კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ილია მეორის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.
ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- Details
- By რუსა ხავთასი
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. სამებაში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს.
სამებისკენ მიმავალ გზაზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, გადაწყდა, რომ დღესაც, წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ამასთან, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადასვენების დროს დერეფნის გასწვრივ, ორივე მხარეს განლაგდნენ.
მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად სიონის ტაძარშიც დილიდან იკრიბებიან. სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, სამების ტაძარი 22 მარტს 02:00 საათიდან 08:00 საათამდე დაიკეტება, კვირა დილის 08:00 საათიდან კი ტაძარში დაშვება მხოლოდ საგანგებო საშვების საშუალებით მოხდება.
„ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს, დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სტანდარტები.
კვირას, დილის 08:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.
წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა, დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, – ნათქვამია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.
პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).
მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ ერთობლივად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
“21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:
თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);
რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;
რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;
მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;
ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;
ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო „მეტეხიდან" მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით;
ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.
ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:
სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;
კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;
ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულები.
ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება - საპატრიარქო
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- "ილია მეორე გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში..." - რომის პაპი
- მეხანძრე-მაშველებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
Page 13 of 133
