საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ადგილობრივი მოსაკრებლების სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურებისთვის მოსაკრებლის 4 500 ლარიდან 40 000 ლარამდე ზრდაა.
ცვლილებებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ინიციატივის ავტორი „ქართული ოცნების“ აპარატია, ხოლო ინიციატორებად საპარლამენტო უმრავლესობის 17 დეპუტატი არიან მითითებული. პაკეტი მომზადებულია თბილისის მერიის ჩართულობით.
კანონპროექტი ორ მიმართულებას მოიცავს:
ახალი მოსაკრებელი სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში
კანონპროექტით წესდება ახალი მოსაკრებელი იმ შემთხვევებისთვის, როცა:
მშენებლობა განხორციელებულია სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით, ან საერთოდ სანებართვოს გარეშე და დამკვეთი აღიარებს ამ დარღვევას.
ამ შემთხვევაში „დაჩქარებული მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი აქტის გაცემაზე მოსაკრებელი იქნება: მინიმუმ 4 500 ლარი და მაქსიმუმ 40 000 ლარი.
მოსაკრებლის გადამხდელებად განისაზღვრებიან: ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ამხანაგობა ვინც კონკრეტული ობიექტის დამკვეთია.
ზუსტი ოდენობასა და გადახდის წესს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.
არსებულ მოსაკრებელზე ზღვრის ზრდა და ექსპლუატაციაში მიღების დაჩქარება
ამჟამად არსებული მოსაკრებელი, რომელიც მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების (ან დოკუმენტში ცვლილების) დაჩქარებულ მომსახურებას ეხება, 4 500 ლარია. ახალი რედაქციით მისი ზედა ზღვარი 40 000 ლარი ხდება.
დოკუმენტის მიხედვით, მიზანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია და მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი შემოსავლების უზრუნველყოფაა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით: ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციონირების აკრძალვამ (გაზისა და ელექტროენერგიის მიერთების არდაშვებით) ზედამხედველობის მოთხოვნები გაამკაცრა.
გაიზარდა როგორც ექსპლუატაციაში მიღების, ასევე დარღვევის აღიარების შემთხვევებით მიმართვიანობა.
დაჩქარებული მომსახურებით მიღებული თანხები:
2023 – 106,400 ლარი
2024 – 170,900 ლარი
2025 (9 თვე) – 143,800 ლარი
მიმართვების რაოდენობა:
2024 წელს ექსპლუატაციაში მიღება – 1,107 ობიექტი
2024 წელს დარღვევის აღიარება – 219 ობიექტი
2025 (9 თვე):
• ექსპლუატაციაში მიღება – 1,124 ობიექტი
• დარღვევის აღიარება – 217 ობიექტი
მუნიციპალიტეტების განცხადებით, მზარდი სამუშაოს მოცულობა დამატებით ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც ახალი ტარიფებით დაფინანსდება.
ცვლილებები ემთხვევა დეცენტრალიზაციის 2020–2025 სტრატეგიას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას მიზნად ისახავს.
პროექტის ავტორები ელიან, რომ ცვლილებებმა შეიძლება 1.1 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მოუტანოს მუნიციპალიტეტებს.
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს და მას უკუძალა არ აქვს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე მომხდარზე განცხადებას ავრცელებს.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი - თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები - მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ.
ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 1 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 90 of 133
