კახეთსა და ქვემო ქართლში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის არალეგალურ გადამმუშავებელ საწარმოებს სამუშაო პროცესი შეუჩერა.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს.
ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.
ინდმეწარმე დ.შ. (მის: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ: დისველი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ახდენდა რძის გადამუშავებას და ეგრეთ წოდებული „ყველის“ წარმოებას.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი",- აცხადებენ სეს-ში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს განმარტავს.
სამინისტროს ცნობით, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.
„ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. მიგრანტი განაცხადის შევსებისას თუ არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ საჭირო იქნება, მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.
უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი პირველი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე: სტანდარტული განხილვა (30 დღე) – 200 ლარი; დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) – 400 ლარი.
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის“ მიხედვით, ბიზნესი ვალდებული ხდება, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე ვაკანსია, სულ მცირე, ათი სამუშაო დღით განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – Worknet.moh.gov.ge-ზე. თუ ვაკანსიაზე აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს, წარადგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ განცხადება შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. კანონის მიხედვით, ნებართვის მიღების საფასური დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა ერთ წლამდე ვადით.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით. უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებელის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს. თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც, პირველი მარტის მდგომარეობით, უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, რომლის მიზანია, უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ჩატარებული მოკვლევის შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი ზ.ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ დამხმარე სათავსოში დამუშავების შემდეგ, ახდენდა რეალიზაციას.
მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
„ინდმეწარმე ა. მ. (მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყარაჯალარი) კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა. მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
„ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები საქართველოში გიდებად ვერ დასაქმდებიან, ხოლო ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიმწოდებლებისთვის წლიური 200 კვოტა განისაზღვრა.
აღნიშნულს ითვალისწინებს "შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
რეგულაცია ნაწილია საქართველოში უცხოელების დასაქმების წესის ცვლილების, რომელიც 1-ელი მარტიდან შედის ძალაში და განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებით, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით, უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, საიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამუშავდება. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თვითდასაქმებულის/თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ: რამდენიმე წელია, ქართველი გიდების ნაწილი საქართველოში უცხოელი გიდების საქმიანობის რეგულირებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შესახებ საქართველოს ახალი კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქის გიდად მუშაობას არ კრძალავს. როგორც კანონშია გაწერილი, იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველო-თურქეთის საზღვართან, სარფში, ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცის დღეს, 15:00 საათზეა დაანონსებული. პროტესტის მონაწილეები პარკირების საფასურის ზრდას გააპროტესტებენ.
მძღოლების ინფორმაციით, აქამდე სატვირთო ავტომობილების პარკირების ღირებულება 80 ლარი იყო, თუმცა ახალი ტარიფით ფასი 130 ლარამდე იზრდება. მათი თქმით, გადასახადი ერთიანია და არ არის დამოკიდებული პარკირების ხანგრძლივობაზე.
"ვაპროტესტებთ პარკირების ფასების გაძვირებას, რომელიც იყო 80 ლარი და გახდა 130 ლარი. ასევე ველოდებით, ჩვენი კოლეგებიც თურქეთის მხარეს აპროტესტებენ, იკრიბებიან საბაჟოსთან. მოვითხოვთ, რა ფასიც იყო 80 ლარი, დარჩეს იმ ფასზე და არ მოიმატოს. თავიდან ეს პარკები რომ გაიხსნა, იყო 30 ლარი და გახადეს 80. მაშინ ასე აგვიხსნეს, რომ პარკის მოპირკეთების გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. არავის არაფერი აუხსნია, არავისთან საუბარი არ გვქონია, ჩვენთვის არანაირი პასუხი არ გაუციათ. მოვითხოვთ, შევხვდეთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. გარდა პარკისა, არის რიგი პრობლემები, რაზეც გვინდა, ჩავაყენოთ საქმის კურსში და მივიღოთ პასუხები, - ამბობს ტრაილერის მძღოლი.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 33 of 133
