ამხანაგობა "რუსთავი 2007"-ის ₾1.3 მლნ-ს ღირებულების ქონების მითვისებისთვის დაკავებულია ერთი პირი - პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება ბინათმშენებლობის ამხანაგობა „რუსთავი 2007“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად მითვისებას, რომლის საბაზრო ღირებულება 1 321 400 ლარს შეადგენს.

უწყება წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამხანაგობის ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამზადა ყალბი დოკუმენტები – კერძოდ, კრების ოქმები, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა.

„ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე ბრალდებულმა მოახერხა 641.20 კვ.მ. საცხოვრებელი და კომერციული ფართების თაღლითურად დაუფლება. საუბარია დიდ ოდენობაზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსით მძიმე დანაშაულად ფასდება,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებას საფუძვლად უდევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი – თაღლითობა დიდი ოდენობით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაემუქრება.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. მათივე ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო სხვა მონაწილე პირთა იდენტიფიცირებისა და საქმის მასალების დამატებით შესწავლის მიმართულებით.

უწყება არც ამ შემთხვევაში წერს, პირის ვინაობას.