მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) 10:00 საათზე წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.
სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი ზეიმით შეეგება. ისინი მაცხოვარს საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ და გალობდნენ: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.
მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
- Details
- By რუსა ხავთასი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოავლინეს, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
მათივე განცხადებით, ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1 000 ერთეული ტოტი. ფაქტზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა.
კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შესაბამისი უწყებების ეფექტიანი მუშაობისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად, წლიდან წლამდე მცირდება ბზის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შემთხვევები. ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძირითადად ერთეული ფაქტები ფიქსირდება, ხოლო მოქალაქეები სულ უფრო ხშირად არჩევანს კანონიერად მოპოვებულ ბზაზე აჩერებენ.
ბზის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გასცემს.
- Details
- By რუსა ხავთასი
მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
ლაზარეს შაბათს სრულიად საქართველო ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს. იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს მიხედვით, „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!“.
- Details
- By რუსა ხავთასი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო სახელმძღვანელოს, რომელიც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ეფექტიანად დაგეგმონ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, ისე რეგისტრაციის ეტაპები.
მათივე ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს აბიტურიენტებისთვის აუცილებელ და დეტალურ ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ.
„მასში გაერთიანებულია გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა და ეტაპები, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესები და რეკომენდაციები, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისა და მიმდინარეობის საკითხები, შედეგების გამოქვეყნების წესი, აპელაციის პროცედურა და უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც აბიტურიენტებს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში. ცნობარში დამატებით ასახულია ინფორმაცია თითოეული საგნისთვის განსაზღვრული კოეფიციენტების, კომპეტენციის მინიმალური ზღვრის, სწავლის საფასურისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და რეგისტრაციის, საგამოცდო პროცესის ყველა ეტაპი შესაბამისად დაგეგმონ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს:
„2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
თავის მისასალმებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწევნა ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთის სათნოდ წარსამართებლად.
სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის სხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები:
ა) საპატრიარქო კანდიდატების (სამი კანდიდატი) გამორჩევის წესი (სამუშაო ვერსია);
ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები (სამუშაო ვერსია);
გ) დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას.
საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს:
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).
წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:
1. წმინდა სინოდმა შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოავლინოს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად.
2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
3. კომისიების წევრი მღვდელმთავრების სია:
ა) ხმის დამთვლელი კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
კომისიის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
ბ) სამანდატო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
კომისიის წევრები:
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
გ) სარედაქციო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
კომისიის წევრები: ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
4. წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად“, - ნათქვამია სინოდის ოქმში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- რომელ ქალქებში/უბნებში ამოქმედდება პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის საპილოტე რეჟიმი?
- 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ - გაფრთხილება
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა
- საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
Page 1 of 132
