Featured Articles
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში მიიწვია ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე. ორდღიანი სამიტი ხვალ, 17 ოქტომბერს, იწყება.
მიშელის ინფორმაციით, ზელენსკი სამიტზე მიწვეულია 17 ოქტომბერს, რათა შეაჯამოს რუსეთთან ომში განვითარებული ბოლო მოვლენები და წარმოადგინოს თავისი „გამარჯვების გეგმა“.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე გამარჯვების გეგმა სექტემბრის ბოლოს, აშშ-ში ვიზიტისას გააცნო პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.
გამოცემა The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზელენსკის გეგმას ბაიდენის ადმინისტრაციაზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია ყოვლისმომცველი სტრატეგიის არარსებობის გამო.
ოქტომბერში, ევროპული ტურნეს დროს, უკრაინის პრეზიდენტმა „გამარჯვების გეგმა“ გააცნო დიდი ბრიტანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრებს, საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს და ნატოს გენერალურ მდივანს.
კიევში მომზადებული ეს გეგმა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. უკრაინის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ „გამარჯვების გეგმის“ მხოლოდ ზოგად შინაარსზე, რომელიც ეხება სამხედრო და დიპლომატიური მეთოდებით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 16 ოქტომბერს, პრეზიდენტი ზელენსკი გეგმას წარუდგენს პარლამენტს, თუმცა ყველა დეტალზე არ ისაუბრებს.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
- Details
- By Sali
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, საუბრის დასრულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.
„ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა. ამიტომ ახლა არ არის გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის დრო“, – ციტირებს მედია წყაროებზე დაყრდნობით მაკრონს.
საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა.
„შევახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო არა გაერო-ს რეზოლუციამ, არამედ დამოუკიდებლობის ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დააფუძნა, გმირი მებრძოლების სისხლის ფასად, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს გადაურჩა – მათ შორის, საფრანგეთის ვიშის რეჟიმს“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
- Details
- By iaiaia
ევროპაში ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანია Iran Air -მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა. მიზეზი ახალი სანქციებია, რომლებიც ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო დაუწესეს.
ავიაკომპანიამ ფრენების შეწყვეტის შესახებ თავის მგზავრებს სანქციების გამოცხადების შემდეგ აცნობა, იტყობინება Euronews-ი.
Iran Air-ი სექტემბრამდე დაფრინავდა ვენაში, ჰამბურგში, ლონდონში, პარიზში, რომში, ფრანკფურტში და სხვა ქალაქებში. ირანში ფრენა შეაჩერეს ასევე ევროპის სხვა ავიაკომპანიებმა უსაფრთხოებისა და შესაძლო საომარი მოქმედების გამო.
ფრენები Iran Air-ისთვის ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მას გაუყინეს ანგარიშები და აქტივები და ავიაკომპანიასთან შეუძლებელი გახდა ყოველგვარი კომერციული თანამშრომლობა, რაც მის საქმიანობას შეუძლებელს ხდის.
შეგახსენებთ, რომ სანქციები ევროკავშირმა ირანს 14 ოქტომბერს დაუწესა.
- Details
- By iaiaia
ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც 17-18 ოქტომბერს მიგრაციის საკითხის განხილვას გეგმავენ. წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკომისია ახალი მანდატის დაწყებისთანავე გეგმავს, განიხილოს ათი საკითხი, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრებს მიგრაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას, სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან დაიწყებს.
წერილში ევროკომისიის პრეზიდენტი სთავაზობს ევროკავშირის ლიდერებს მაისში შეთანხმებული მიგრაციული პაქტის შესრულების დაჩქარებას. ის ასევე სთავაზობს მეტი შეთანხმების გაფორმებას მიგრანტების წარმომავლობის ან ტრანზიტულ ქვეყნებთან. კერძოდ, საუბარია თურქეთთან, ტუნისთან ან ლიბიასთან მოქმედ შეთანხმებებზე, რომლებსაც ევროკავშირი თანხას უხდის საზღვრის უკანონო კვეთის შესაკავებლად. ფონ დერ ლაიენმა დაასახელა ეგვიპტე, მაროკო, ალჟირი, მავრიტანია, სენეგალი და მალი იმ ქვეყნებად, რომლებთანაც ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლოს არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოდის შეთავაზებით, რომ ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ ექნებათ, გაგზავნონ ე.წ. დაბრუნების ჰაბებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება შესაბამისი შეთანხმებები.
„ჩვენ უნდა შევისწავლოთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაბრუნების ჰაბების იდეასთან დაკავშირებული შესაძლო გზები, განსაკუთრებით დაბრუნების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი წერილში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დაასახელა უკვე მიღწეული შეთანხმება იტალიასა და ალბანეთს შორის, როგორც შესაძლო მოდელი, რომლის მიხედვითაც, იტალიას შეუძლია, წელიწადში 36 ათასამდე მიგრანტი გაგზავნოს ალბანეთში მოწყობილ ორ ცენტრში, სადაც ისინი შემდგომ დეპორტაციას დაელოდებიან. პირველი ხომალდი, რომლითაც მიგრანტები ალბანეთში გაგზავნეს, იტალიიდან ორშაბათს გავიდა.
ევროკომისია ასევე გეგმავს, გაამკაცროს ზომები ისეთი მიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.
- Details
- By iaiaia
ალბანეთმა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მოლაპარაკებების დაწყება ბრიუსელს საშუალებას მისცემს, "შეისწავლოს გაწევრიანების საფუძვლები, როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და როგორ ფუნქციონირებენ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები".
ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსი კი 2014 წელს მიიღო. ქვეყანა NATO-ს წევრია 2009 წლიდან.
- Details
- By ani
More Articles …
Page 197 of 204