არასწორი დეკლარირება და თაღლითობა - ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა კიდევ ერთ საქმეზე შეეფარდა

ვანის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბიჭიკო პაიკიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს კიდევ ერთ საქმეზე შეეფარდა. აღნიშნული დაკავშირებულია შპს B.P. TRANS-ის საქმესთან, სადაც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებას ედავებიან, რომელზეც ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4.1 მლნ ლარის მითვისებისაც ედავებიან, რის გამოც, აღკვეთის სახით ამ საქმეზეც პატიმრობა გამოიყენა სასამართლომ. პაიკიძე ამ ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფება. მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ პაიკიძეს საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა მას პასპორტი გამოძიებამ გაუუქმა.

პატიმრობა შეუფარდეს ასევე კომპანიას ხელმძღვანელ თურქეთის მოქალაქეს. გამოძიების ინფორმაციით, კომპანიამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ტენდერებში, მათ შორის საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პროექტებში, და სისტემატურად არასწორად დეკლარირებდა გადასახადებს.

"კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ხელმძღვანელი პირები საქმიანობის განხორციელებისას და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

შემოწმების შედეგად გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 1 423 887.91 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 673 742 ლარი, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 218 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, კომპანიის მეორე ხელმძღვანელზე კი, რომელსაც საქართველო დატოვებული აქვს, ძებნა გამოცხადდება. თუმცა, მაშინ საგამოძიებო უწყებას არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმალვაშია ბიზნესმენი და ვანში საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანიამაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაც. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. არსებული ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.