Featured Articles
თეირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ ირანის შვიდი ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დადგენილებაშია ნათქვამი.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე. ასევე ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღებას აწვდიდნენ იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უთხრიან ძირს.
სიაში შედის ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამი ირანული ავიაკომპანია. სანქციები დაუწესდა ასევე ორ კომპანიას, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.
- Details
- By ani
„რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას კვლავ განაგრძობს. ჩვენ მათ მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი მხრიდან.
ჩვენ ეს ციკლი უნდა დავამთავროთ - რუსები ანადგურებენ, ჩვენ კი აღვადგენთ.
ზამთარი უკვე ახლოს არის, რუსეთი განაგრძობს უკრაინის ელექტრონულ სისტემებზე თავდასხმას, ხოლო ომი, ისევ გრძელდება.
ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ ვუზრუნველყოთ ფინანსური დახმარება ევროპის სამშვიდობო დაწესებულებებიდან და როგორ გავზარდოთ საჰაერო ძალების სიძლიერე.
უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს, თუმცა მათ მეტი დახმარება სჭირდებათ. დღეს, უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვიმსჯელებთ და ვიმედოვნებ, რომ მხარდაჭერის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ.“ - განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.
- Details
- By Sali
კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის - როგორც ის ამტკიცებს, Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ნარკოტიკებით მოწამლეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
ლორენ პისკიოტამ კანიეს ივნისში ერთხელ უკვე უჩივლა, როცა რეპერი სექსუალურ შევიწროებაში, კონტრაქტის დარღვევასა და მის არაკანონიერ შეწყვეტაში დაადანაშაულა. უესტის იურიდიულმა წარმომადგენელმა მაშინ ბრალდებები უარყო.
ახალი სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში 8 ოქტომბერს შევიდა. მასში პისკიოტა, რომელიც კანიესთან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ჰყვება, რომ ის ქომბსის ერთ-ერთ სტუდიურ სესიაზე დაპატიჟეს. მისი თქმით, სტუმრებს სასმელი მიართვეს და გააფრთხილეს, რომ ყველას უნდა დაელია, ვისაც სტუდიაში დარჩენა სურდა.
„სასმლის რამდენიმე ყლუპის მოსმის შემდეგ, რომელიც მას კანიე უესტმა მიართვა, მომჩივანმა უცებ ორიენტაცია დაკარგა,” – წერია სარჩელში. პისკიოტა ამტკიცებს, რომ ის მოწამლეს. მისი თქმით, გამოფხიზლებისას „უდიდეს სირცხვილსა და დაბნეულობას” გრძნობდა, მაგრამ თითქმის ვერაფერს იხსენებდა.
მომჩივანი ამბობს, რომ უესტმა ეს შემთხვევა მასთან საუბარში წლების შემდეგ გაიხსენა და უთხრა, რომ იმ ღამეს მასზე სექსუალურად იძალადეს.
პისკიოტა რეპერთან ჯერ აღმასრულებელ ასისტენტად, შემდეგ კი მისი კომპანიების გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა.
აღნიშნულ ინციდენტში შონ კომბსის სახელიც ფიგურირებს, როგორც ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი. თუმცა მოსარჩელეს მის მიმართ ბრალდება არ წაუყენებია. Diddy ამჟამად ბრუკლინის ციხეშია და სასამართლო პროცესს ელის.
- Details
- By Sali
მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნების ფარგლებში ჩინეთმა ტაივანს ალყა შემოარტყა. სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით „ერთობლივი ხმალი 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია იღებს მონაწილეობას.
ტაივანში აცხადებენ, რომ შენიშნეს 25 თვითმფრინავი, სამხედრო-საზღვაო ძალების შვიდი ხომალდი და კიდევ ოთხი გემი. სამხედრო წვრთნები კუნძულის ირგვლივ ცხრა სხვადასხვა ადგილას ტარდება. ჩინეთის სანაპირო დაცვამ ასევე გაგზავნა გემები კუნძულის გარშემო ინსპექტირების ჩასატარებლად.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიგზავნა შესაბამისი ჯარები თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ტაივანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ომისთვის მოემზადებიან.
ტაივანის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს სამხედრო პროვოკაციებისგან და პატივი სცეს ტაივანის მოსახლეობის არჩევანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ, ჩინეთის სამხედრო წვრთნების პარალელურად, ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებმა და სამხედრო მანქანებმა გადაადგილება დაიწყეს. ტაივანის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ერთ-ერთ მიმდებარე კუნძულზე შესაძლო „შეჭრის“ შემდეგ დაკავებულია ჩინელი პირი.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულისადმი გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იაპონურ ორგანიზაციას Nihon Hidankyo, რომელიც აერთიანებს ბირთვული დაბომბვის შედეგად გადარჩენილებს და რომლის ძალისხმევა მიმართულია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია წინსვლის გაგრძელება რომ მსოფლიოს საბოლოოდ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ბირთვული იარაღისგან. ამიტომ, მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის „წინაპირობების გარეშე“ ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით.
„არც ჩვენი ქვეყნების და არც მსოფლიოს ინტერესებში არ არის ბირთვული არსენალების შემცირებაში პროგრესის შეფერხება. ბირთვული საფრთხის შემცირება მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში არსებული საფრთხეების გამო. ეს ბირთვული რისკები ძირს უთხრის ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ჩვენ კოლექტიურად ვმუშაობდით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By ani
More Articles …
Page 199 of 204