შიდა ქართლში ალკოჰოლურ სასმელებს BELUGA-ს, GREY GOOSE-ს, CHIVAS REGAL-ს არალეგალურად აწარმოებდნენ - დაკავებულია 7 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).

ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.

ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ვაგრძელებთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების წარმოებას ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაიამ.