ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პოლიციას აგინა

დღეს, 1 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათ პროვოცირებას შეეცადა.

მან ჯერ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, როცა აქციის მონაწილეებმა მისი აქციიდან გარიდება სცადეს, სხვებსაც.

აქციის მონაწილეებმა მიმართეს პოლიციას, რომელიც ბათუმში ყველა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას იმყოფება აქციასთან ახლოს. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, აღნიშნულმა პირმა დაკავებისას პოლიციელებსაც აგინა. მოქალაქე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-166-ე მუხლებით დააკავეს – პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა.