სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დილიდან მიმდინარეობდა. ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო. სამების ტაძარში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსიდან და დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- Details
- By რუსა ხავთასი
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედაეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედაეკლესიას.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედაეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია, შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითიც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელთაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვით. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედაეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედაეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, მახსენდება კიდევ ეს სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან: „გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის ვენახში“. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედაეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- Details
- By რუსა ხავთასი
ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას – დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.
„დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს – არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას.
ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება, პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს. თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი საქართველო გააცოცხლა?! თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა?! ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით.
უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვნეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა – ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ! უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას – მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ… ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი, ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერ შვილებად, მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს – ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.
უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის… ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი…““, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
- Details
- By რუსა ხავთასი
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, მეფე ჩარლზი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, მორწმუნეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გლოვობს პატრიარქის გარდაცვალებას.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთანწარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს. გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
- საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ
- საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
- ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა
Page 12 of 133
