დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება, - განაცხადა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).
მან ტაძარში შეკრებილებს ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მილოცვა და კურთხევა გადასცა. მეუფემ ტაძარში მსახურების დროს წაკითხული სახარების ტექსტის შინაარსი განმარტა.
მისივე თქმით, მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი.
„დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.
რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?
ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერც ერთი ულმობელი, ვერც ერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.
ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა, სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.
თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.
ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.
ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.
დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.
იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.
დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.
მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ
- Details
- By რუსა ხავთასი
სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო, ხოლო ბიძგების დრო 15:49 საათი.
- Details
- By რუსა ხავთასი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით 13 ათასზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში.
მათი მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულად იყო დაფინანსებული ევროკავშირის მხრიდან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.
"Erasmus Mundus პროგრამის მიერ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიით 290 ქართველმა სტუდენტმა ისწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში - რამაც მათ აკადემიურ წარმატებასა და პროფესიულ ზრდას შუწყო ხელი.ამავდროულად, 22 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდების სასწავლო მობილობაში, კულტურულ პროექტებსა და სასწავლო პროგრამებში, რაც დიალოგს, ჩართულობას და საერთო ევროპული ღირებულებების გაზიარებას აძლიერებდა.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-4 ადგილზეა Erasmus+ პროგრამის საშუალებით გამავალი მობილობის მხრივ - რაც ასახავს საქართველოს მოქალაქეების სურვილს მიიღონ ცოდნა, გამოცდილება დაამყარონ კავშირები ევროპაში", - წერია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Vision Air-ი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს.
მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მოლდოვური ავიაკომპანია კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს 2025 წლის 2 ნოემბრიდან შეასრულებს.
„Vision Air-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) დაიწყებს და ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას. კერძოდ, 13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიანიჭა“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, Vision Air-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც, უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით, ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია – FLYONE-ი ასრულებს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
დღეიდან პირველი ნოემბრიდან, ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება.
ცვლილებები შეეხება საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებს და მოიცავს სასანქციო მექანიზმებსაც.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობას დაიკავებს, ვალდებულება ექნება დატოვოს ყველა პოზიცია და ორი წლის განმავლობაში ჩამოშორდეს საჯარო სექტორში საქმიანობას. გარდა ამისა, ის ვალდებული იქნება, მიღებული ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს.
საჯარო მოსამსახურეს (გარდა პრეზიდენტისა, პარლამენტის წევრისა და მთავრობის წევრისა) უფლება აქვს, შეასრულოს შემდეგი ანაზღაურებადი სამუშაოები ან საქმიანობები ძირითადი სამსახურის პარალელურად:
სამეცნიერო საქმიანობა (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით).
პედაგოგიური საქმიანობა (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით).
შემოქმედებითი საქმიანობა (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით).
სპორტული საქმიანობა (ეს ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სხვა მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, შესაბამისი თანხმობის საფუძველზე).
საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.
საქმიანობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ შემდეგ სფეროებში: სამედიცინო სფერო; საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო; საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში.
საქმიანობა საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე, თუ ის ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად.
ამავე პაკეტში შესული ცვლილებებით, 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
- დეკლარირების ვადა 1 ნოემბრამდეა - შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- საერთაშორისო სცენაზე აღიარებული ხმა თბილისიდან - არტისტი Swave პოლონეთის ეროვნულ ცერემონიაზე
- კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
Page 100 of 133
