საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.
საუბარი შეეხო მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობას რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
განხილვების შედეგად კი, განათლების რეფორმის კონცეფცია საბოლოო სახეს მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს.
პრემიერ-მინისტრისა და უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რექტორებმა მთავრობის მეთაურისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიიღეს.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და განათლების რეფორმის საკითხზე მომუშავე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი ლევან იზორია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება მოსახლეობას ამ გადასახადის დეკლარაციის შევსებისკენ მოუწოდებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ დეკლარირების ვადა 1 ნოემბრამდეა. ამასთან შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ამ გადასახადთან დაკავშირებით მიმდინარე წელს საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.
"გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც 1 ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.
დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით, აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა.
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.
დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, მათ შორის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607
ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299.
ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).
ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,"- ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
თანამედროვე ქართული მუსიკა კიდევ ერთხელ აჟღერდა ევროპულ სცენაზე — ქართველი არტისტი Swave (სვეივი), იგივე დავით გაურგაშვილი, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ მაზოვიის სავოევოდოს სასწრაფო დახმარების დღის ეროვნულ ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა.
ღონისძიება 2025 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა და მას ესწრებოდა პოლონეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა. სწორედ ამ მაღალი რანგის ცერემონიაზე დავითი გახლდათ ერთადერთი უცხოელი შემსრულებელი, რომელმაც სცენაზე თავისი მუსიკით პატივი მიაგო ღონისძიებას და პოლონელი პარამედიკოსების დაჯილდოება მუსიკალურად გააფორმა.
სვეივის გამოსვლა აღიქმება, როგორც საქართველოს კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მაგალითი – მომღერალმა, რომელიც თბილისში დაიბადა და დღეს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე გამოდის, პოლონეთის ეროვნული ცერემონიიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული ხმის მრავალფეროვნება.
დავით გაურგაშვილი ბავშვობიდან არის ჩართული მუსიკაში. ბოლო წლებში მან ჩამოაყალიბა თავისი ხელწერა – ქართულისა და ინგლისურის შერწყმით შექმნილი თანამედროვე ჟღერადობა, რომელიც წარმატებით ასპარეზობს ევროპის ქვეყნებში და აკავშირებს კულტურებს.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლიპი, „Mirage“, ბათუმშია გადაღებული და ქალაქის ვიზუალურ პოპულარიზაციასაც ემსახურება. შემდგომ გამოვიდა ტრეკები „Midnight“ და „Señorita“, ხოლო მისი მუსიკა რეგულარულად ჟღერს ესპანეთის პოპულარულ რადიოსადგურზე Radio Marbella-ზე.
Swave-ის საერთაშორისო წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მუსიკა საზღვრებს სცდება და ეს წარმატება უკვე არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კულტურული გამარჯვებაა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს საპატრიაქროს ინფორმაციით, ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
მათივე ცნობით, კომისიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს შუამდგომლობით მიმართა, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), როგორც პირველი, ისე მეორე დაბარების შემდეგ, ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს კვლავ აგრძელებს
თვალსაჩინოებისთვის მისი საუბრებიდან მოგვყავს შესაბამისი ციტატები:
„ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“.
„მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.
„როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი…“
„მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება…“
ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
აღნიშნულიდან გამომიდინარე, ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით, წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება“, - ნათქვამია ეპარქიული კომისიის დასკვნაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დათაშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა
ნინო დათაშვილს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცეს - ის საპატიმროს დღესვე დატოვებს
ადვოკატების და ოჯახის ცნობით, ციხეში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის დამძიმდა, მას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.
პროკურატურამ 29 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ რომ "ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს"
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა გახანგრძლივდა
- განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს, სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები - კობახიძე
- ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად, ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად - მეუფე შიო
- 27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Page 101 of 133
