25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყება.
დღესვე, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
რუსეთის იმპერიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ქართულმა ეკლესიამ კი ის 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.
- Details
- By რუსა ხავთასი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული ზონიდან შინაური ცხოველები გამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პროცესში ჩართული იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერით.
ცხოველების გამოყვანა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა, თავად მეპატრონეები კი მათი იდენტიფიცირების პროცესშიც მონაწილეობდნენ.
ამ ეტაპზე, ცხოველები ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაჰყავთ, სადაც შესაბამისი მოვლის უზრუნველყოფასთან ერთად, მეპატრონეების სურვილის შემთხვევაში, მათ ვეტერინარული მომსახურებაც ჩაუტარდებათ. შემდგომში ცხოველები საკუთარ პატრონებს დაუბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ბოლო ინფორმაციით, კურსების ორი უბნიდან 45 ოჯახია ევაკუირებული . ისინი დროებით სასტუმროში არიან გადაყვანილი.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს!, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, წელს ეს დღესასწაულები ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.
“განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.
სწორედ ჭირსა თუ ლხინში ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.
უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს!”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ორი ივლისიდან ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.
„გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ი ორი ივლისიდან პირდაპირ რეისებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით იწყებს.
რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
კიოლნი სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ასევე ბიზნესკონტაქტების გაფართოებას გერმანიასთან“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ხვალ, 25 მარტს, 14:00 საათზე ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონში დაგეგმილია პარაკლისი.
მისივე თქმით, სადღესასწაულო პარაკლისს მეუფე შიო გადაიხდის.
„ეს უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით, ახალი სტილით 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება. ისეთი მაღალი ღირსებით გამორჩეულ ეკლესიას, რომელიც უძველესი დროიდან ავტოკეფალური იყო და რომელიც საპატრიარქო ღირსების მქონე იყო, მისთვის ავტოკეფალიის წართმევა იყო მსოფლიო კრებების კანონების უკიდურესად მძიმე დარღვევა.
ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი ამას არასოდეს შერიგებია. ჩვენი საზოგადოების მოწინავე ინტელიგენცია უშეღავათოდ იბრძოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია დაბრუნებოდა. იღვწოდნენ ისინი ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად, მათ შორის წმინდა პატრიარქებთან ერთად. მართალია, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ავტოკეფალიის აღდგენას არ ცნობდნენ, ამით დიდ სირთულეებს აწყდებოდა ეკლესია თავისი მოღვაწეობისთვის“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მისი აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.
„თავისი ღრმა განსწავლულობით, კანონიკური სამართლის საფუძვლიანი ცოდნით, მან შეძლო, დაერწმუნებინა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუკი საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია და არ მოხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება. ყველას მოგეხსენებათ, ამას წინ უძღვოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული, უშეღავათო, როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. იყო შემოთავაზება მსოფლიოს საპატრიარქოს მხრიდან, რომ ახლად მიანიჭებდა ავტოკეფალიას, პატრიარქი იყო უაღრესად პრინციპული, უაღრესად თანმიმდევრული, უაღრესად მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს დაუშვებელია, რადგან საქმე ეხება საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას“, – განაცხადა მამა გიორგიმ.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 10 of 133
