წელს, სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების მარკეტების შემოწმების შედეგად 173 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
უწყების ცნობით, წლის განმავლობაში 6000 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. გამოვლენილი 173 სამართალდარღვევაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები ჭარბობს.
ამასთან, სეს-ი იტყობინება, რომ სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებსაც ამოწმებენ.
"სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან.
სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს. ამავე დროს, უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ყველა 20 სამხედრო ნაპოვნია.ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამაშველო ოპერაციის დასრულების შედეგად, მაშველებმა კატასტროფის ადგილას იპოვეს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირის ცხედარი. მიმდინარეობს იდენტიფიკაციის პროცედურები და მათი სამშობლოში გადაყვანისთვის მზადება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ უკვე გადატანილია თურქეთში, სადაც სპეციალისტები მუშაობენ ავარიის მიზეზების დასადგენად.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ცნობილია, რომ თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს.
როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, კომისიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.
„მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია) დაბარებული გახლდათ ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და პატრიარქის ქორეპისკოპ, მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც, სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება.
საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, საბოლოო დასკვნის მისაღებად, იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმო ხელმეორედ დააჯარიმა. ფიზიკური პირი თ.ბ. სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა ყველის წარმოებას, რის გამოც განმეორებით დარღვევაზე 5 000 ლარით დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მოქმედ არარეგისტრირებულ საწარმოს ხელმეორედ შეუჩერეს საწარმოო პროცესი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფიზიკური პირი თ.ბ. სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა ყველის წარმოებას. განმეორებითი დარღვევის გამო, მეწარმე დაჯარიმდა 5 000 ლარით.
გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კიდევ ერთი, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს დედოფლისწყაროში.
ფიზიკური პირი მ.გ. (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს რეალიზაციის მიზნით აწარმოებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე. შედეგად, მეწარმე დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი შეჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.
2025 წლის სტატისტიკა: 45 არარეგისტრირებული წარმოება
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტორებმა ქვეყნის მასშტაბით 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს.
აქედან დაახლოებით 20 მეწარმემ უკვე მიმართა სააგენტოს და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
მწვანე ბარათის გათამაშება, რომელზეც რეგისტრაცია მიმდინარე წლის ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, გადადებულია. აქამდე ითვლებოდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2027 წლის საიმიგრაციო ვიზის გათამაშებაზე რეგისიტრაცია მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო არ გახსნა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მიზეზი პროგრამაში მონაწილეობის წესების ცვლილებაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მთავრობას ცვლილებები შეაქვს მწვანე ბარათის მიღების პროცესში.
"ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027-სთვის სარეგისტრაციო პერიოდის დაწყების თარიღს, ასევე თარიღს, როდესაც DV-2027-ის შერჩევის შედეგები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს.
ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს გათამაშების მომავალი გამარჯვებულებისთვის ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე შენარჩუნდება", - წერს სახდეპი.
გათამაშების დაწყების თარიღი, სახდეპის ცნობით, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება.
მრავალფეროვნების ვიზის (Diversity Visa) პროგრამა, რომელიც ცნობილია, როგორც მწვანე ბარათის ლატარია, ათასობით ადამიანს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის მიღების შანსს აძლევს. DV-2027 რეგისტრაციის პროცესში შეტანილმა, ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს განმცხადებლების რეგისტრაციის წესსა და ვადებზე.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოციალურ მედიაში განაცხადეს, რომ DV-2027-ის რეგისტრაციის პერიოდი ამჟამად არ არის გახსნილი, რითაც საზოგადოებას აფრთხილებენ თაღლითური განცხადებებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც ცრუდ ამტკიცებენ, რომ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ან რომ შერჩევის შანსები შეიძლება გაიზარდოს.
მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, იგივე მწვანე ბარათის გათამაშება, კონგრესმა 1990 წელს დაიწყო. ის წელიწადში 55 000 ვიზის გაცემას ითვალისწინებს. აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის საშუალო სკოლის განათლება ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
DV პროგრამის 2026 წლის ციკლში არ მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი (კონტინენტური ნაწილი და ჰონგ-კონგი), კოლუმბია, კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, სალვადორი, ჰაიტი, ჰონდურასი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ვენესუელა და ვიეტნამი.
2025 წლის აგვისტოდან მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია ფასიანი გახდა და $1-ით განისაზღვრა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- თურქეთი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს
- გეკა გელაძე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე იმყოფება
- 12 ნოემბერს სამტრედია(დაფნარი)-სუფსას მონაკვეთზე და 13-15 ნოემბერს ხაჯალია-სუფსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება
- საქართველოს საჰაერო სივრცეში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – შსს
Page 94 of 133
