრუნველყონ სამხედრო დახმარება ბრძოლის ველსა და დანგრეულ ქალაქებში.
გეგმა, რომელიც, ზელენსკის აზრით, დაასრულებს ომს „არაუგვიანეს მომავალი წლისა“, მან უკვე გააცნო უკრაინის პარლამენტს და მოკავშირეებს - აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, ასევე იტალიის ლიდერებს.
ევროპული საბჭოსთვის ხუთშაბათს წარდგენილი გეგმის პირველი პუნქტი შეეხება ნატოს. უკრაინა მოითხოვს ნატოში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას.
მეორე პუნქტი - რუსეთზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება და ომის დაბრუნება რუსეთის ტერიტორიაზე.
მესამე პუნქტი გულისხმობს რუსეთზე რეალური ზეწოლის განხორციელებას. საამისოდ, ზელენსკის აზრით, უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს რუსეთის შემაკავებელი არაბირთვული სტრატეგიული შეიარაღება. ამ მიდგომას ის უწოდებს „მშვიდობის დაძალებას“.
მეოთხე პუნქტი - უკრაინას უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსები მოეპოვება. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს სთავაზობს ამ რესურსების დაცვაში დახმარებას, რათა ისინი რუსეთსა და მის მოკავშირეებს არ ჩაუვარდეთ ხელში.
მეხუთე - ომის შემდეგ უკრაინას ეყოლება თანამედროვე ომის წარმოებაში გამოცდილი ასიათასობით ჯარისკაცი. ზელენსკი დასავლეთს სთავაზობს, უკრაინის ძალებმა აშშ-ის ჯარები ჩაანაცვლონ ევროპაში და მათ საშუალება მისცენ, მსოფლიოს სხვა რეგიონებში გადანაწილდნენ. „მაგრამ ამისთვის საჭიროა, გავიმარჯვოთ,“ დასძინა ზელენსკიმ.
„უკრაინა მზადაა ნამდვილი დიპლომატიისთვის. მაგრამ ამის მისაღწევად ძლიერები უნდა ვიყოთ. სამართლიანი მშვიდობის ნაცვლად ძალით თავს მოხვეული ზავი არასოდეს უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას. არავის არ უხარია, როცა ომი ბრუნდება,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერების წინაშე გამოსვლისას.
ზელენსკიმ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.
- Details
- By Sali
ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დაჯგუფება „ჰამასის“ და ორგანიზაცია „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რომელიც სკოლაში იყო განთავსებული. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) მტკიცებით, დაბომბვის დროს შენობაში 12 ტერორისტი იმყოფებოდა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებით იყვნენ დაკავებულნი.
სამხედროების განცხადებით, მათ სპეციალურ ზომებს მიმართეს, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმამდე დაეყვანათ.
ამასთან ერთად, პალესტინური მხარის მტკიცებით, ისრაელის ავიაიერიშს 19 პალესტინელი ემსხვერპლა. მათ შორისაა ბავშვებიც. ათეულობით ადამიანი კი დაშავდა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 194 of 204