კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის განთავსებისა (Pp - Product placement) და სპონსორობის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი“ 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) – 10 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „ტელეიმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო კომუნიკაციები, მათ შორის, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით განთავსდა. კერძოდ:
"8 და 9 ოქტომბერს, „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“, ხოლო 13, 14, 17 და 22 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუა დღე“ განთავსდა სარეკლამო შინაარსის პროგრამები, რომლებშიც პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებით გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა, ამასთან, პროგრამებში პროდუქტის განთავსება კანონის მოთხოვნის შესაბამისად მკაფიოდ იდენტიფიცირებული არ იყო. საგულისხმოა ისიც, რომ პროგრამების შინაარსი სრულად იყო მორგებული განთავსებულ პროდუქტებზე და გადაცემის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ პროდუქტების დადებით თვისებებს.
ასევე, ორივე მაუწყებლის ეთერში, ყოველგვარი იდენტიფიცირებისა და გამიჯვნის გარეშე ადგილი ჰქონდა რეკლამის განთავსებას. გარდა ამისა, „რუსთავი 2“ -ის შემთხვევაში დარღვეულია სპონსორზე მითითების წესები, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედს“ და „რუსთავი 2“-ს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული აქვთ, კანონის შესაბამისად დენადი ხასიათის კანონდარღვევისთვის ComCom-მა „ტელეიმედს“ 20 000 ლარიანი, ხოლო „რუსთავი 2“-ს 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა".
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის მწარმოებლები, სატბორე მეურნეობები და სარეალიზაციო ობიექტები შემოწმდა. დღეისათვის ზედამხედველობა 200-მდე ობიექტში განხორციელდა.
თბილისში ორი თევზის შესაბოლი საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის:
- არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;
- შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი;
- მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა.
დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე.
სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესს უკავშირდება. სურსათის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული საკვები საღებავებისა და დანამატების დასახელება და წარმოდგენილი შესაბამისი სერტიფიკატი. აღნიშნული ინფორმაციის გარეშე ასეთი პროდუქტის რეალიზაცია აკრძალულია და მისი ბაზრიდან ამოღება ხდება.
კანონმდებლობით ნებადართულია საკვები საღებავების გამოყენება, რაც რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა პროდუქტის ეტიკეტზე მათ შესახებ სრული მონაცემების დატანა სავალდებულოა.
200 ობიექტში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა 9 ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა. სააგენტოს თქმით, დანარჩენ შემთხვევებში ხიზილალისა და თევზის მწარმოებლები იყენებენ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტები სრულად ასახავს გამოყენებული დანამატების შესახებ მონაცემებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთობას" განცხადებით, გერმანიაში დაგეგმილი ჯგუფ "ურსას" კონცერტი, რომელშიც "ოცნების" მხარდამჭერი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, ქართველი ემიგრანტების გაძლიერებული პროტესტის გამო გაუქმდა.
განცხადების მიხედვით, ემიგრანტები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრეცედენტი, საფუძვლად დაედება ემიგრანტთა მიერ ღირსების, საარჩევნო და სხვა კანონიერი უფლებების დაცვას ქართულ დიასპორებში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ემიგრანტებმა ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში ხელი შეუშალეს, რის შედეგადაც კონცერტი საბოლოოდ გაუქმდა.
გერმანიის ქ. ნიდერკასელში დაგეგმილი ჯგუფ "ურსას" კონცერტი, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, ქართველი ემიგრანტების გაძლიერებული პროტესტის გამო ჩაიშალა. ემიგრანტებმა ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში ხელი შეუშალეს, რის შედეგადაც კონცერტი საბოლოოდ გაუქმდა.
მათი განცხადების თანახმად, აღნიშნული პრეცედენტი, საფუძვლად დაედება ემიგრანტთა მიერ ღირსების, საარჩევნო და სხვა კანონიერი უფლებების დაცვას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსა და ქართულ დიასპორებში," - ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კერძო იმპორტიორები მედიკამენტებს 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ყიდდნენ, რასაც დამატებით ემატებოდა საცალო სააფთიაქო ქსელების ფასიც. შედეგად, რიგ პრეპარატებზე ფასი „რეალურ ღირებულებასთან შედარებით 10-ჯერ მაღალი“ იყო.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი სახელმწიფომ გადაიბარა, წამლების ნაწილი 10-ჯერ გაიაფდა. უკვე დაფიქსირებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება, ხოლო სააფთიაქო ქსელებში მარაგების შევსება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
რეფორმის ფარგლებში, უწყების ცნობით, ფასწარმოქმნის პროცესი „სამართლიანი და სისტემურად მოწესრიგებული“ გახდა. სახელმწიფომ დააწესა საბითუმო და საცალო ფასის გონივრული ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფომ რიგ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე მიაღწია პირდაპირ შესყიდვებზე შეთანხმებას, რაც დამატებით შეამცირებს ფასებს კონკრეტულ პრეპარატებზე.
ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი. ასეთ პრეპარატებზე დანიშნულება ექმნება მხოლოდ ექიმის მიერ, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების დაცვით. ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში, უწყების განცხადებით, რეაგირება იქნება „კანონით განსაზღვრული და მკაცრი“.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
"გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის" - ასეთია სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილება, რომლითაც ისინი მოსახლეობას მიმართავენ.
"სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01", - აცხადებენ სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი).
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიურ რეჟიმში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 92 of 133
