Featured Articles
გუშინ ესპანეთისა და პორტუგალიის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია მოხდა - ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ანდორას და საფრანგეთის ნაწილსაც, რამაც გამოიწვია მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობის შეჩერება, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები. დაცარიელდა სუპერმარკეტებში სასურსათო დახლები. ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ დროისთვის ესპანეთსა და პორტუგალიაში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ესპანეთის ენერგოკომპანია REE-ს ინფორმაციით, ენერგომომარაგება განახლებულია 87,37%-ით, ხოლო პორტუგალიის ენერგოკომპანია REN-მა გასულ ღამით განაცხადა, რომ ქსელში ჩართეს 89-დან 85 ქვესადგური.
პორტუგალიის ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეწყვეტამდე ესპანეთის ელექტროსისტემაში ძაბვის ანომალიური მერყეობა დაფიქსირდა. ესპანური მხარის ცნობით, პრობლემა წარმოიშვა საფრანგეთთან დამაკავშირებელ ქსელზე, რამაც „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება კიბერშეტევა ყოფილიყო, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით ამის ნიშნები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორშაბათს დაინიშნა ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოიძიონ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ ძალიან ადრე იყო უშუქობის ნამდვილი მიზეზის დადგენა და ახლა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრაზე უნდა იმუშაონ.
- Details
- By rusa
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ცეცხლი 8 მაისიდან 11 მაისამდე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეწყდება.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა როგორც პუტინით, ისე ზელენსკითდა მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.
- Details
- By ani
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ ავრცელებს.
პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება.
ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.
ცნობისთვის, პუტინმა სამშვიდობო ზავი 30 საათით ასევე გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულის დროსაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის მტკიცებით, რუსეთმა თავად არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საპირისპიროს ამტკიცებდნენ მოსკოვში და ზავის პირობების შესრულების დარღვევაში კიევს სდებდნენ ბრალს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“ უწოდა მარკეტინგული ხრიკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გულის მოგებას ისახავდა მიზნად.
- Details
- By iaiaia
კათოლიკური ეკლესიის კარდინალები 7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად შეიკრიბებიან. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თარიღზე გასულ შაბათს, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ კარდინალთა დახურულ შეკრებაზე შეჯერდნენ. ოფიციალური განცხადება კონკლავთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაკეთდება.
კონკლავში 80 წელს მიუღწეველი დაახლოებით 135 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. Reuters-ის ცნობით, მხოლოდ მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ ვინ უხელმძღვანელებს კათოლიკურ ეკლესიას, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,4 მილიარდი წევრი ჰყავს.
ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.
- Details
- By rusa
კანადაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. კანადელები ხმის მიცემას იწყებენ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში, სადაც საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:30 საათზე გაიხსება.
როგორც „ბიბისი“ წერს, სულ მცირე 7.3 მილიონმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა ადრეული ხმის მიცემა, რაც 25%-ით მეტია 2021 წლის ფედერალურ არჩევნებთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ არჩევნების დღეს რეკორდული აქტივობა იქნება.
კანადაში რეგისტრირებულია 16 პარტია, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მათგან მხოლოდ ხუთს აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი: მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ხელმძღვანელობით „ლიბერალურ პარტიას“, პიერ პოლიეფის ხელმძღვანელობით ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას, ასევე ახალ დემოკრატიულ პარტიას, მწვანეთა პარტიას და სეპარატისტულ კვებეკის ბლოკს.
მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში გამოკითხვებში კონსერვატორები ლიდერობდნენ, ლიბერალური პარტია ამჟამად არჩევნების მთავარ ფავორიტად ითვლება, რომელსაც ახალ პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვების მაღალი შანსი აქვს. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს ღამით გახდება ცნობილი.
- Details
- By ani
More Articles …
Page 1 of 204