22 მარტს, სავარაუდოდ, მთავარი წირვა აქ შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკრძალვამდე მრევლს 24 საათის განმავლობაში ექნება სამებაში მისვლისა და უწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა.
„კიდევ ერთხელ მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების გამო. მოგეხსენებათ, კვირას მოხდება დაკრძალვა სიონის საპატრიარქო ტაძარში და მანამდე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, რომ მობრძანდეს. ძალიან კარგი იქნება თუ მანქანის გარეშე წამოვლენ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ, მანქანებით ვინც მოდიან. ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოვიდნენ და რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ, ერთ საათში ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის უწმინდესობასთან მიახლებას.
როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ბრძანდებოდა სამების საკათედრო ტაძარში, სწორედ იმ პრინციპით ხდება - ცენტრალური შესასვლელიდან ორ დიდ ნაკადად შედიან ადამიანები და ახლოს უწევთ მის უწმინდესობასთან მიახლება.
22 მარტს სავარაუდოდ მთავარი წირვა აქ შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა. მსოფლიო პატრიარქსაც ველოდებით და პროტოკოლით როგორც არის წესი, მსახურება ისე შესრულდება“,- განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
მან პატრიარქთან ურთიერთობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი მღვდლად კურთხევა სწორედ უწმინდესის ინიციატივა იყო.
„ბევრი კარგი რამ შემიძლია გავიხსენო და თავად უწმინდესის ინიციატივა იყო ჩემი მღვდლად კურთხევა, თავად უწმინდესმა თქვა, რომ მღვდლად უნდა ვეკურთხებინე და ეს დღე არის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული. ასევე, ერთი წელი იყო თითქმის გასული და დამიძახა ხარების დღესასწაულზე და არქიმანდრიტის წოდება მომანიჭა. მე მიხარია, რომ მასთან ურთიერთობა მქონდა წლების განმავლობაში.“- განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 12 მარტს მიიღო დადგენილება, რომელიც შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ერთიან წესს და ვადებს განსაზღვრავს. დადგენილების მიხედვით, ქვეყანაში შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც აისახება ინფორმაცია ძაღლებისა და კატების შესახებ, მათ შორის - მეპატრონეების, მიმკედლებლებისა და ცხოველთა გადაადგილების შესახებ. ბაზას მართავს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ახალი წესებით, ცხოველის მეპატრონეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. იდენტიფიკაცია განხორციელდება მიკროჩიპის ან საყურე ნიშნით. რეგისტრაცია სავალდებულოა როგორც საკუთრებაში მყოფი, ისე მიკედლებული ცხოველებისთვის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მეპატრონეებმა არსებული ცხოველები უნდა დაარეგისტრირონ 2027 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ახალი ცხოველის შემთხვევაში რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს დაბადებიდან 30-60 დღის ვადაში ან მისი შეძენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
დადგენილება ასევე ავალდებულებს ვეტერინარულ დაწესებულებებს, თავშესაფრებსა და ცხოველებთან დაკავშირებულ სხვა ობიექტებს, გადაამოწმონ ცხოველის რეგისტრაციის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ მისი იდენტიფიკაცია.
მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზნად სახელდება ცხოველთა რაოდენობის აღრიცხვა, მეპატრონეების იდენტიფიკაცია, ასევე ცხოველების მიტოვების პრევენცია და უმეთვალყურეო ცხოველების კონტროლი.
დადგენილების ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ხოლო გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის მონაცემთა ბაზაზე წვდომის მოთხოვნა შესაბამისი უწყებების მხრიდან, უკვე ამოქმედებულია.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, მეუფე იობმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა.
ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში - პრემიერი
- საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- მსოფლიო ეკლესიების სამძიმრის წერილები
- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო - აშშ-ის საელჩო
Page 16 of 133
