საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე მიმდინარე რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ნაწილობრივი შეზღუდვით.
„შეზღუდვის პერიოდში რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება სოფელ ყარათაკლიადან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც სოფელ გამარჯვებაში უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას, ხოლო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე ხორციელდება მარჯვენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება მარცხენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადად განსაზღვრული იყო 2025 წლის 28 ოქტომბერი, თუმცა სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში და საჭიროა მისი გაგრძელება 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ღირსეული მსახურება.
„მინდა, მოგილოცოთ მასწავლებლის ეროვნული დღე. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ჩვენი უდიდესი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ყველაზე ღირსეული მსახურება. საზოგადოება თქვენ განდობთ ყველაზე მთავარ საგანძურს ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ, უმთავრეს ეროვნულ ღირებულებებს უნერგავთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი
„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამავდროულად ვალდებულებაა, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენს მიერ ახლახან დაანონსებულ განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ სხვა არაერთ ნაბიჯთანერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უდიდესი ამაგის მოკრძალებული აღიარებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს, სამინისტროს ინიციატივით, ეს აღიარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ეროვნული პრემიის ათი ლაურეატის გარდა, ჩვენ გამოვავლინეთ და ადგილზე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პედაგოგმა, დედაქალაქში თუ რეგიონში, იგრძნოს სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა. დღეს ეროვნული პრემიის ლაურეატებს ასევე გადაეცემათ სამკერდე ნიშანი, რომელზეც გელათის აკადემიის სიმბოლოა გამოსახული. ეს სიმბოლო ძალიან ზუსტად ასახავს თქვენს მისიას – თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებლები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი. კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და ახალ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად, ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეოცე კვირას, ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ თუ არა სახარების მიხედვით, რადგან წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.
დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ, რომელსაც თავად მაცხოვარი განმარტავს და ბოლოს დასძენს ასეთ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18); იგულისხმება, როგორ ისმენთ წმინდა წერილს. მაცხოვრის ეს გაფრთხილება არ არის ამაოდ ნათქვამი, ვინაიდან ხშირად გვგონია, რომ ვისმენთ წმინდა წერილს და გვესმის ის. შეიძლება, ყურით ვისმენთ და გონებითაც ვიმახსოვრებთ ზოგჯერ, მაგრამ მიდის თუ არა ის ჩვენს გულამდე და ვცხოვრობთ თუ არა სახარებით, აი, ეს არის მთავარი, რადგან წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს.
რამდენი ადგილია წმინდა სახარებიდან, რომელიც გვიყვარს, კარგად ვიცით, მაგრამ ხომ არ მოხდება ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დადგება ჩვენი სამსჯავროს დღე, რომ ჩვენთვის ეს აღმოჩნდება სამხილებელი?! არა იმიტომ, რომ ვკითხულობდით და არ გვესმოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ გვესმოდა, მაგრამ არანაირად არ ვიცხოვრეთ სახარების მიხედვით. აი, ამაზე გვაფიქრებს დღეს ეს იგავი.
რამდენჯერ ყოფილა, ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც მოგვისმენია წმინდა წერილი, რომელმაც თითქოს დაგვაფიქრა, აგვაღელვა კიდეც, მაგრამ სულ ერთ წამში, ჯერ კიდევ ტაძრიდან გასვლამდე გაგვიტაცა ამაო მეტყველების, ამაო საზრუნავების რაღაც ნაკადმა და იმ ყლორტისგან, რომელიც ჩვენში უნდა გაზრდილიყო და ნაყოფი გამოეღო, არაფერი აღარ რჩება და დავცარიელდით, იმიტომ რომ ქარივით წაიღო ჩვენგან, მოგვტაცა ღვთის სიტყვა, ამ უქმმეტყველებამ და ამაო საზრუნავებმა.
ამიტომ უნდა დავუფიქრდეთ უფლის ამ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18). სასჯელად ან დასასჯელად ხომ არ ვისმენთ წმინდა წერილს? აბა, მაშ, თუ ასე არა, როგორ, საცხონებლად ვისმენთ?
ეს იგავი გვაფიქრებს, თუ ვინ ვარ მე, როგორი ნიადაგი ვარ, რომელიც ნახსენებია ამ იგავში; სად ვარდება ეს თესლი – ღვთის სიტყვა; გზის პირას, სადაც ფრინველები აკენკავენ და ქარი წაიღებს, თუ სხვადასხვა ხილული თუ უხილავი მტერი მოგვტაცებს? თუ ქვიან ნიადაგში ვარდება, სადაც უწყლობისა და ნიადაგის სიმწირის გამო მალე გახმება? თუ ეკლიან ნიადაგში, სადაც ეკალ-ბარდი იზრდება, რომელიც მოაშთობს ამ თესლს და ნაყოფი ვერ ასწრებს დამწიფებას? თუ კეთილ ნიადაგში ვარდება და გამოიღებს კარგ ნაყოფს? მაშ, რომელია ჩვენი ნიადაგი?
შეიძლება ითქვას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ალბათ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა დროს აქ ჩამოთვლილი ოთხივე ნიადაგი ვართ ხოლმე. ამ იგავის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აღძრას ჩვენი სინდისი, გააღვიძოს ჩვენი ცნობიერება და მოგვანდომოს, გვიბიძგოს, ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად, ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცთმოყვარებით, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე განმარტებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ლოცავენ შემდეგ გვარებს: გვარმიანებს, გვარლიანებსა და გვარამიებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერის გადაუდებელი დროებითი შეკეთების სამუშაოები.
უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2025 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან 29 ოქტომბრის 15:00 საათამდე პერიოდში, აღნიშნული სახიდე გადასასვლელის მარცხენა სამოძრაო ზოლზე (სარფი–ფოთის მიმართულება) შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში, სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზის გამოყენებით.
„მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე, 2025 წლის 29 ოქტომბრის 15:00 საათიდან 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე, შეიზღუდება მოძრაობა მარჯვენა სამოძრაო ზოლზე (ფოთი–სარფის მიმართულება). აღნიშნულ პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის და გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, გადაადგილებისას გაითვალისწინოთ აღნიშნული დროებითი შეზღუდვები და სათადარიგო მარშრუტები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემოდგომაზე, ამ მიმართულებით კონტროლს ამკაცრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
გარემოს დაბინძურების შემცირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება - გივი მიქანაძე
- თბილისში, კორპუსის მეშვიდე სართულიდან ბავშვი გადავარდა
- სწრაფი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და რესტორნებში პლასტიკური ბოთლებით სასმლის გაყიდვა აიკრძალება - სამინისტრო
Page 102 of 133
